თბილისის ზღვის უბნის 204-ე, 205-ე, 225-ე და 226-ე კორპუსებში, ბინების მესაკუთრე „მეტრომშენის“ წარმომადგენლებმა ნაძალადევის რაიონის გამგეობასთან 18 სექტემბერს აქცია გამართეს და კუთვნილ სახლებში შესვლა მოითხოვეს. ისინი აცხადებენ, რომ მათ ბინებში სხვა ადამიანები უკანონოდ არიან შეჭრილები.
"28 წელი ვიმუშავე "მეტრომშენში“ და გამომიყვეს ბინა. მესაკუთრე ვარ და შემასახლონ საკუთარ სახლში! დღემდე რომ დადიან მეტროში, ყველა სადგურზე ნამუშევარი ვარ. 18 წლის პირტიტველა ბიჭმა დავიწყე იქ მუშაობა. წყალში ვიდექი, რა არ გამოვიარე. ეს არის ბოლოს ჩვენი დაფასება? რამდენიმე ჩვენი თანამშრომელი ისე დაიღუპა, რომ ვერ მოესწრო კუთვნილ ბინაში შესვლას. სხვა რა დაგვრჩენია? მოხდება სისხლისღვრა, ძალით შევალთ ჩვენს სახლებში და ეს დაპირისპირება იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კისერზე. ნეტა განახათ, რა ხალხია შესული ჩვენს ბინებში. ქორვაჭრები არიან! სამართალს ვერ მივაღწიეთ ვერსად! ვერც წინა და ვერც ამ მთავრობაში. ერთ-ერთი, როგორც გვითხრეს, კორძაიას დაქალის ახლობელია შესული. კორძაია (ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში – თამარ კორძაია) ცდილობს, რომ იმას რამენაირად დარჩეს ბინა. ერთხელ შეგვხვდა და ხმა ვერ ამოიღო. ვუთხარით, საკუთარ დაქალს ნუ უჭერდა მხარს და ჩემი დაქალი არაა, მისი ახლობელიაო. კორძაიასთან შეხვედრასაც აზრი არ აქვს.“, _ ამბობს ტარიელ ბუაძე, რომელსაც სასამრთლოს გადაწყვეტილება, მისი ბინიდან გამოასახლოს შეჭრილი პიროვნება, ხელში აქვს, მაგრამ აღსრულება არ ხდება, რადგან ბინა სულ დაკეტილი ხვდებათ.
(ჩვენ ამ ბრალდების საპასუხოდ პარლამენტის დეპუტატ თამარ კორძაიასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონი ზარს არ უპასუხა. "გურია ნიუსი“ გამოხმაურების შემთხვევაში მზადაა, მისი პოზიცია დააფიქსიროს.)
როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, იმ ბინებშიც კი, რომლებიც დაკავებული არ არის, არ უშვებენ კანონიერ მფლობელებს, არადა ბინის ფლობის ორდერი აქვთ:
"ჩემი ბინა გასამართი იყო. ნელ-ნელა გვინდოდა მოწყობა. ნათესავი დაგვეღუპა და წავედით რაიონში მე და ჩემი ქმარი. მესამე დღეს დაგვირეკეს და შეჭრილები იყვნენ უკვე. მაქვს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომ ჩემზეა გაფორმებული. მაგრამ ჩემს სახლში ვერ შევდივარ, ვინაიდან კარი გამიტეხეს და შევიდნენ. სარემონტო მასალა მქონდა შეტანილი. ისიც გააქრეს და ცხოვრობენ უკვე, 4 წელიწადია. სასამართლოში მოვიგეთ პროცესი, ბინა ჩვენია, მაგრამ არავინ გვეხმარება, რომ ისინი გამოასახლონ და ჩვენ შევიდეთ. პოლიციამ გადაგვიდო აღსრულების პროცესი და აღარ დაგვადგა საშველი. გამგეობაში წინა სამშაბათს კომისიაც შედგა. ვისი ბინებიც ცარიელია, იქაც კი არ უშვებენ. პირადად, ჩემს სახლში ვინც ცხოვრობს, ის იძახის, რომ ვიცი, ჩემი არ არის, მაგრამ ველოდები, იქნებ რამე მომცენ გამგეობიდან და ცოტა ხანს დამაცალეთო. მაგრამ გავიდა წლები და რამდენხანს უნდა დავაცალოთ? ძალიან ვიწროთ ვართ იმ ბინაში, სადაც ახლა ვცხოვრობთ. ჩემი დასაწოლი ადგილიც არ არის და იატაკზე მძინავს. ბინის გულისთვის ჩემი ქმარი, მეტროში მუშაობდა. ის ვეღარ მოესწრო ამ ბინის გადმოცემას. ბევრი ინერვიულა. ცოცხალი იყო, როდესაც ესენი შეიჭრნენ ჩვენს ბინაში. გულმა დაარტყა და გარდაიცვალა. მგონი, მეც ვეღარ მოვესწრო. ვითხოვ, როგორმე გამოიყვანონ ისინი, რომ მე ჩემს სახლში შემიყვანონ და იმათ თუნდაც 5 ადგილას მისცენ სახლი. არ შემშურდება იმათი“, _გვითხრა თინა ათუაშვილმა.
აქციის მონაწილეების მოსასმენად ნაძალადევის რაიონის გამგეობის აპარატის უფროსი გიორგი ჩაკვეტაძე გამოვიდა, რომელმაც „მეტრომშენის“ წარმომადგენლებს აუხსნა, რომ გამგეობას ეს საკითხი არ ეხება. მან მხოლოდ კეთილი ნების საფუძველზე შექმნა კომისია, რომლის მუშაობას ბინის კანონიერმა მფობელებმა უნდობლობა გამოუცხადეს:
"მეტრომშენის“ წარმომადგენლებს არ აწყობდათ კომისიის მუშაობა, იმიტომ რომ პროცესი დროში ჭიანურდებოდა. გამგეობა შეჭრილი ადამიანების გამოსახლებას ვერ დაიწყებს. ეს უნდა გააკეთონ სამართალდამცავებმა, თუ ამის კანონიერი საფუძველი არსებობს. თუ მესაკუთრეებს ბინის მოსარგეებლეებთან მორიგება, ან შუამდგომლობა დასჭირდებათ, გამგეობა ამაში დაეხმარებათ. ვისაც გაყიდვა არ უნდა, ბუნებრივია, გამგეობა ვერ შეძლებს მაგათ გამოსახლებას. ნაძალადევის გამგეობამ გამოიჩინა კეთილი ნება და შექნა კომისია საქმის მოსაგვარებლად. თუმცა არანაირი უფლებამოსილება გამგეობას არ აქვს, ჩაერიოს ამ ორი მხარის დავაში. მე რა გავაკეთო? ყოველდღე ორივე მხრიდან ვისმენ საყვედურებს“, _ აღნიშნა ნაძალადევის გამგეობის აპარატის უფროსმა გიორგი ჩაკვეტაძემ.
დაზარალებული მესაკუთრეები აცხადებდნენ, რომ პრობლემის მოგვარებას 3 აგვისტოს მერე, რაც ოფიციალურად შეუდგებოდა მუშაობას, თბილისის მერი დავით ნარმანიაც დაპირდა, მაგრამ უშედეგოდ. ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, რომ მერი საქმის კურსშია, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებას დრო სჭირდება.
„ეს არის ძალიან რთული სიტუაცია. ამ საკითხის გადაჭრა, სააღსრულებლო პროცესი, გამგეობის საქმე არ არის. ვინაიდან ეს ჩვენს რაიონში ხდება, მე როგორც გამგებელმა გამოვავლინე კეთილი ნება, რომ მივეხმაროთ მხარეებს პოზიციის დაახლოებაში. ჩვენ შევქმენით კომისია, სადაც წარმოდგებილი იყვნენ სამინისტროების წარმომადგენლები და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატეიც. ერთმა მხარემ ჩათვალა, რომ ამ ფორმატში მუშაობა არ უნდოდათ, შესაბამისად, კომისიამ შეწყვიტა მუშაობა.
