_ საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურასთან დავაში მართალია, _ აცხადებს სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი, რომელიც ავტორია კანონისა სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის შესახებ.
_ ჩემი ახალგაზრდა კოლეგები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან ნაჩქარევ დასკვნებს აკეთებენ, როცა აცხადებენ, რომ პროკურატურის მიერ მედიისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ პრეზიდენტს კონკრეტულ საქმეზე გრიფით "საიდუმლოს" მოხსნის შესახებ წერილით მიმართა, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას არ წარმოადგენს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებად მიიჩნია პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმ საიდუმლო მიმოწერის თაობაზე, რომლითაც საგამოძიებო ორგანო პრეზიდენტს სთხოვდა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გრიფით საიდუმლო მოეხსნა სახელმწიფო დაცვის სამსახურის მასალებზე, _ ამბობს ალაფიშვილი.
მისივე თქმით, საიდუმლოებასთან დაკავშირებული სკანდალის უმთავრესი საკითხი არა პრეზიდენტთან კანონდარღვევით გასაიდუმლოებული მიმოწერა და ამ საიდუმლო მიმოწერის გასაჯაროებაა, არამედ ის რასაც ითხოვდა პროკურატურა.
_ პროკურატურამ დამაჯერებლად უნდა განმარტოს, რაში უშლის (უშლიდა) ხელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფინანსურ დოკუმენტაციაზე სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის არსებობა, _ ამბობს ალაფიშვილი. და, აი, რატომ:
ჩვენი კანონმდებლობით პროკურორსა თუ გამომძიებელს შეუძლიათ საიდუმლო დოკუმენტაციასთან მუშაობა და გამოძიების წარმოება. თუკი ეს საიდუმლო დოკუმენტაცია სისხლის სამართლის საქმეში მოხვდება დაცვის მხარეს (ბრალდებული და მისი ადვოკატი) საიდუმლო მასალების გაცნობამდე ხელწერილით აფრთხილებენ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისთვის პასუხისმგებლობაზე. სასამართლო განხილვისას მოსამართლეს აქვს ან ეძლევა დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე, ამასთან სახელმწიფო საიდუმლოების მასალების გამოქვეყნება-გამოკვლევისას სასამართლოს სხდომა, როგორც წესი, დახურულია. სასამართლოს განაჩენი, რომელშიც გამოყენებული იქნება საიდუმლო მასალები, შესაძლოა დახურული იყოს, შესაძლებელია მთლიანად განაჩენს ან მის ნაწილს მიენიჭოს სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი.
როგორც ვხედავთ, გამოძიებას ხელი არ შეეშლებოდა. მაშ რა გამოდის, რისთვის უნდოდა პროკურატურას გრიფის მოხსნა? იმისთვის ხომ არა, რომ გრიფმოხსნილი გამოძიების მასალები "შემთხვევით" მოხვდეს მედიაში ან სხვაგვარად გახდეს ხელმისაწვდომი? _ აცხადებს ალაფიშვილი.