„გურია ნიუსის“ სამსახურებრივი ავტომობილი საპატრულო ეკიპაჟმა 11 აგვისტოს, ოზურგეთში, 13 საათსა და 13 წუთზე გააჩერა. მიზეზად მოძრაობის წესები დარღვევა დაგვისახელეს. თუმცა, შესაბამისი მტკიცებულებები ვერ წარმოგვიდგინეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გურიის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მიმდინარე წლის 1 მაისს გახსნა.
ახლად „გასაღებულ“ ძველ შენობაში განთავსებულ დეპარტამენტს 11 ეკიპაჟი ჰყავს.
ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთსა და მის გარეუბნებს 6 ეკიპაჟი ემსახურება, ხოლო სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის მაგისტრალზე, კერძოდ, სამტრედია- ოზურგეთის და სამტრედია-ჩაქვის მონაკვეთებზე – 5 ეკიპაჟი მუშაობს.
როგორც საპატრულო პოლიციაში ამბობენ, ეკიპაჟების მუშაობის შედეგია ის, რომ გურულებს მშვიდად სძინავთ, თუმცა ასე არ ფიქრობენ მოქალაქეები, რომელთა თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კანონს ხშირად არღვევენ.
არასწორად გაჩერებული ავტომანქანები, ღვედის გარეშე მოსიარულე პოლიციელები _ ეს დღევანდელი რეალობაა, რომლის შესახებაც “გურია ნიუსმა“ არაერთი სტატია გამოაქვეყნა.
მიუხედავად კონკრეტული ფოტო სურათებისა, ვიდეოებისა, ფაქტებისა, სიტუაცია არ შეცვლილა.
როგორც წყაროები გვეუბნებიან, პატრული ხშირად უსამართლოდ წერს ჯარიმებს. ამას კატეგორიულად უარყოფენ საპატრულო სამსახურში და დასძენენ, რომ ისინი კანონს იცავენ.
თუმცა, ორი დღის წინ, ოზურგეთში მომხდარ შემთხვევას კანონთან რომ შეხება არ აქვს, ამას ჩვენს მიერ გადაღებული კადრები მოწმობს.
„გურია ნიუსის“ სამსახურებრივი ავტომობილი საპატრულო ეკიპაჟმა 11 აგვისტოს, ოზურგეთში, 13 საათსა და 13 წუთზე გააჩერა. მიზეზად მოძრაობის წესები დარღვევა დაგვისახელეს.
ჩვენს თხოვნაზე ეჩვენებინათ მტკიცებულება ასე გვიპასუხეს:
_ გადაღებულია!
თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, დარღვევის ფაქტი სხვა საპატრულო ეკიპაჟს ჰქონდა დაფიქსირებული, რომელთა განმარტებით, მტკიცებულებას მხოლოდ სასამართლოში წარმოადგენენ.
ეს ერთი კონკრეტული ფაქტი სადაო არ გახდებოდა, რომ არა ერთი უცნაური გარემოება _ პატრულს, ჯარიმის ქვითრის გამოსაწერად 50 წუთზე მეტი დასჭირდა.
_ ორი წუთიც და დავწერთ, ველოდებით, გავარკვევთ რაღაცას, _ ასეთი იყო პოლიციელთა პასუხი ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ აგვიანებდნენ ჯარიმის გამოწერას.
თითქმის ორმოცი წუთი, საპატრული პოლიციის თანამშრომლები ინსტრუქციებს ტელეფონით იღებდნენ და ჩვენს თხოვნაზე, დაეწერათ ჯარიმა და გავეშვით, ასე პასუხობდნენ: ორი წუთი!
ერთ საათად ქცეული ორი წუთი იმით დასრულდა, რომ ჯარიმის ქვითარი ამოწერეს _ ოღონდ მასში დარღვევის დროდ 13 საათი და 30 წუთია მითითებული, მაშინ როცა საპატრულო ეკიპაჟმა ჩვენი ავტომობილი 13 საათსა და 13 წუთზე გააჩერა.
ამ ამბავს ბევრი თვითმხილველი ჰყავს. როგორც იქ შეკრებილმა ადამიანებმა გვითხრეს, ასეთ ფაქტებს ადგილი ხშირად აქვს, თუმცა „პოლიციაა და ვერავინ ვერაფერს ეუბნება“.