ამის შესახებ FactCheck.ge-ს კვლევაშია ნათქვამი, რომელიც პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ სტატისტიკას აქვეყნებს. ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე, 29 აგვისტოდან – 5 სექტემბრამდე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა. სტატიები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებებს ეხებოდა.
ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებას ეხებოდა. საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ქადაგიძემ განაცხადა: "კომერციული ბანკების მომგებიანობა წლიურად 14,5%–ია. ეს არის უკუგება კაპიტალთან, ანუ ბანკის წლიური მოგება ჯამური კაპიტალის 14,5% –ია, რაც არ არის არანაირი "სუპერმოგება" და "ზემოგება", თუ ასეთი ცნება საერთოდ ბუნებაში არსებობს".
ირკვევა, რომ 2011–2013 წლებში, კომერციული ბანკების წლიური მოგება სააქციო კაპიტალთან მიმართებაში 6–16 პროცენტის ფარგლებში იყო, ხოლო უშუალოდ 2013 წელს კი მოგებამ 14.5% შეადგინა. ეს მონაცემები გიორგი ქადაგიძის მიერ დასახელებულ ციფრს და პათოსს იმის შესახებ, რომ ბანკების წლიური მოგება არცთუ მაღალია, ადასტურებენ.
საკითხის კვლევისას ფაქტ–მეტრმა ბანკების წმინდა მოგების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში დაფიქსირებულ საოპერაციო მოგების წილს შეადარა. ეს მონაცემი ქვეყანაში მოგების საშუალო დონის მაჩვენებელია. შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2011 წელს ქვეყნის მშპ–ში წმინდა საოპერაციო მოგება მშპ –ს 24.6%–ს შეადგენდა. 2012 წელს ეს მაჩვენებელი 22.3%–ს, ხოლო 2013 წელს კი 20.8%–ს უდრიდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს საბანკო სექტორის მოგება ქვეყნის სხვა დარგების საშუალო მოგებაზე დაბალია, შესაბამისად ბანკების "სუპერმოგებასა" და "ზემოგებაზე" საუბარი მართლაც უადგილოა, როგორც ამას ქადაგიძე აღნიშნავდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დღევანდელი თავისუფალი ეკონომიკის პირობებში იმაზეც შეიძლება დავა, საერთოდ მართებულია თუ არა მსგავსი ტერმინების გამოყენება.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით გიორგი ქადაგიძის განცხადება სიმართლედ შეფასდა.
ორგანიზაციის მიერ გადამოწმებულ განცხადებებში მოხვდა პრემიერ–მინიტრის განცხადებაც.
ამერიკელი სენატორებისთვის მიწერილ წერილში ღარიბაშვილი აღნიშნავდა: "გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2014 წლის 23 ივლისის ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს უამრავი საქმე, რომელიც დაკავშირებულია წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევასთან, რომელიც დღემდე უყურადღებოდ იყო დატოვებული".
ფაქტ–მეტრის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიშის მეთერთმეტე პარაგრაფში წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების აუცილებლობაზე მართლაც არის საუბარი, როგორც ამას პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს. თუმცა, ამ კონტექსტში, კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ წარსულში ჩადენილი დანაშაულები იმგვარად იქნას გამოძიებული, რომ გამოძიებამ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ოპოზიციურად განწყობილი ლიდერების მიმართ პოლიტიკური შურისძიებისა და ანგარიშსწორების სახე არ მიიღოს. დასკვნაში აქცენტი არა იმდენად დანაშაულებების გამოძიების აუცილებლობაზე, არამედ ამ გამოძიების ისე წარმართვაზეა გაკეთებული, რომ მას არ ჰქონდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების ფორმა. სწორედ ეს წარმოადგენს როგორც ამერიკელი სენატორების, ისევე სხვა მაღალი რანგის დასავლელი პოლიტიკოსების წუხილს და შენიშვნას საქართველოს ხელისუფლებისადმი, რასაც, პრემიერ-მინისტრი, ამ კონკრეტული დასკვნის ხსენებისას, გვერდს უვლის.
შესაბამისად, ფაქტ–მეტრმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, ნახევრად სიმართლედ შეაფასა.
გარდა პრემიერისა, ფაქტ–მეტრმა ვიცე–პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებიც გადაამოწმა. მათგან ერთერთი – Moody’s რეიტინგში საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესებას ეხებოდა; "საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. სააგენტომ საქართველოს შეფასება "სტაბილურიდან" "პოზიტიურში" გადაიყვანა" – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ფაქტ–მეტრი დაინტერესდა, თუ რას გულისხმობს რეიტინგის ზემოთ აღნიშნული ცვლილება. სარეიტინგო სააგენტოს საქმიანობის მიმოხილვის შედეგად გაარკვია, რომ Moody's რეიტინგის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებელი გაუმჯობესდა და "სტაბილურიდან" "პოზიტიურში" გადავიდა. ეს ცვლილება მნიშვნელოვანი სტიმულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ეს ნიშნავს, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის უფრო ხელსაყრელი პირობები და დაბალრისკიანი გარემოა.
ფაქტ–მეტრმა დაასკვნა, რომ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება სიმართლეა.
ფაქტ–მეტრმა ვიცე–პრემიერის კიდევ ერთი განცხადება გადაამოწმა: "ჩვენ გვაქვს რეგიონში ყველაზე დაბალი გადასახადები, გამარტივებული სასაზღვრო პროცედურები, არაკორუფციული გარემო და ძალიან კარგი საჯარო სერვისები. არცერთ ქვეყანას ჩვენს რეგიონში არ შეუძლია დასავლეთს შესთავაზოს მსგავსი დადებითი ფაქტორები" – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ფაქტ–მეტრის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ Doing Business 2014-ის მიხედვით (2013 წლის კვლევა), საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მე-8 ადგილზეა. 2013 წელს, ამ კომპონენტში ჩვენი ქვეყანა (კვლევა, რომელიც 2012 წელს ჩატარდა) მე-9 ადგილზე იყო, ხოლო 2012 წელს მე-16 ადგილზე. ასევე, საქართველოს მართლაც საუკეთესო შედეგები აქვს რეგიონში საჯარო სერვისებისა და გადასახადების გადახდის სიმარტივის კუთხით.
აქედან ჩანს, რომ საქართველო გადასახადებისა და ბიუროკრატიული ბარიერების სიმცირის კუთხით რეგიონში მართლაც ლიდერია. ქვეყანა ასევე ლიდერობს კორუფციის დაბალი დონით. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტორები გადაწყვეტილების მიღებისას უფრო მეტ ფაქტორს ითვალისწინებენ ვიდრე დაბალი გადასახადები და ბიუროკრატიული საფეხურებია. საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია: ქვეყანაში არსებული კადრების კვალიფიციურობა, ქვეყნის ეკონომიკის მასშტაბი, მისი პოტენციალი, საერთაშორისო გადაზიდვებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის დონე (პორტების, რკინიგზისა და მაგისტრალების განვითარების დონე), ასევე გეოპოლიტიკური და შიდაპოლიტიკური სტაბილურობა. ეს ფაქტორები ხშირ შემთხვევაში უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენენ ინვესტორის გადაწყვეტილებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კარგი საინვესტიიო გარემოს შეთავაზება შეუძლია, მას არ აქვს ისეთი მასშტაბები და ინფრასტრუქტურა, როგორიც მაგალითად თურქეთს, რუმინეთს და ბულგარეთს.
ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ვიცე–პრემიერის განცხადება მეტწილად სიმართლედ შეფასდა.