“მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ საინტერესო ფაქტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2009 წლის 6 ივლისს, საღამოს შვიდ საათზე, გლდანის მე-8 საპყრობილის ჯურღმულებში. სწორედ ამ კედლებში და ამ დღეს მე გამომიტანა განაჩენი _ მინიმუმ, 20-წლიანი თავისუფლების აღკვეთა და მაქსიმუმ, ფიზიკური ლიკვიდაცია _ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ,“ – ასე მიმართა 2010 წლის 29 იანვარს სასამართლოს დასკვნითი სიტყვით ვახტანგ მაისაიამ, რის შემდეგაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ვახტანგ მაისაია ჯაშუშობის ბრალდებით 2009 წლის 5 მაისს დააკავეს და ბრალი 314-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დასდეს, რაც უცხო ქვეყნებისთვის ინფორმაციის გადაცემასა და სახელმწიფოსთვის ომის პერიოდში ზიანის მიაყენებას გულისხმობს. ვახტანგ მაისაია თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. მან საპყრობილე ხელისუფლების შეცვლის შედეგ, 2013 წლის 13 იანვარს დატოვა, როგორც პოლიტიკურმა პატიმარმა. ვახტანგ მაისაია 2004-2008 წლებში ნატო-ს საქართველოს დიპლომატიურ მისიაში მრჩევლად მსახურობდა. ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, სამხედრო სფეროსთან დაკავშირებით მედიაშიც ხშირად აკეთებდა ექსპერტულ კომენტარებს.
ჯერ კიდევ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევებამდე, ოპოზიციაში მყოფი “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, საჯაროდ ხშირად საუბრობდნენ მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და ხელისუფლების მხრიდან კერძო საკუთრების ხელყოფაზე. კოალიციის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, სწორედ ”სამართლიანობის აღდგენა”იყო.
საქართველოში მართლმსაჯულების ხარვეზებზე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგიც მიუთითებდა თავის 2011 წლის დასკვნაში. ჰამარბერგი აღნიშნავდა, რომ ბოლო წლებში, სისხლის სამართლის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების, განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებელი იყო. კერძოდ, 2010 წლისთვის პირველი ინსტანციის თბილისის საქალაქო სასამართლოში – 0.04%. გაეროს სამუშაო ჯგუფი კი 2011 წლის ანგარიშში ყურადღებას ამახვილებდა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტზე:
“დაკავებულები უარს ამბობენ სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლებაზე …თვლიან, რომ გამამართლებელი განაჩენის დადგომის შესაძლებლობა ძალიან მცირეა და ისინი დგანან ხანგრძლივი პატიმრობის საფრთხის წინაშე სასჯელაღსრულების სიტემაში, რომელიც საყოველთაოდაა ცნობილი პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობით,“ _ ნათქვამია ანგარიშში.
ოფიციალური მონაცემებით, 2004 წლიდან მოყოლებული საპროცესო გარიგება გამოიყენებოდა სისხლის სამართლის საქმეთა სრული რაოდენობის 90%-ში. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში 2009 წელს 8 040 392.81 ლარი შევიდა, 2010 წელს _ 42 361 459.28, 2011 წელს _ 51 009 723.78, 2012 წელს კი _ 38 627 586.89 ლარი.
მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების ოდენობამ კი 2004-2007 წლებში 137 837 077 ლარი და 6 003 080 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2008-2012 წლებში _ 5 565 756,73 აშშ დოლარი და 25 338 041,86 ლარი.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, იუსტიციის სამინისტრო მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. გაპრემიერებული ბიძინა ივანიშვილი კი აცხადებდა, რომ პროკურატურასთან რიგები დადგა:“მთავარ პროკურატურაში უამრავი განცხადებაა შესული, უამრავი დაზარალებულია… მათი განხილვა თითქმის უსაშველო იქნება. როდის მოერევა ამდენ საქმეს სასამართლო?!“_ აცხადებდა პრემიერ-მინისტრი.
ვახტანგ მაისაია ერთ-ერთია იმ 20 ათასამდე განცხადებელს შორის, რომელმაც პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართა. მისი თქმით, ის პირადად შეხვდა მაშინდელ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს, რომელმაც განუცხადა, რომ კომისიის შექმნას დალოდებოდა. “ასევე მითხრა, რომ შემეძლო სარჩელი შემეტანა სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ კატეგორიულად მირჩია, რომ ეს არ გამეკეთებინა, რადგან სასამართლო მიიღებდა იგივე გადაწყვეტილებას, რაც წინა სასამართლომ მიიღო,“ _ აცხადებს მაისაია.
