24 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც თბილისის ჭადრაკის სასახლეში ჩატარებულ თავყრილობაზე გადაწყდა, რომ ქართული ფეხბურთი საკავშირო დაქვემდებარებიდან გამოვიდოდა და განვითარების საკუთარ გზას დაადგებოდა.
იმ წელს ლანჩხუთის "გურიამ" თავისი არსებობის მანძილზე მეორედ, სსრკ-ის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა და ახალი სეზონისთვის ალახაძეში ემზადებოდა. კლუბის მოთამაშეებმა უარი განაცხადეს საბჭოთა კავშირის პირველობაში მონაწილეობაზე და ლანჩხუთური კლუბის ხელმძღვანელობისა და ქომაგების დაუკითხავად მხარი დაუჭირეს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას. მაშინ "გურიის" ფეხბურთელები ეროვნულ გმირებად გამოაცხადეს. იმ დროს, როდესაც თბილისის "დინამოს" მოთამაშეები ფიქრობდნენ, "გურიის" გუნდის წევრების ეს ნაბიჯი დიდი გმირობის ტოლფასი გახლდათ.
თემურ ლორია იმ შემადგენლობის ლანჩხუთური გუნდის ერთ-ერთი მოთამაშე იყო და ალბათ საინტერესოა მის მიერ იმ დღეების პერიპეტიების გახსენება.
"იმ დღეებში, გაგრაში სასტუმრო "გრებეშოკში" ვცხოვრობდით და უმაღლეს ლიგაში განმეორებითი დებიუტისათვის სერიოზულად ვემზადებოდით. ჩვენამდე მოდიოდა ხმები, რომ ქართული ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს სურდათ, რომ ჩვენი ფეხბურთი დამოუკიდებელი გზით წასულიყო. 15 თებერვლის წინა დღეებში სასტუმროს ეზოში ფეხბურთელებმა კრება ჩავატარეთ და ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის გადაწყვეტილება მივიღეთ. იმ ხანად გუნდში რამდენიმე რუსი ფეხბურთელი ირიცხებოდა, მთავარი მწვრთნელი კი უკრაინელი მიხეილ ფომენკო იყო. ისინი ყოველივე ამაში არ ჩარეულან და ჩვენს პატრიოტულ ნაბიჯს ერთგვარი გაგებით მოეკიდნენ.
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დანიშნულ ყრილობაზე ლანჩხუთური კლუბიდან შვიდი ფეხბურთელი ესწრებოდა: თემურ კაბისაშვილი, ლევან ბარათაშვილი, ბესიკ უგრელიძე, ოთარ კორღალიძე, ბესიკ ფრიდონაშვილი, მერაბ კაციტაძე და დავით ცომაია. მათ გუნდის სახელით გამოაცხადეს, რომ "გურია" ეროვნულ პირველობაზე ითამაშებდა.
რასაკვირველია, ჩვენს ქომაგებს საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგა უნდოდათ, მაგრამ იმდენად დიდი იყო გულშემატკივრების პატრიოტული განწყობა, რომ ეროვნული პირველობის გახსნით შეხვედრაში ათი ათასამდე ქომაგი მოვიდა.
პირველი ეროვნული ჩემპიონატი მაღალი დონით გამოირჩეოდა. საქართველოს ნაკრები ლიტვის ეროვნულ გუნდს ფრედ ეთამაშა. გახსნითი მატჩი გორის "დილასთან" გვქონდა. წინადღით თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე ფოთის "კოლხეთთან" წააგო, ამიტომ ცოტა არ იყოს შეშინებულები ვიყავით. ძლივს მოვიგეთ, მეორე ტაიმში გავიტანეთ გოლი".
განსხვავებული აზრი გააჩნდა ლანჩხუთის "გურიას" ხელმძღვანელობას. ორწლიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ გუნდმა უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. "გურიას" მთავარი მწვრთნელი უკრაინელი ფეხბურთის სპეციალისტი მიხეილ ფომენკო იყო. კლუბი გაძლიერდა რამდენიმე ჩამოსული ფეხბურთელით. მათ შორის გამოირჩეოდნენ უკრაინელი ვიქტორ ხლუსი და მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი წევრები ნოვიკოვი და ივანოვი. როდესაც დღის წესრიგში ეროვნულ პირველობაზე გამოსვლა დადგა, ლეგიონერებმა საქართველო დატოვეს. მიხეილ ფომენკო ერთი პირობა დარჩენას აპირებდა, მაგრამ ბოლოს ეს უკანასკნელიც მშობლიურ კიევს დაუბრუნდა.
კლუბის საბჭოს შეკრებაზე გადაწყდა, რომ გუნდის ძირითადი ბირთვი სსრკ-ის ჩემპიონატში გამოვიდოდა, საქართველოს პირველობაზე კი "გურია-2" იასპარეზებდა. ფეხბურთელებმა სხვაგვარად გადაწყვიტეს. გუნდის ხელმძღვანელობაც გულში ანალოგიურად ფიქრობდა და მოთამაშეების განზრახვას პატივი სცეს.
ერთადერთი, რამაც ლანჩხუთელ ქომაგს ეს ამბავი გადაატანინა, ეროვნული სულისკვეთება იყო. სხვა მიზეზს ადგილობრივი გულშემატკივრები არ მიიღებდნენ.
ძნელია იმაზე საუბარი, "გურიისთვის" ჯობდა უმაღლეს ლიგაში ეთამაშა თუ არა. იმ ხანად ეროვნული მოძრაობა პიკში იყო და საფეხბურთო დამოუკიდებლობა გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვდა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ქართული საფეხბურთო სამყაროდან ლანჩხუთის "გურიამ" ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.
ეს იყო 24 წლის წინ. დღეს თითქოს დავიწყებას მიეცა, რომ სწორედ ლანჩხუთელი ფეხბურთელების გადაწყვეტილება გამოდგა გადამწყვეტი და ქართული "ტყავის ბურთი" დამოუკიდებელი განვითარების გზას დაადგა.