გამგეობისგან, სამწუხაროდ, ვერავითარ ფართს ვერ მიიღებენ, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ არ ფლობს უძრავ ქონებას. მე დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამას, მაგრამ არ არსებობს.ამჟამად, აქტიურად ვმუშაობ იმისთვის რომ რაიონს ჰქონდეს საკუთარი ბინის ფონდი და სირთულეების დროს გვქონდეს შესაძლებლობა, მოქალაქეები დავაკმაყოფილოთ. ჩვენ ვერავის ვერაფერს ვერ ვთავაზობთ. ჩვენ მხოლოდ კეთილი ნების საფუძველზე ვთავაზობთ ამ მხარეებს მოსალაპარაკებლად ტრიბუნას. წინა წლებში დაინტერესებაც კი არ იყო ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ კი დავინტერესდით. ეს არის ჩვენი მაქსიმუმი“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გაბუნიამ.
_ კომისიას კიდეც რომ ემუშავა, თუ ფართი არ არსებობს გამგეობის ბალანსზე, როგორ გადაჭრიდით ამ პრობლემას? თუ არ დააკმაყოფილებდით ბინებით ადამიანებს, რა აზრი ექნებოდა ამ კომისიის მუშაობას?
_მოქალაქეებს აქვთ სხვადასხვა უწყებებთან პრეტენზია და ამ ადამიანებს მივეცით საშუალება ერთიანად მოეთხოვათ მათთვის პასუხი. კომისიის საქმე იქნებოდა მოქალაქეები შეკითხვებზე პასუხის გაცემა.
_ბინის მფლობელები კუთვნილი ფართის დაბრუნებას ითხოვენ. თუ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა, მათ სახლებში შეჭრილ ადამიანებს ქუჩაში გამოყრა ელის. ამ სცენარზე აქვს ნაფიქრი ნაძალადევის გამგეობას? რას გააკეთებთ თქვენ ამ შემთხვევაში?
_ ამ შეკითხვების ადრესატები ვართ ჩვენ და კითხვაც სწორად არის დასმული. საქმე ის არის, რომ წინა ხელიფუფლებამ ჩვენ დაგვიტოვა გადასაჭრელად ეს პრობლემა. ამ ეტაპზე ვმუშაობთ, რომ რაიონს რომ ჰქონდეს თავისი ბინის ფონდი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თითქმის ყველა რაიონში დატოვა მსგავსი პრობლემები. ყველანი ვართ ჩართულები ამ პრობლემის მოგვარების პროცესში. ერთ და ორ თვეში, ცხადია, ყველას გადაჭრა ვერ მოხდება.
_როგორ ფიქრობთ, დაელოდებიან ის ადამიანები გრძელვადიანი მუშაობის შედეგს, რომლებსაც დაუყონებლივ სურთ საკუთარ სახლებში შესვლა?
_მე მაშინ ასე შეგიბრუნებთ კითხვას. დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი პრობლემების გადაჭრა ერთ, ან ორ თვეში შესაძლებელია? ჩვენ ახლა ვდგავთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც 9 წლის მანძილზე უნდა გადაედგა წინა ხელისუფლებას. რამდენიმე ბინა რომ ყოფილიყო ქალაქის ფონდში, ჩვენ ახლა ეს პრობლემა არ გვექნებოდა. ამგვარი პრობლემა გვქონდა გურამიშვილის გამზირზეც და წარმატებულად გადავჭერით. თვითნებურად შესახებული ადამიანები გავიყვანით ქირით. ჩვენ ზღვისუბანში შეჭრილებსაც შევთავაზებთ მსგავს წინადადებას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, როდისთვის იგეგმება აღსრულების პროცესი.