მითი იმის შესახებ, რომ 2014 წლის მაისიდან მთელი ევროპის სახელმწიფო საავადმყოფოებში, ახალშობილებისთვი კანქვეშ ჩიპების ჩადგმა უნდა დაწყებულიყო, მცდარია.
ამის შესახებ ინფორმაციას, "ევროკომუნიკატორი" ავრცელებს.
ევროკავშირის ქვეყნებში, ისევე როგორც მსოფლიოს არცერთ სხვა სახელმწიფოში, ახალშობილთათვის კანქვეშ ე.წ. ჩიპების ჩადგმა არ იგეგმება. ევროკავშირის რეგულაციები და დირექტივები ან მისი რომელიმე წევრი ქვეყნის კანონმდებლობა და სახელმწიფო პროგრამები არ შეიცავს რაიმე მითითებას ამ საკითხზე. უფრო მეტიც, არც ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებში და არც ევროპული ქვეყნების შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მიკროჩიპების ახალშობილებში ან ზრდასრულ ადამიანებში გამოყენების საკითხი არ წამოჭრილა.
ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში მიკროჩიპების ჩადგმა ნამდვილად სავალდებულოა ოღონდ არა ადამიანებში, არამედ შინაური ცხოველების გარკვეულ სახეობებში. ამგვარი მიკროჩიპი მრავალნიშნა კოდს შეიცავს, რომლის წაკითხვა სპეციალური სკანერით შეიძლება. მიკროჩიპები ნემსის საშუალებით თავსდება ცხოველის სხეულში, ხოლო კოდის მეშვეობით ხდება დაკარგული ცხოველის პატრონის იდენტიფიცირება და საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება.
ევროკავშირის წესებით, ე.წ. "დაჩიპვა" სავალდებულოა არაწევრი ქვეყნებიდან შინაური ცხოველების ევროკავშირის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის. მიკროჩიპზე დატანილი კოდით ხორციელდება კონკრეტული ცხოველის დაკავშირება მის ვეტერინარულ პასპორტთან და ვაქცინაციის შესაბამისობის დადგენა. მცდარია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მიკროჩიპები GPS ტექნოლოგიას შეიცავს და მათი მატარებლის ადგილსამყოფელის დადგენის საშუალებას იძლევა.
ამდენად, ცნობა ახალშობილებში მიკროჩიპების ჩადგმის შესახებ, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანის გადაადგილების გაკონტროლების შესაძლებლობას უზრუნველყოფს, მთლიანად შეთხზულია. არცერთი სანდო საინფორმაციო საშულებით მსგავსი ცნობის გავრცელება არ მომხდარა, ხოლო არცერთ სერიოზულ კვლევას ასეთი ტექნოლოგიის არსებობა არ დაუადასტურებია.
მცდარი ინფორმაციის ძირითადი წყარო სხვადასხვა ვებ-პორტალებია. მათი ნაწილი სატირული ჟანრის სტატიებს აქვეყნებს და ტექნოლოგიურ პროგრესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული უსაფუძლო ეჭვების გაშარჟებას ისახავს მიზნად. მაგალითად, ამერიკული Nationalreport.net პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას უაიომინგის შტატის პატარა ქალაქ ჰანაში სავალდებულო "დაჩიპვის" პილოტური პროგრამის მიმდინარეობის შესახებ. მიუხედევად იმისა, რომ ელექტრონული გამოცემა პირდაპირ ურჩევს მკითხველს, სერიოზულად არ აღიქვან მისი სტატიები, ჰანას ხელმძღვანელობას პერიოდულად უწევს აღშფოთებული მოქალაქეების ზარებთან გამკლავება.