თუმცა, 2013 წლის 28 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესაქმნელად ეკონომიკურად მზად არ იყო. “მთავრობის წევრებმა მიიჩნიეს, რომ, მართალია, მართლმსაჯულების ხარვეზების კომისიის შექმნას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ თუკი ადამიანი გამართლებულად იქნება მიჩნეული, მას უჩნდება, რა თქმა უნდა, უკვე მატერიალური მოთხოვნის დაყენების უფლება სამოქალაქო წესით სასამართლოებში და ამისთვის დღეს ჩვენი ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა მზად არ არის,” _ განაცხადა მინისტრმა.
მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საპყრობილეებში მღელვარება მოჰყვა. 2013 წლის დეკემბერში საკუთარი საქმეების ხელახალი გამოძიების მოთხოვნით უკვე 1032 პატიმარი შიმშილობდა. ამავე მოთხოვნით თვრამეტმა მათგანმა პირი ამოიკერა. არასამთავრობო სექტორმა კი ხელისუფლებას კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვისკენ მოუწოდა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა სახელმწიფოს ფუნდამენტური ვალდებულებაა, და ამაზე აცხადებს სახელმწიფო უარს:
„სახელმწიფო ამბობს, რომ შეიძლება იმდენად ხარვეზიანი მართლმსაჯულება გვქონდა ჩვენ, რომ შეიძლება ადამიანები დღესაც ციხეში ისხდნენ, მაგრამ ვინაიდან ფული არ არის, ვერ დაადგენს, ეს ადამიანები მართლაც დამნაშავეები არიან თუ არა.“
მისივე თქმით, არსებობს მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია, რომ კომპენსაციების გაცემა, მხოლოდ სახელმწიფოს არ დააწვეს და არგუმენტად სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, თუკი გამოვლინდებიან ის სახელმწიფო მოხელეები, რომლებმაც განზრახ ან უხეში გაუფრთხლებლობით გამოიწვიეს ადამიანის უფლების დარღვევა, სახელმწიფოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სოლიდარულად მათაც ეკისრებათ. კოჟორიძის თქმით, მათი გამოვლენისთვის აუცილებელია საქმეების ხელახალი გამოძიება. კოჟორიძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ასევე შეუძლია ვალად აღიაროს კომპენსაციები: “გრძელვადიანი გეგმა გაიწეროს და ყოველწლიურად იყოს გადახდილი თანხის ის მოცულობა, რასაც ბიუჯეტი დასძრავს“.
განსხვავებული შეხედულება აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამარ კორძაიას. მისი თქმით, როდესაც ხელისუფლებაში ხარ, ძალიან რთულია მიიღო ვალად აღიარების გადაწყვეტილება: “სასწორზე დგას ორი რამ, მინდა ვიყო ღირსეული ხელისუფლება დღეს, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია, მაგრამ ამავე დროს ჩვენი პასუხისმგებლობაა ისიც, რომ მომავალ თაობებს იმდენი ვალი არ დავუტოვოთ, რომ ქვეყანა ვერ გამოვიდეს მდგომარეობიდან და რეალურად არ აშენდეს დემოკრატია,“ _ განმარტავს კორძაია. ამასთანავე, კორძაია ეხმაურება მოსაზრებას, რომ ზოგიერთ პირს შესაძლოა მხოლოდ ფულადი კომპენსაცია არ აინტერესებს და სიმართლის გარკვევა სურს. “თუმცა აქ ზღვარის გავლება ძალიან რთულია. როდესაც ადამიანს ეტყვი, რომ შენ რეალურად უსამართლოდ და უკანონოდ იყავი მისჯილი ან წაგერთვა ქონება, ამის მერე ვერაფრით შეუზღუდავ ადამიანს ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას,“ _ აცხადებს კორძაია.
საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნის გადავადებით, ხელისუფლებამ დაკარგა ყველაზე მთავარი, რაც მას გააჩნდა _ დრო, რაც გავიდა. “ამ დრომ შეცვალა მთელი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გარემოც ამ საკითხთან დაკავშირებით; ამიტომ ახლა რთულად მეჩვენება ამ პროცესის სრულყოფილად წარმართვის შესაძლებლობა,“ _ აცხადებს კახიშვილი.
მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გარეშე, დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, გასულ წლებში განაჩენ დამდგარ საქმეებზე, სასამართლოსთვის მიმართვის ერთადერთ მექანიზმს ახლადაღმოჩენილი გარემოება წარმოადგენს. თუმცა, იურისტი გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია პროკურატურაში შესულ ყველა საქმეზე არსებობდეს ახალი გარემოება. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ პირი აცხადებს, რომ კონკრეტული ჩვენება მისცა მუქარისა და ზეწოლის შედეგად, ან მიუთითებს იმაზე, რომ სამართალდამცავთა მხრიდან მოხდა ნივთმტკიცებულების ჩადება, შეუძლია მიმართოს საგამოძიებო უწყებებს, და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ეს შეიძლება გახდეს ახალი გარემოება სასამართლოში მიმართვისთვის.
არსებულ ვითარებაში საქმის ხელახალ გამოძიებას სკეპტიკურად უყურებს კახი კახიშვილი და ამბობს, რომ სასამართლოსა და საგამოძიებო უწყებებში დღემდე რჩებიან ის პირები, რომლებიც თავის დროზე აღნიშნულ საქმეებთან შემხებლობაში იყვნენ:“რა თქმა უნდა, ეხლა ეცდებიან, რომ ვერ დაადგინონ, ან არ დაადგინონ, როგორც პროკურატურაში ისე იქ [სასამართლოში] ახალი გარემოება. როგორ შეიძლება დღეს ახალ გარემოებასთან დაკავშირებული განცხადება განიხილოს იმ ადამიანმა, რომელსაც ჰქონდა შეხება ამ საქმესთან?!“ _ აცხადებს კახიშვილი.
მაისაიამ წამებასა და არაადამიანურ პირობებში ყოფნასთან დაკავშირებით, თბილისის პროკურატურას 2013 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ მიმართა, რაც მისმა ადვოკატმა თამარ ავალიანმა, მოწმეები გამოკითხა და ჩვენებები პროკურატურას გადასცა.
მაისაიას თქმით, საქმეში დევს კონკრეტული მტკიცებულებები, ფოტოები, რომელიც თავის დროზე სად-ის ექსპერტმა გადაიღო და ექსპერტის დასკვნაც: “გლდანის მერვე საპყრობილის თანამშრომლებიც კი ადასტურებენ, რომ ღამისეულ უკანონო დაკითხვებს ჰქონდა ადგილი და ამოცნობილიც არიან ეს ადამიანები. თუმცა, დღემდე რჩებიან მაღალ თანამდებობებზე და ზოგიერთი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი დაწინაურებულიც კია. ვალერი ზუმბაძე _ დღეს არის კონტრდაზვერვის საგამოძიებო სამსახურის უფროსი… ამაზე მეტი ცინიზმი მგონი არ არსებობს,“ _ აცხადებს მაისაია.
დღემდე რჩებიან თუ არა საგამოძიებო სტრუქტურებში პირები, რომლებმაც შესაძლოა უკანონო გადაწყვეტილებები მიიღეს? ამ კითხვაზე უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია პასუხობს, რომ თუ საგამოძიებო სტრუქტურებში ვინმეს დაუდასტურდა, რომ უკანონო ქმედებას ახორციელებდა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. კითხვაზე, როგორ უნდა დადასტურდეს პასუხისმგებლობა ხელახალი გამოძიების გარეშე, იგი პასუხობს: “თუ ხელახალი გამოძიება არ ჩატარდება, ვერ დაუდასტურდება“ და აღნიშნავს, რომ, თუ ვერ დაუდასტურდა პირს უკანონო ქმედება, “ითვლება, რომ არ არის მიკერძოებული, კანონი არ დაურღვევია და ასე შემდეგ.“
საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის 5 დეკემბერს 215 პირი პოლიტპატიმრად და პოლიტიკური ნიშნით დევნილად ცნო, მათ შორის, ვახტანგ მაისაიაც. მაისაიას მიაჩნია, რომ თავად ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ იგი აღიარა პოლიტიკურ პატიმრად, ეს თავისთავად ახალი გარემოებაა და უნდა მოხდეს მისი საქმის ხელახალი გამოძიება. თუმცა, როგორც ის აცხადებს, არათუ გამოძიება არ ჩატარდა, მის საქმეს გრიფით საიდუმლოც არ მოეხსნა.
კოჟორიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პატიმარი არ არსებობს კონკრეტული პირების არასწორი გადაწყვეტილებების გარეშე: “შესაბამისად, კონკრეტულმა პირებმა დაარღვიეს კანონი _ პროკურორმა, გამომძიებელმა, ვინც პოლიტიკური მოტივით ადამიანები პასუხისგებაში მისცა. ვიღაცეებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, ამას ხომ გამოძიება უნდა?“ აქ რა შუაშია იმ პირების პასუხისგებაში მიცემის კუთხით ფინანსური პრობლემები?!“ _ კითხულობს კოჟორიძე და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ამ პირებისთვის თანამდებობების შენარჩუნება შემთხვევითი არ არის. “როდესაც იცი, რომ შენს ხელქვეითს დანაშაული აქვს ჩადენილი, შეიძლება არ დაინტერესდე მისი გამოძიებით იმ მოტივით, რომ მას მოთხოვო უსიტყვოდ დაემორჩილოს შენს ყველა მითითებას და ბრძანებას. თუ არ დაემორჩილება, „გაუცოცხლებ“ ადრე ჩადენილ საქმეებს,“_ აცხადებს კოჟორიძე.
უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია კი მიიჩნევს, რომ პოლიტპატიმრების რეაბილიტაციისთვის სახელმწიფომ საკმარისი ნაბიჯები გადადგა:“ამ შემთხვევაში, სახელმწიფომ თქვა, რომ მათ მიმართ არსებობდა დარღვევა და ამ გადაწყვეტილებით მათი რეაბილიტაცია მოახდინა. ისინი არ ითვლებიან ნასამართლობის მქონე პირებად, ისინი არიან უკვე პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირები და ამ ფორმით რეაბილიტირებულებ,“ _ ამბობს კორძაია.
მისი თქმით, პოლიტპატიმრად აღიარება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კონკრეტულ საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყოს: “პოლიტიკურ პატიმრად შეიძლება აღიარო იმიტომ, რომ პროცესუალური უფლებები იყო დარღვეული, რაღაცეები სათანადოდ არ გახორციელდა, მაგრამ ახლადაღმოჩენილი გარემოება და ის ფაქტი, რომ რაღაც მტკიცებულება არსებობს, რაც სრულად გააბათილებს ამ ყველაფერს, ასე არ არის,“ _ აცხადებს პარლამენტარი.
ხელისუფლების ცვლილებიდან ერთი თვის შემდეგ, იუსტიციის მინისტრის რანგში, თეა წულუკიანმა მოაქლაქეებს, რომლებსაც განაცხადი ჰქონდათ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი ან აპირებდნენ შეტანას, განუცხადა, რომ მათი საქმეები ქვეყნის შიგნით მოგვარდებოდა:
“ჩვენ, სახელმწიფო, ვართ აქ იმისათვის, რომ მათი კონკრეტული, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემა მოვაგვაროთ უფრო მოკლე ვადაში,”_ განაცხადა მინისტრმა და აქვე დასძინა, “რაც შეეხება მომავალ საქმეებს, პოტენციურ საქმეებს, რომლებიც შეიძლება შევიდეს ისევ სტრასბურგის სასამართლოში, ჩვენ შევთანხმდით, რომ ის სისტემური პრობლემები, რომელთა შესახებაც უკვე ჩვენთვის ცნობილია, აღმოვფხვრათ და ის საქმეები მოვაგვაროთ აქ, ქვეყნის შიგნით, მანამ, სანამ ისინი წავა სტრასბურგის სასამართლოში.“
თუმცა, ვახტანგ მაისაიას, სწორედ სტრასბურგის სასამართლოს იმედი აქვს. ის უახლოეს მომავალში გეგმავს სარჩელის შეტანას მის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით: “აქ უკვე გავიდა გამოძიების ყოველგვარი გონივრული ვადები,“ _ აცხადებს მაისაია. ეს ვახტანგ მაისაიას რიგით მეორე სარჩელი იქნება სტრასბურგის სასამართლოში _ სამართლიანი სასამართლოს მუხლის დარღვევის განაცხადით, მან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ჯერ კიდევ 2010 წელს, პატიმრობაში ყოფნისას მიმართა.
რა ბედი შეიძლება ეწიოს იმ საქმეებს, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევიდა პროკურატურაში? ამ კითხვაზე გაგი მოსიაშვილი პასუხობს: „არც არაფერი.“
მისივე თქმით, აღნიშნული განცხადებები დევს ისევ იქ, სადაც განმცხადებლებმა შეიტანეს: “პასუხი მისდით განმცხადებლებს უკეთეს შემთხვევაში, რომ შეიქმნება მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია და ის იმსჯელებს ამ საქმეზე; უარეს შემთხვევაში კი, პასუხი საერთოდ არ მისდით,“_ აცხადებს გაგი მოსიაშვილი.