"სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის" ფარგლებში აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში ხუთი ახალი საწარმო გაიხსნება.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ "სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის" ფარგლებში პირველი ხუთი გრანტი გასცა. ხუთი საწარმოდან ორს, ერთს აჭარაში (ქედაში) და ერთს გურიაში (ჩოხატაურში) "KTW" ჯგუფი ააშენებს.
KTW ჯგუფი როგორც ჩოხატაურში, ასევე ქედაში ერთი მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ "სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის" გახორციელება თებერვლიდან დაიწყო. მისი მიზანია დაბალი ეკონომიკური აქტივობის რაიონებში ახალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა, ან ძველი უმოქმედო საწარმოების რეაბილიტაცია.
დაფინანსებული პროექტის მთლიანი მოცულობა 200 000 -1 000 000 აშშ დოლარამდე განისაზღვრა. ბენეფიციარის ფულადი თანამონაწილეობა პროექტის ღირებულების მინიმუმ 10 %-ს უნდა შეადგენდეს, ხოლო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა – 40 % -ს, დანარჩენ 50%-ს ბენეფიციარი საფინანსო ინსტიტუტებისგან შეღავათიანი აგროკრედიტის პირობებით მიიღებს.
როგორც "KTW" ჯგუფის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე-ასკანელი აცხადებს, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეკონომიკის განვითარებას:
"სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გახორციელებული "სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის" გახორციელების შემდეგ, მოსალოდნელია ახალი საწარმოების შექმნა და ეკონომიკური აქტივობის ზრდა. გარდა ამისა, რამდენიმე წლით წინ წაწევს ბიზნესს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. პროექტი ხელს შეუწყობს ასევე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გააქტიურებას და რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
ჩვენ, "KTW" ჯგუფს, გვაქვს იმის გამოცდილება, რომ წარმატებულად გავართვათ თავი ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს და ყველანაირი პირობა შევუქმნათ გლეხს იმისთვის, რომ ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხილის გადამამამუშავებელ საწარმოებში ადგილობრივები დასაქმდებიან, რაც ძალიან პრობლემატურია დღეს რეგიონებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ მარტო ჩოხატაურში, მინიმუმ 2000-მდე ოჯახი მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს. ახალი საწარმო ფერმერებისაგან სხვადასხვა სახეობის ხილის შესყიდვასა და გადამუშავებას უზრუნველყოფს. ქარხანაში მოხდება ასევე, ციტრუსის დახარისხება და შეფუთვაც. ჩვენ ასევე ინტენსიურად ჩავერთვებით იმაშიც, რომ იმ რეგიონებში, სადაც საწარმოებს ვაშენებთ, რაც შეიძლება მეტი ისეთი ჯიშის ხილი გაშენდეს, რომელიც ჩვენს მიერ მოთხოვნადი იქნება," _ ამბობს ზურაბ ჩხაიძე.
ზურაბ ჩხაიძის თქმით, ქარხანა იქნება უახლესი, 2014 წლის ტექნოლოგიებით აღჭურვილი, რომლითაც საქართველო თამამად შეიძლება წარსდგეს ევროკავშირის ქვეყნების წინაშე, მითუმეტეს მაშინ, როცა ჩვენ უკვე ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში შპს "კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ" სექტემბრის დასაწყისში ახალი საწარმო გახსნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
(R)