ქალაქ ოზურგეთში, ჩოხატაურის ქუჩა N10 საცხოვრებელ სახლს ახლაც ეტყობა 5 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი. საცხოვრებელ სახლს სამი ნაძვის ხე დაეცა. სახლის სახურავზე დღესაც არის ნაძვის ტოტი შემორჩენილი.ნატო ბარამიძე, რომელიც ჩოხატაურის ქუჩაზე ცხოვრობს ამბობს: _ ძლივს გადავრჩით. ახლა კი ყურადღებას არავინ გვაქცევს, მხოლოდ ერთხელ იყვნენ მოსულები, როდესაც გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარეს. ნაძვის ხეები წაიღეს და იმის მერე არავინ გვინახავს აქ მოსული. ყველაფერი გასაკეთებელია. როგორც იქნა სახლი გადაიხურა, მაგრამ ახლა ისევ პრობლემის წინაშე ვდგავართ _ ერთი ნაძვის ხე დარჩა და ამის მოჭრას ვითხოვთ, რადგან გვეშინია, კიდევ არ დაეცეს რამეს.
ნატალია ნამგალაძე, ჩოხატაურის ქუჩა N10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მკვიდრი: _ 5 ივნისს ჩვენი სახლის წინ ხუთი ნაძვის ხე მოსკდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავი და არავინ არ აკეთებს. გვინდა, ახალ ხელისუფლებას მივმართოთ, რომ იქნებ დაგვეხმაროს. უამინდობის დროს სახლში ისე წვიმს, როგორც გარეთ.
ხათუნა ფირცხალაიშვილის თქმით, ჩოხატაურის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ის ორ შვილთან ერთად ცხოვრობს: _ არანაირი დახმარება მე არ მაქვს და ახლა ეს პრობლემა დაგვემატა, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ხათუნა ფირცხალაიშვილმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ვცდილობდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კონსტანტინე შარაშენიძის ჩაწერას, მაგრამ ვერ მოხერხდა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ყოფილი მოადგილე, ირაკლი სირაძე ამბობს, რომ 5 ივნისს ასობით ადამიანის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.
_ ზუსტად არ მახსოვს და აქედან გამომდინარე, ვერ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ირაკლი სირაძემ.
ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში კი ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი სახის კომენტარი გააკეთეს: "5 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შესასწავლად შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ადგილზე მისვლით გაეცნო თითოეული მათგანის მდგომარეობას. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასეთი იყო 520 ოჯახი, 321-ს მიენიჭა პირველი კატეგორია, აქედან, ქალაქის ტერიტორიაზე _ 80 ოჯახს. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 320 000 ლარი გამოყო. გამოცხადდა ტენდერი, დაკმაყოფილებულ იქნა პირველ კატეგორიაში შემავალი 80 ოჯახი. თუმცა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი N10, დაკმაყოფილებულთა სიაში ვერ მოხვდა, გამომდინარე იქედან, რომ კომისიის მიერ მომზადებულ ნუსხაში იგი არ ფიქსირდებოდა. მუნიციპალიტეტის მერია დაინტერესდა აღნიშნული საკითხით. ვიკვლევთ, თუ რატომ არ მოხდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი კომისიის მიერ შედგენილ სიაში. ჩვენი მხრიდან რეაგირებისთვის კი საჭიროა მოსახლეობა შემოვიდეს განცხადებით, რის საფუძველზეც შევისწავლით მათ პრობლემებს და მივიღებთ შესაბამის ზომებს".
გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსის, ნინო ლომჯარიას თქმით, გურიის 9 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში თათბირი ჩატარდა, სადაც გურიის გუბერნატორ გიორგი ჩხაიძეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგების იმ დროისათვის არსებული ვითარება გააცნეს, მაგრამ ამ საკითხებთან დაკავშირებით გუბერნატორი აღრიცხვას არ აწარმოებდა.
_ მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების თანამშრომლებით დაკომპლექტებული შვიდი მობილური ჯგუფი საგანგებო რეჟიმში აგრძელებდა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენას, რის შედეგადაც დაზარალებულთა სპეციალური ბაზა შეიქმნა. 5 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების ზარალის აღწერა დასრულდა, რის შემდეგაც ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას გადაეგზავნა.
რატომ არ შესრულდა აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში სარემონტო სამუშაოები გურიის გუბერნატორს პასუხი არ აქვს. _ ამ პრობლემას გუბერნატორი არ წყვეტს. გეტყვით, რომ ჩასატარებელი სამუშაოების ადგილზე გაცნობისა და შესწავლის მიზნით, ამგვარ საკითხებზე რეაგირება მუნიციპალიტეტს დაევალა, რათა ერთგვარი მონიტორინგი ჩაგვეტარებინა პროცესების მიმდინარეობაზე, ეს არის მუნიციპალიტეტის პრეროგატივა, _ გვითხრა ნინო ლომჯარიამ.