საქართველოს სახელისუფლებო ცვლილებები, დღეს დილიდან მნიშვნელოვანი საგარეო ამბების ნუსხაში მოხვდა მეზობელი ქვეყნების მედიასაშუალებებშიც. თურქული მედია, რომელიც ირაკლი ალასანიას გადაყენებას ეხება, მის ციტატებს იშველიებს და აცხადებს, რომ ეს არის დარტყმა "ნატო"-სა და ევროკავშირზე.
თურუქული ონლაინგამოცემა www.ajans34.com -ი წერს, რომ ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, გადაეყენებინა თავდაცვის მინისტრი, კორუფციასთან ბრძოლით აიხსნება. ამის დასტურად კი გამოცემა პრემიერმინისტრის განცხადებიდან ციტატა მოჰყავს: "… ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი კორუფციასთან ბრძოლაა."
გამოცემა ევროინტეგრაციის მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის გადადგომასაც ეხება და მისი გამოსვლიდან ის ციტატა მოჰყავს, რომელშიც პეტრიაშვილი დიქტატურის მოახლოებაზე საუბრობდა.
"დიქტატურა გვიახლოვდება, დემოკრატია საფრთხეშია" – იმეორებს თურქული გამოცემა პეტრიაშვილის გამონათქვამს.
"ქართულ ოცნებაში ბზარები იზრდება – საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს" – ასე ეხმაურება მაია ფანჯიკიძის გადადგომას სხვა თურქული გამოცემა.
www.5kitahaber.com-ი წერს რომ ქვეყანაში, რომელიც ჯერ ბოლომდე არ განკურნებულა 2007 წლის ხუთ-დღიანი ომის ჭრილობებიდან, "ქართულმა ოცნებამ" დაკარგა ორი მნიშვნელოვანი მინისტრი.
ქართულ პოლიტიკაში შექმნილ მდგომარეობას ეხმიანება იტალიური მედიაც. გამოცემა www.europapress.es- წერს, რომ მას შემდეგ რაც ალასანიამ თავდაცვის უწყებაში მომხდარი დაპატიმრებები გააკრიტიკა, პრემიერ-მინისტრმა იგი თანამდებობიდან გადააყენა.
"ახლა კი ექვსი სუბიექტისაგან შემდგარ "ქართული ოცნების" კოალაციაში კრიზისი დგას"
– აღნიშნავს გამოცემა და მომხდარს სახელისუფლებო კრიზისად აფასებს.
ინტერნეტგამოცემა www.asca.it-ი რია ნოვოსტზე დაყრდნობით წერს, რომ სხვადასხვა თანამდებობები ალასანიას პოლიტიკურმა მხარდამჭერებმა, კახა კალაძის მოწოდებების შემდეგ დატოვეს.
"… კახა კალაძემ ჯერ კიდევ საღამოს მოუწოდა ხელისუფლებაში მყოფ თავისუფალ დემოკრატებს, რომ დაეტოვებინათ თანამდებობები, რასაც მოჰყვა მაია ფანჯიკიძის გადადგომა", _ აღნიშნავს გამოცემა.
www.reuters.com-ი კი მასალაში რომელიც ალასანიას გადადგომას ეხება, ყურადღებას ამახვილებს დასავლეთის რეაქციაზე და აღნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ ქართული ოცნების მიერ პოლიტიკურ ოპონწნტებზე მომხდარი შერჩევითი ანგარიშსწორების გამო.