ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის თემის სოფელ ჭყონაგორის მკვიდრი რევაზ ორმოცაძე პროტესტის ნიშნად მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ, შესასვლელ კიბეებთან დაწვა.
ის ამბობს, რომ "ქვეყანას არ ჰყავს მთავრობა, ესენი არიან სიონისტები, სატანის მსახურები. ქვეყანაში არ მოქმედებს ჯანდაცვის სისტემა, არაფერშია გამოსადეგი სახელმწიფო დაზღვევა."
როგორც ირკვევა, ორმოცაძეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემა აქვს და მკურნალობის კურსს ლანჩხუთში გადიოდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, უშედეგოდ: _ ესაა მთავრობა, ესაა ჯანდაცვის სისტემა?! აფთიაქში წამალს არ მოგცემენ რეცეპტის გარეშე. სუნთქვის პრობლემა მაქვს. მაღალი წნევით მივედი აფთიაქში და წამალი არ მომცეს. ჯიპით გააქვთ ნარკოტიკები, სახელები და გვარები შემიძლია დაგისახელოთ, _ ამბობდა ორმოცაძე.
ორმოცაძის დასახმარებლად მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, თუმცა, თავად იგი საავადმყოფოში გადაყვანაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა.
დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ რევაზ ორმოცაძის დაყოლიება, აქცია გამგეობის შენობის ფოიეში გაეგრძელებინა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გელა კილაძემ შეძლო. მოგვიანებით კი შესაძლებელი გახდა ორმოცაძის მუნიციპალურ საავადმყოფოში გადაყვანა მკურნალობის გაგრძელების მიზნით.