საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესს ატარებს.
2014 წლის 29-30 მარტს ჩატარდა ელექტრონულ ტესტირება და ამჯერად, მათთვის, ვინც 60% -იანი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, გასაუბრების ეტაპი მიმდინარეობს.
2013 წელსაც ჩატარდა იგივე კონკურსი. მაშინ, დაახლოებით, 1000-მდე კანდიდატმა მიიღო სერთიფიკატი, თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, კონკურსის ბოლო ეტაპზე, რომელიც მათი სამსახურში აყვანის საფუძველი უნდა გამხდარიყო, სამინისტროს აღარ გამოუძახებია. შესაბამისად, დაუსაქმებლები არიან და სხვები, რომლებიც ჩაიჭრნენ გამოცდებზე, ისევ აგრძელებენ სკოლაში დირექტორად მუშაობას.
"ტესტირება გავიარე 2013 წლის აგვისტოში. შემდეგ გასაუბრების ეტაპი გადავლახე. 983 – მა ავიღეთ სერთიფიკატი მინისტრის 6 თებერვლის ბრძანებულებით, მას შემდეგ არაფერი ძვრა არაა. დირექტორები, რომლებიც გამოცდებზე ჩაიჭრნენ, ისევ აგრძელებენ საქმიანობას და ჩვენ, რომლებსაც სერთიფიკატი უკვე გვაქვს, ვართ დაუსაქმებლები. მესამე ეტაპი კი რომელიც სამინისტროს უნდა ჩაეტარებინა, იგვიანებს და მაინტერესებს რატომ? ჩაჭრილი დირექტორი რატომ აგრძელებს მუშაობას და რატომ იღებს ხელფასს, ეგეც მაინტერესებს! თუ დირექტორს უტარებ გამოცდას და იჭრება, მაგრამ ის მაინც აგრძელებს მუშაობას, მაშინ ისმება კითხვა, მაშინ ამ დირექტორს აქვს საერთოდ სკოლებში გამოცდების ჩატარების და ატესტატების გაცემის უფლება?
მესმის, რომ საქართველოში არსებული 2000-მდე საჯარო სკოლისთვის 983 სერთიფიცირებული დირექტორი არ კმარა და სხვებიც უნდა შეირჩნენ ახალი გამოცდების შედეგად, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ჩანაცვლება? ამასობაში ჩვენს სერთიფიკატებს გასდის ვადა. თავი დავანებოთ სერთიფიკატს, ბავშვების უფლებები ხომ ირღვევა?
ვრეკავთ განათლების სამინისტროში და პასუხს არ გვცემს არავინ. ამბობენ, რომ მესამე ტური აუცილებლად დაინიშნება, მაგრამ ჩვენც გვაქვს უფლება, ვიცოდეთ როდის, რა უნდა წარვადგინოთ", _ ამბობს ხათუნა იაკობაშვილი, რომელსაც სახლში დირექტორის სერთიფიკატი უდევს და სამსახურს ელოდება.
მეცნიერთა და პედაგოგთა პროფკავშირების პრეზიდენტის მაია კობახიძის თქმით, სანამ ახალი დირექტორების შერჩევა არ დასრულდება, მანამდე დალოდება მოუწევთ სერტიფიცირებულებს:
"დირექტორები არიან დამსაქმებლები და ისინი ჩვენი წევრები არ არიან. ჩვენს ინტერესშია ჩვენი წევრების უფლებების დაცვა, თუმცა ბევრმა ჩვენმა წევრმა მასწავლებელმა ჩააბარა დირექტორობის გამოცდები და რა თქმა უნდა, ვიცავთ მათ უფლებებს, მაგრამ ახლა მიმდინარეობს გასაუბრების მეორე ეტაპი და ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვაკეთებთ. ველოდებით მეორე ეტაპის დასრულებას", _აცხადებს კობახიძე.
განათლების სამინისტროში ზუსტი თარიღი არ იციან, როდის დაასაქმებენ სერტიფიცირებულ დირექტორებს, თუმცა ამბობენ, რომ სანამ ახალი კონკურსი არ დასრულდება, ეს ვერ მოხერხდება:
"დირექტორებმა უკვე გაიარეს ტესტირების გამოცდები, ახლა კი არიან გასაუბრების ეტაპზე. შემდგომი ეტაპი იქნება ის, რომ მათ აირჩევს სკოლა. 2013 წელს გამოცდაჩაბარებულები და ახლა ვინც მიიღებს სერთიფიკატს, ერთდროულად დასაქმდებიან. ახლა უნდა დასრულდეს გასაუბრების ეტაპი და სკოლებში, სამეურვეო საბჭოები, თვითონ აირჩევენ დირექტორებს. ეს არ მოხდება მანამდე, სანამ გასაუბრების ეტაპი არ დასრულდება", _ აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.