ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლაში, დირექტორობისთვის კონკურსში მონაწილეობას სამი ადამიანი – # 5 საჯარო სკოლის დირექტორი მერი საბაშვილი, #1 სკოლის ყოფილი დირექტორი, ახლა მანდატურის სამსახურის თანამშრომელი მარინა ვაშალომიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მაიზერ ცელაძე იღებენ.
# 2 საჯარო სკოლაში დირექტორის მოადგილე, ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგი სიორიძის და, ფატი სიორიძეა.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, მაიზერ ცელაძესა და ქალაქ ოზურგეთის მერ ბეგი სიორიძეს შორის, ერთგვარი გარიგება მოხდა – მაიზერ ცელაძე უნდა გახდეს #2 საჯარო სკოლის დირექტორი, რომელიც რამდენიმე დღეში უარს იტყვის დირექტორობაზე და ადგილი ავტომატურად დარჩება ქალაქის მერის დას, სასწავლო ნაწილს ფატი სიორიძეს, ხოლო მაიზერ ცელაძე დაუბრუნდება გამგეობაში თავის სამსახურს.
აღნიშნულ ინფორმაციებს კატეგორიულად უარყოფს სამივე მათგანი. ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე ამბობს, რომ არანაირი საერთო არ აქვს განათლების სისტემასთან და გამორიცხავს მის ჩართულობას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.
მაიზერ ცელაძე წლების განმავლობაში ოზურგეთის რესურსცენტრის თანამშრომელი იყო. გუბერნატორ გიორგი ჩხაიძის დანიშვნის შემდეგ, გუბერნიაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ერთი თვეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის არჩევის შემდეგ, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ახლა კი სკოლის დირექტორობაზე კონკურსში იღებს მონაწილეობას.
თუმცა, როგორც იგი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მას არ უნდა სკოლის დირექტორობა.
"არ ვადასტურებ ინფორმაციას ბატონ ბეგისთან და ქალბატონ ფატისთან შეთანხმებზე, არ მქონია ამ თემაზე არანაირი საუბარი.
ჯერ ერთი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე #2 სკოლის დირექტორობის კონკურსში ვერ მივიღებ მონაწილეობას. უბრალოდ, გასავლელი არის პირველი ეტაპი, სტრატეგიული ხედვა წარადგინოს თბილისში კომისიის წინაშე გასაუბრებაზე, თორემ მასეთი არანაირი საუბარი არ ყოფილა.
ვინ გითხრათ რომ სკოლის დირექტორობა მინდა?! ეს არის სკოლის დირექტორობის მოპოვების უფლება, რომ წარვსდგე სამეურვეო საბჭოს წინაშე, შეიძლება სამინისტრომ უარი მითხრას კიდეც. მე ჯერჯერობით სამსახურში ვარ და ვმუშაობ ჩვეულებრივად", _ ამბობს ცელაძე და დასძენს, რომ ის დინებას მიყვება და კონკურსში მონაწილეობას "უბრალოდ" ღებულობს.
#2 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილი, ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის და, ფატი სიორიძე, ჩვენთან საუბრისას ვინმესთან გარიგებასა და მოლაპარაკებას კატეგორიულად გამორიცხავს.
"არ არის სიმართლე. მათ აქვთ პროცედურები გასავლელი, აქვთ სერთიფიკატები, იკლავენ თავს ჩემს სერთიფიკატებს უნდა მიეცეს ძალაო, აჰა ბურთი და მოედანი, რაზეა საუბარი! რომელ გარიგებაზეა, ან ვისთან შეიძელბა აწარმოო მოლაპარაკება, ვის რაში ენდობი", _ გვითხრა სიორიძემ.
ჩვენ დავინტერესდით, რამდენად აუცილებელია დირექტორობის სერტიფიკატის შესანარჩუნებლად კონკურსში მონაწილეობა, როგორც ამაზე სიორიძემ გაამახვილა ყურადღება და ამისათვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავუკავშირდით. როგორც სამინისტროში გვითხრეს, სერტიფიკატი ვალიდურია 7 წლის განმავლობაში.
"სერტიფიკატის ვადა არ არის დამოკიდებული იმაზე, ადამიანი მუშაობს თუ არ მუშაობს სკოლაში. სერტიფიკატის ვადა 7 წელია. დირექტორების სერტიფიკატს აქვს ნომერი და ვადა და ამ პერიოდის განმავლობაში შეუძლია დაბრუნდეს სისტემაში და მიიღოს მონაწილეობა კონკურსში", _ გვითხრეს განათლების სამინისტროში.