საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისბრძანების საფუძველზე, ცვლილებები შევიდა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულოჯახების განსახლების კრიტერიუმებში.
სამინისტროს მიერ მომზადდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს გაეგზავნათ. საბოლოო რედაქციის ჩამოყალიბება, ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდა. განახლების შემდგომ, კრიტერიუმები უფრო მეტად მოქნილი და მობილური გახდა.
ცვლილებების შედეგად, მანამდე არსებული დაზარალების 4 კატეგორია შეიცვალა და 2 კატეგორიად ჩამოყალიბდა.
პირველი კატეგორია მოიცავს ეკომიგრანტ ოჯახებს, რომელთა სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენის შედეგად(მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა) და არ ექვემდებარება აღდგენას.
მეორე კატეგორია აერთიანებს სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, რომელთა სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა), საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას.
შესაბამისად, ცვლილებები შევიდა სოციალური კრიტერიუმების პაკეტშიც. პირველ კატეგორიისათვის, 5 ქულის ნაცვლად, განისაზღვრა 10 ქულა. მეორე კატეგორია 4-ის მაგივრად 7 ქულას მიიღებს.
კრიტერიუმების დახვეწის პარალელურად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, 2014 წლის 5 ნოემბრიდან, განსახლების მსურველი ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადების მიღება (დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების შესახებ) დაიწყო. აპლიკაციების მიღება უწყვეტ რეჟიმში 2015 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, შესაძლებლობა ეძლევათ, 20 000 ლარის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლი თავისი სურვილის მიხედვით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მოიძიონ. ეკომიგრანტი ოჯახების მიერ სახლების შერჩევა, ხელს უწყობს განსახლების შემდგომ მათი ინტეგრაციის პროცესს.