არასამთავრობო ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლე"-ს დამფუძნებელი იური ვაზაგაშვილი, ადვოკატებთან – გაგი მოსიაშვილთან და მერაბ ჩიქოვანთან ერთად, მოკლული ზურა ვაზაგაშვილის საქმეში პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და პროცესში უცხოელი კონსულტანტების ჩართვის აუცილებლობას ხედავენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით მათ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელეს.
"ჩვენ ვიცით, რომ პროკურატურის მიერ მოწვეულია უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი, რაც მისასალმებელია და იმედია საქართველოში დამკვიდრდება სამართლიანობა. ხალხი დღემდე თხოულობს ახალი ხელისუფლების დანაპირების ასრულებას, მაგრამ ის დამნაშავე პირები დღესაც მაღალ თანამდებობებს იკავებენ და ეს დაზარალებულ ადამიანებს საშინლად აღიზიანებთ.
ჩვენ, დაზარალებული და შვილმოკლული ადამიანების ჯგუფი, ვითხოვთ ამ უცხოელ ექსპერტებთან შეხვედრას და მასალების გადაცემას, გვიერთდებიან პოლიტდევნილები და უკანონო პატიმრები.
ჩვენ მთავარ პროკურატურას არ ვენდობით, ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ მათგან, რომ უზრუნველყონ ამ ჯგუფის და უცხოელი ექსპერტების შეხვედრა.
დადგა მომენტი, როცა შეგვიძლია ევროპას ვამცნოთ როგორ უმოქმედოდ არის ხელისუფლება და ისევ ნავარდობენ დამნაშავე ჩინოსნები", _ ნათქვამია განცხადებაში.