ავთანდილ და ხათუნა ცინარიძეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, სახელდახელოდ აგებულ პატარა ფიცრულში ცხოვრობენ. მათ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.
რამდენიმე წლის წინ, ავთანდილი აქ საცხოვრებლად მაღალმთიანი ლეჩხუმის ერთ-ერთი სოფლიდან გადმოვიდა. პატარა სახლი, რომელსაც უფრო ქოხი შეიძლება ეწოდოს, მაშინ დადგა და დღეისთვის კი იგი უკვე ავარიულ მდგომარეობაშია.
გურიაში მომხდარი სტიქიური წვიმებისა და წყალდიდობის დროს, ცინარიძეების სახლში წყალი ტბად იდგა, ჭერიდან და კედლებიდან წვიმა ისე ჩამოდიოდა, მეზობლების დახმარებით, სათლებითა და თასებით გაჰქონდათ ოთახიდან.
_ მხოლოდ დარში შეიძლება ჩვენს სახლში თავის შეფარება. რომ მოიღრუბლება, მაშინაც ისე ცივა, პატარასთვის გაუსაძლისია, თან უკვე ზამთარი მოდის და შიში მიპყრობს, რა უნდა ვქნათ. ქარს, წვიმას და თოვლს ეს სახლი ვერ გაუძლებს, თუ ირგვლივ არ შეიკრა და სახურავიც არ შეკეთდა, საიდანაც წვიმა ჩამოდის, _ გვეუბნება ხათუნა ცინარიძე.
მდგომარეობა მართლაც მძიმეა. ისედაც ძველ და ნახევრად დამპალ ფიცრებში ჭუჭრუტანები ჩანს. დაზამთრებამდე თუ ამ ოჯახს რაიმე დახმარება არ გაეწია, რამდენიმე თვის ბავშვით აქ ცხოვრება სახიფათო და სარისკოა.
ცოლ-ქმარი ცინარიძეები უმუშევრები არიან. ჰყავთ ერთი ძროხა, რომლიც ოჯახს სარჩენად არ ყოფნის და ოჯახის უფროსი სამუშაოდ თურქეთში წავიდა: _ უკიდურესმა გასაჭირმა წამიყვანა იქ, თორემ თურქეთში თუ მოვკრეფ ჩაის, აქ რატომ დავიხევ უკან ჩვილი ბავშვების პატრონი? მაგრამ, სადაა სამუშაო? დღიურად ხანდახან თუ ვინმეს მივეხმარები, ეს პურის ფულად არ კმარა. როგორც კი თურქეთში წავედი ორიოდე თვით ჩაის საკრეფად, მოვიდნენ და სოციალური დახმარება მოგვიხსნეს. ასე გადამიხადეს "დანაშაულისთვის" სამაგიერო. ჩემ შვილებთან ყოფნას რა მირჩევნია? კაცი ვარ, ხომ არ ვიტირებ, თორემ იქ რომ მივდიოდი, ყელში ქვა მეჩრებოდა. ერთი თვე წელიწადად მომეჩვენა. აქ ჩამოვედი და დამესხნენ თავს, თურმე, დახმარება არ გვჭირდება, რადგან თურქეთში ჩაის საკრეფად წავედი… თითქოს, იქ დასასვენებლად გავემგზავრე… _ ამბობს ავთანდილ ცინარიძე.
ცინარიძეების მცირეწლოვან შვილებს, სახელმწიფოსგან დახმარების სახით 48 ლარი ეძლევათ. სულ ეს არის მათი ფულადი შემოსავალი. ახლა ოჯახს ორმაგი გასაჭირი აქვს: სახლს, სახურავიან-კედლებიანად, გამაგრება სჭირდება, ბავშვებს კი _ ლუკმაპური.
მათი თქმით, ამ წლის მარტში ოჯახს სოფლის გამგებელი და მისი თანამშრომლები სტუმრობდნენ. გაეცნენ ოჯახის მდგომარეობას. თქვეს, რომ სოციალური დახმარების დანიშვნის თაობაზე ახალი გადამოწმება მოხდებოდა, ხოლო სახლის მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლიდა. მას შემდეგ ნახევარი წელი გავიდა და ჯერ არანაირი შედეგი არ დამდგარა.
სოფელ ჭანიეთის დეპუტატი დავით მჟავანაძე მაშინ სოფლის გამგებელი იყო, მერე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დეპუტატი გახდა. სოფლის რჩეულს ცინარიძეების ოჯახის გასაჭირზე ვკითხეთ:
_ ამ ოჯახში ჩვენ გაზაფხულზე ვიყავით, მივიყვანეთ კომისია, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებთა შემადგენლობით შეიქმნა. უნდა დავხმარებოდით. მერე იყო არჩევნები და ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა, საჭირო გახდა კიდევ ერთხელ მისვლა. ახლა რაიონის გამგებელს, მერაბ ჭანუყვაძეს დავალება აქვს მიცემული სოფლების ხელმძღვანელთათვის, რომ ადგილზე შეისწავლონ ყველა გაჭირვებული ოჯახის მდგომარეობა, _ გვითხრა მჟავანაძემ.
_ ახალ ხელისუფლებაში ხართ თქვენც, ხალხმა ნდობის მანდატი მოგცათ. რას აკეთებთ?
_ საქმეს ვაკეთებ. ვიცი, რომ მეც ვარ ამ ხელისუფლებაში და ამ ოჯახის შესახებ ვისაუბრეთ სოფლის რწმუნებულთან. მალე მოვაგვარებთ ამ საკითხს.
მერაბ ბერაძე, სოფელ ჭანიეთის რწმუნებული:
_ ცინარიძეების ოჯახში გაზაფხულზე ვიყავით. ახლა განცხადებით მივმართე ოზურგეთის ინფრასტრუქტურის სამსახურს, საიდანაც დღე-დღეზე ველოდებით კომისიას. ეს კომისია შეისწავლის და შეაფასებს, როგორც ცინარიძეების, ისე სოფელში მცხოვრები სხვა, უკიდურესად გაჭირვებაში მყოფ ოჯახებს.
_ ბევრს უჭირს, მაგრამ ცინარიძეებს ქოხში ჰყავთ ჩვილი ბავშვი, სადაც წვიმა ჩამოდის, კედლებიდან ქარი უბერავს. წარმოუდგენელია ჩვილი ბავშვით იქ ზამთრის გატარება…
_ გასაგებია, ვიცით და რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ. კომისია შეიწავლის და შესაძლებლობის ფარგლებში, დარწმუნებული ვარ, დახმარებას გაუწევს სახელმწიფო. რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ოჯახს ხელმეორედ გადაამოწმებენ და შესაბამისი ქულების მიღების შემთხვევაში, ალბათ, დაენიშნება დახმარება, ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. უბრალოდ, რაც ვიცი, იმას გეუბნებით, _ ამბობს სოფლის რწმუნებული.