2014 წელს გახორციელებული აქტივობებიდან, ერთ-ერთ წარმატებად შინაგან საქმეთა სამინისტრო "ბიოს" და "კრაკადილის" მოხმარების შემცირებას ასახელებს.
_ 90 პროცენტით შემცირდა, როგორც ე.წ. "კრაკადილის", ასევე,"ბიოს" მოხმარება, _ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კლიპში "მუდამ ქვეყნის სამსახურში".
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა უწყების მიერ გამოქვეყნებულ ამ მონაცემებში რამდენად არის ასახული გურიაში არსებული მდგომარეობა.
შპს “ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის გურიის რეგიონული ცენტრის“ დირექტორი გია თავბერიძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ მას ეს სტატისტიკური მონაცემები არ აქვს.
_ მე ამ სტატისტიკაზე ხელი არ მიმიწვდება. ვერ ვიტყვი, მოიმატა თუ დაიკლო ამ რიცხვმა. ვიცი ტელევიზიით, პრესით და ექსპერტების ინფორმაციით, რომ მეტადონის პროგრამაში ჩართულია 5 %, ხოლო 95 % ნარკომანების არის წამალდამოკიდებული. ზოგი სააფთიაქო წამალს იღებს, ზოგი კიდევ თავად ამზადებს. ეს პრობლემა პრობლემად რჩება, მსოფლიო ებრძვის ამ პრობლემას.
_ ბატონო გია, თქვენს ცენტრში ამ დღეებში ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მეტადონის პროგრამის ერთ-ერთ ბენეფიციარს არ მიეწოდა წამალი, რის შემდეგ ის აგრესიული გახდა თქვენ მიმართ.
_ ადრე იყო ეს ადამიანი ჩართული პროგრამაში, მაგრამ რადგან აღარ დადიოდა ჩვენთან, 10 დღის შემდეგ ავტომატურად ამოვარდა პროგრამიდან. ორი კვირა არ მოსულა ცენტრში, შემდეგ კი აგრესიით მოვიდა. განვუმარტეთ თუ რის გამო არ ხერხდებოდა მისი დახმარება.
_ მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება?
_ არაა, ექვსი წელია ეს ცენტრი არსებობს გურიაში და მსგავს ფაქტს მეორედ ჰქონდა ადგილი. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა, მაგრამ შემდეგ დაგვირეკა და ბოდიში მოგვიხადა. შევთავაზეთ ხელმეორედ პროგრამაში ჩართვა.
_ საბოლოოდ, როგორ დასრულდა ეს ინციდენტი?
_ შედგა კომისია, რომელიც სამი ექიმისგან შედგებოდა, ფორმალური მხარე შეივსო და პრობლემა მოგვარდა, _ გვითხრა თავბერიძემ, რომლის თქმით ამ ადამიანის აგრესიის გამოხატვის შესაჩერებლად პოლიციის გამოძახება მოუხდათ.
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცენტრი დაარბიეს სიმართლეს არ შეესაბამება.