იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესთან დაკავშირებით, კლდეში გამოკვეთილ თავკვეთულას მონასტერში, 10 სექტემბერს, საღამოს ლოცვა დეკანოზმა ალექსანდრემ, 11 სექტემბრის დილას პირველი წირვა, დილის 8-ის ნახევარზე, მეუფე იობმა, მეორე კი 10 საათზე ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღავლინა.
დღესასწაულზე მთელი საქართველოდან მოდის მრევლი მოსალოცად. მორწმუნეებს ტაძარში ასასვლელად ყოველ წელს მდინარე მტკვრის ფეხით გადალახვა უწევთ. ტრადიცია არც წელს დაირღვა.
თავკვეთულას მონასტრის აღმოჩენა ბაგრატ დევნოსაძის, იგივე ბაგრატ პაპას სახელს უკავშირდება, რომელიც ჯავახეთში ამ მონასტერთან ახლოს ცხოვრობდა. იგი მე-19 საუკუნეში დაიბადა და 21-ში, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. სწორედ ბაგრატ პაპასგან შეიტყო რუის-ურბინისის მიტროპოლიტმა იობმა, რომ ამ ადგილს თავკვეთულას ეძახდნენ, რაც სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ტაძარი იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის სახელობისაა. ის დაახლოებით მერვე- მეცხრე საუკუნეში გამოკვეთეს კლდეში.
მეუფე ნიკოლოზმა მრევლს ქადაგებისას იმ სასწაულზეც მოუთხრო, რომელიც ყოველ წელს თავკვეთულობას მეორდება:
"ამ დღეს მდინარე მტკვარი გასაოცრად დაბალია და მრევლს ფეხით გადმოსვლა შეუძლია. ჩვენ გვაქვს საშუალება, მანამდეც გადმოვიდეთ ამ მდინარეზე და მერეც. ასეთი დაბალი მდინარე მხოლოდ დღესასწაულზეა, რაც იმის ნიშანია, რომ ადამიანები უნდა მოვიდნენ ამ ადგილას და მოილოცონ“, _ აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
ფოტო: ილია კუხალაშვილი