"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" აქვეყნებს ანგარიშს სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთისა და აჭარის თვითმმართველობებში, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სამინისტროებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ.
კვლევა 2014 წლის პირველი იანვრიდან მაისის ჩათვლით გაცემულ თანხებს ეხება, იმერეთის შემთხვევაში წარმოდგენილია 2014 წლის პირველი იანვრიდან მარტის ჩათვლით გაცემული პრემიების მონაცემები.
რადგან კვლევა 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით ჩატარდა, აქედან გამომდინარე, გურიის გუბერნიის ივნისში გაცემული პრემიის შესახებ ინფორმაცია არ არის შესული.
არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიუხედავად არაერთი რეკომენდაციისა და გამოქვეყნებული კვლევებისა, სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა. გრძელდება ცუდი პრაქტიკა და პრემიები შესაბამისი დასაბუთების გარეშე გაიცემა.
ვინ არის გურიაში პრემიით დახუნძლული
"საერთაშორისო გამჭირვალობა საქართელოს" ინფორმაციით, გურიის მხარის მუნიციპალიტეტებში 2014 წლის პირველ ხუთ თვეში პრემიის სახით ჯამში 580 ათას ლარზე მეტი გაიცა, ყველაზე მეტი მოცულობით პრემია გაიცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში – 205 თანამშრომლეზე 262 875 ლარი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 210 თანამშრომლეზე 103 097 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კი 191 თანამშრომლეზე 214 060 ლარი. გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში პრემია არ მიუღიათ. ლანჩხუთის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიგინეშვილმა 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პრემია ორჯერ, ჯამში 5300/5300 ლარი აიღეს. ამავე პერიოდში იგივე ოდენობის პრემია მიიღეს ჩოხატაურის გამგებელებმა თამაზ ჯინჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ანტონ ხუნდაძემ.
რეკომენდაციები საჯარო უწყებებს
მიმდინარე წლის 26 ივნის საქართველოს მთვრობამ მიიღო დადგენილება საჯარო უწყებებში პრემიების გაცემის წესის დარეგულირების შესახებ. თუმცა აღნიშნული წესი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე არ გავრცელდება. სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ განაცხადა, რომ არის რეკომენდაცია, რომ მათაც მიიღონ შესაბამისი დადგენილება პრემიების წესის შესახებ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" პოზიციით ხელისუფლების ასეთი მიდგომა არასწორია. პრემიების გაცემის წესი არა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, არამედ კომპლექსურად – ყველა საჯარო უწყებაზე, მათ შორის ადილობრივ თვითმმართველობაზეც უნდა გავრცელდეს. საკითხისადმი არაუნიფიცირებული მიდგომა გამოიწვევს ფინანსური რესურსების მართვის სხვადასხვა პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რაც პრემირებისა და დანამატების გაცემის არსებულ სისტემას უფრო გაუმართავს გახდის.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მიმართავს საქართველოს მთავრობას აღნიშნული წესი გაავრცელოს ადგილობრივ თვითმმართველობებზეც. თუკი აღნიშნული რეკომენდაცია არ იქნა მთავრობის მიერ გათვალისწინებული მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტებს გაითვალისწინონ მთავრობის რეკომენდაცია და უახლოებს ხანებში, თვითონვე დაარეგულირონ პრემიის გაცემის წესი – ამ მიზნით ადგილობრივ ხელისუფლებას ვთავაზობთ კონკრეტულ მექანიზმს საჯარო მოხელეთა და თანამდებობის პირთა პრემირების სისტემის მოსაწესრიგებლად.
დაწესდეს საჯარო მოხელეთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების კრიტერიუმები, რათა მოხელეზე გაცემული პრემია მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის შესაბამისი იყოს
მოხდეს მხოლოდ იმ თანამშრომელთა წახალისება, რომლებიც გამორჩეულად კარგად ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს. გადაწყვეტილება პრემირების შესახებ უნდა მიიღებოდეს ინდივიდუალურად, თითოეულ მოხელეზე
პრემირების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, დასაბუთებული საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ საჯარო მოხელეთა პრემირების გადაწყვეტილებების განსაჯაროება
ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხლეებზე და თანამდებობის პირებზე პრემია გაიცეს წელიწადში მაქსიმუმ სამჯერ.
ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი მეთოდით პრემიის გაცემის დარეგულირება მნიშვნელოვანწილად მოაგვარებს არსებულ მანკიერ პრაქტიკას და ამავდროულად ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ფინანსური რესურსების ეკონომიასა და ხარჯვის გამჭვირვალობას.