დირექტორის შეცვლას სხვა საკადრო ცვლილებებიც მოჰყვა, რამაც ჩვენი დაინტერესება გამოიწვია და შეკითხვებით მივმართეთ ბატონ დავითს.
_ ბატონო დავით, მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, ბაღებში "ახალი სიცოცხლე" იყო საჭირო და ეს საქმე თქვენ ჩაგაბარათ. რა პრობლემები დაგხვდათ ისეთი, რისთვისაც ასე აუცილებელი იყო ეს "სიცოცხლე"?
_ პრობლემები მართლაც ბევრია და იგი დროულ და მიზანმიმართულ მუშაობას საჭიროებს. ლანჩხუთში ბაღების 80 პროცენტი ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ სტანდარტს _ მოუწესრიგებელია სამზარეულოები, ბევრგან მთლიანად შენობაა შეუფერებელი ბაღისთვის. მოკლედ, ძალიან დიდი ძალისხმევა და მონდომებაა საჭირო იმისთვის, რომ მიახლოებული მაინც ვიყოთ სტანდარტებთან. მე ამისთვის სრულიად მზად ვარ.
_ მონიტორინგის ჯგუფმა, სურსათის უვნებლობის სამსახურიდან, წინა სასწავლო წლის ბოლოს დადო დასკვნა. მის საფუძველზე ლანჩხუთის არც ერთი, მათ შორის ქალაქის პირველი ბაღიც, ვერ აკმაყოფილებს სრულად მათ მიერ დაწესებულ სტანდარტებს. ხომ არ იგეგმება, ამის საფუძველზე რომელიმე ბაღის გაუქმება?
_ დიახ, მაშინ ვადა 15 ოქტომბრამდე მოგვეცა მდგომარეობის გამოსასწორებლად. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, მოხდა შეთანხმება და ვადა მომავალი წლის პირველ თებერვლამდე გადაგვიწიეს. ძალიან დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული ყველაფერი. ამ ეტაპზე, დანაზოგი ფულით სამზარეულოებისთვის გამწოვები შევიძინეთ. სტანდარტის მიხედვით, საჭიროა ბაღებში იყოს დეზობარიერები, რომელიც საცალო ღირებულება 100 ლარია. მე კი, სტანდარტებს თუ დავიცავ, 100 ცალი მესაჭიროება. გამოდის, რომ მათ შესაძენად 10 ათასი ლარია საჭირო, რაც ბიუჯეტში არ არის. პირველ რიგში, რაზეც ყურადღებას ვამახვილებ და მინდა სრულ წესრიგში იყოს, სველი წერტილები და სამზარეულოა. აცანაში არის იმის საშუალება, რომ სააღმზრდელო ჯგუფი სხვა შენობაში განვათავსოთ, ლაშისღელის ბაღი კი არანაირ სტანდარტში არ ჯდება და სამომავლოდ დაგეგმილია, შუხუთის ბაღის გაფართოების ხარჯზე, კონტიგენტი იქით გადავამისამართოთ. ეს მშობლებისთვის დისკომფორტის გამომწვევი რომ არ იყოს და ქალაქის ბაღმაც არ მიიღოს ზედმეტი დაწოლა, მათ მოემსახურებათ ავტობუსი.
_ მოგეხსენებათ, ქალაქის ბაღის თითო ჯგუფში 50-ზე მეტი ბავშვია, ასევე გადატვირთულია მაჩხვარეთის ბაღი. რას აპირებთ ამ კუთხით?
_ როგორც გითხარით, ქალაქში სიტუაციის განტვირთვას შუხუთის ბაღით შევეცდებით. ასევე, მაჩხვარეთის ბაღის შენობა იძლევა იმის საშუალებას, რომ იქ კიდევ დამატებით ორი ჯგუფი გაიხსნას. მე ვთვლი, რომ ზონალური პრინციპი უნდა მოქმედებდეს, დღესდღეობით კი ისეა, ვისაც საშუალება აქვს, შორეული სოფლებიდან დაჰყავთ ქალაქის ბაღში ბავშვები, თავად ქალაქში მცხოვრებთათვის კი ადგილი აღარაა. რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში მშობელმა, სად წაიყვანოს თავისი შვილი? ოფიციალურად, 500 ბავშვია მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბაღის გარეშე დარჩენილი და ჩემი მიზანია, აქედან 300-400 ბავშვი მაინც დავაკმაყოფილო.
სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალობა _ ბევრს ბაღში ბავშვი მძიმე სოციალური ყოფიდან გამომდინარე დაჰყავს. სტანდარტი იძლევა იმის საშუალებას უფროს ჯგუფში 35 ბავშვი იყოს, სამწლიანებში კი _ მაქსიმუმ 25 ბავშვი.
_ ბატონო დავით, რეორგანიზაციამდე რამდენი ადამიანი იყო დასაქმებული უშუალოდ ბაღების გაერთიანების ცენტრში და რეორგანიზაციის შემდეგ რამდენი საშტატო ერთეული დარჩა?
_ რეორგანიზაციამდე 21 თანამშრომელი გვყავდა, ახლა კი 16 შტატია, ამაში შედის ის სამი შაშტატო ერთეულიც, რომელიც ზონებად დაყოფის შემდგომ დაიშვა.
_ მიგაჩნიათ, რომ აუცილებელი და გარდაუვალი იყო რეორგანიზაცია?
_ პირველ რიგში, რეორგანიზაცია გახორციელდა იმისთვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ზედმეტი ხარჯები, ასევე მუშაობის ახლებური მეთოდების დანერგვისთვის. უპირველესად, ჩემი მიზანია ყველა თანამშრომელში ავამაღლო შრომითი დისციპლინა.
_ თქვენ ზონებად დაყოფა ახსენეთ და არ მიგაჩნიათ, რომ ეს ზედმეტ ხარჯებს გამოიწვევს? მით უმეტეს, რომ ბაღებში არსებობდა მონიტორის შტატი, რომელიც ამ კუთხით მუშაობდა.
_ არ ვიცი, მე ეს შტატი არ დამხვედრია. ზონებად დაყოფა კი არანაირად არ იწვევს დამატებით ხარჯს.
_ მინდა ბიუჯეტზეც გკითხოთ. მილიონ 200-ათასიანი ბიუჯეტი საკმაოდ ხმამაღლა ჟღერდა და საკმაო მითქმა-მოთქმის საბაბიც იყო, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდანაც კი. ახლა, როცა საქმეში ჩაიხედეთ, მიგაჩნიათ, რომ ეს ბიუჯეტი ბაღებისთვის დიდია და იძლევა "ხელის ფათურის" საშუალებას?
_ მე არ ვიცი, ვინ რას ფიქრობდა, ვის რა ეჭვები აწუხებდა, ან ვინ რას აკეთებდა. ერთია, რომ ეს თანხა ნამდვილად არაა საკმარისი იმ მოთხოვნების მისაღწევად, რაც ჩვენ გვაქვს დასახული.
_ რამდენით აპირებთ მომავალი წლის ბიუჯეტის გაზრდას, მით უმეტეს, იმ ფონზე თქვენ რა გეგმებიც გაგვაცანით?
_ ჩემი წარდგენილი ვერსიით, 2015 წლისთვის ბაღების ბიუჯეტის ზრდა 500 ათასი ლარით უნდა მოხდეს.
_ ამ ინტერვიუდან რამდენიმე საათში ბაღების თანამშრომელთა ტესტირებას ატარებთ; საინტერესოა, ვინ არიან კომისიის წევრები და რა კრიტერიუმით მოხდება შეფასება?
_ მე ვერ დავარქმევდი ამას ტესტირებას, ეს უბრალოდ გასაუბრებაა; უფრო ზუსტად, გაცნობითი ხასიათი ექნება ყველაფერს. შევისწავლით ყველა თანამშრომლის პირად საქმეს და გავესაუბრებით. ჩემთვის მთავარი განათლება, პროფესიონალიზმი და გამოცდილებაა. ბევრმა შეიძლება სიჯიუტედ ჩამითვალოს, მე ჩემი პრინციპი მაქვს და ამის მიხედვით ვმოქმედებ.
_ მართლაც გაუქმდა ბაღებში მზარეულის თანაშემწის შტატი?
_ კი. ერთი შემიძლია გითხრათ _ სანამ დასაქმება არჩევნებზეა დამოკიდებული, მანამ წინ ვერ წავალთ.