კინო თანამედროვე ცხოვრების უცვლელი ატრიბუტია. მის გარეშე ცხოვრება დღეს მართლაც რომ წარმოუდგენელია. კინო როგორც ხელოვნების დარგი, დაახლოებით 120 წლის წინ შეიქმნა და განვითარების რამდენიმე საფეხური გაიარა. თავდაპირველად მუნჯური ეპოქიდან ხმოვანზე გადავიდა, შემდეგ შავ-თეთრი გამოსახულება ფერადად შეიცვალა.
ცნობილია, რომ პირველი კინოსურათი ძმები ლუმიერების მიერ გადაღებული “მატარებლის შემოსვლა ლა სიოტის ვაგზალზე” იყო. სინამდვილეში ამ საქმის პიონერები თომას ედისონი და უილიამ დიქსონი იყვნენ. ედისონი 1887 წლიდან მუშაობდა აპარატზე, რომელიც მოძრავი გამოსახულების ჩასაწერად და საჩვენებლად იყო განკუთვნილი. დიქსონმა კი 1889 წელს შექმნა ხელსაწყო, რომელსაც “კინეტოფონოგრაფი” ეწოდა. ამ წყვილმა სულ მალე გადაიღო პირველი სურათი, სადაც დიქსონი ხელის აწევით ესალმებოდა ედისონს.
მსოფლიოში პირველი კინოფესტივალი ვენეციაში, 1932 წელს ჩატარდა. ამ დათვალიერებაზე საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს საბჭოთა შემოქმედი ნიკოლაი ეკი, სურათისათვის “ცხოვრების საგზური”.
პრემიერა მსოფლიოში პირველი მულტიპლიკაციური ფილმისა “ციხე-კოშკი მოჩვენებით”, პარიზის კინოთეატრში გაიმართა 1907 წელს. პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი კი უოლტ დისნეის სტუდიაში შეიქმნა, 1937 წელს.მას “ფიფქია და შვიდი ჯუჯა” ერქვა.
“ოსკარზე” ნომინირებული პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი აღმოჩნდა ასევე დისნეის სტუდიაში გადაღებული “მზეთუნახავი და მხეცი” (1992 წელს), მაგრამ ამ სურათმა ოქროს ქანდაკება მაინც ვერ მოიპოვა, რადგან წარმატება მხატვრულ ფილმს “კრავთა დუმილს” დაუთმო.
ყველაზე გრძელი მულტსერიალი “სკუბი-დუა”, რომელიც უკვე 350-ზე მეტ სერიას ითვლის. დანიური დოგისა და მისი მეგობრების თავგადასავლები ეკრანებზე პირველად 1969 წელს გამოვიდა.
პირველი უსაშველოდ გაჭიანურებული ტელესერიალი “მარტოხელა რეინჯერები” აღმოჩნდა, რომელიც ამერიკის ეკრანებზე კვირაში ერთხელ გადიოდა 1949-დან 1957 წლამდე.
ყველაზე გრძელი ტელესერიალი ლეიტენანტი კოლომბოს შესახებ გადაღებული ფილმებია. ეს უკანასკნელი სამძებრო საქმიანობას ჯერ კიდევ 1967 წელს შეუდგა. ფილმი “მკვლელობა ექიმის რეცეპტით“ სადებიუტო აღმოჩნდა. კოლომბოს როლს მსახიობი პიტერ ფალკი ასრულებდა. მისი ბოლო სერია 2003 წელს გამოვიდა, მას სახელად “კოლომბოს უყვარს ღამის ცხოვრება“ ერქვა და მსახიობი უკვე 80 წელს გადაცილებული იყო.
პირველი საშინელებათა სურათი კი 1896 წელს შეიქმნა. ეს გახლდათ ჟორჟ მელიესის “ციხე-დარბაზი ეშმაკითურთ”, რომლის მოქმედება გოთიკურ ციხე-კოშკში ვითარდებოდა.
მხატვრული სურათების უმრავლესობა წარმოუდგენელია სხვადასხვა ტრიუკებისა და სპეც-ეფექტების გარეშე. აღმოჩნდა, რომ ყველაზე აქტიური კასკადიორი ყოფილა ვინმე ამერიკელი იაკიმა კანუსი, რომელმაც აქტიური “სამსახიობო საქმიანობის” 15 წლიანი მუშაობის მანძილზე 150-ზე მეტ ფილმში შეასრულა ტრიუკები. 1941 წელს მან ორივე ბარძაყის ძვალი მოიტეხა, რის შემდეგაც უკვე თავად დაიწყო ჰოლივუდში სხვადასხვა ტრიუკების დადგმა. მის ნამუშევართა შორისაა ტრიუკები ოთხცხენიან ეტლებზე ფილმში “ბენ ჰური” (აშშ. 1959 წელი). ეს სცენა გასული საუკუნის საუკეთესო სპეცეფექტადაა აღიარებული. 1966 წელს იაკიმა კანუსიმ “ოსკარის” სპეციალური ჯილდო დაიმსახურა.
გაგიკვირდებათ, მაგრამ თურმე არსებობს ე.წ “სურნელოვანი” ფილმებიც.გერმანელმა ინჟინერმა შტეფან რეიცმა გამოიგონა მოწყობილობა, რომელსაც “მყნოსავი ადამიანი” უწოდეს.მისი გამოცდა 2001 წლის ზაფხულში, ბერლინის ერთ-ერთ კინოთეატრში მოხდა.პირველ მხატვრულ ფილმს, რომელსაც “სუნი” ჰქონდა, “ერთი დღის დიეტა” ერქვა. სიუჟეტის მიხედვით, მის მთავარ გმირს კონკურსში გასამარჯვებლად ორმოცდაათი ტორტი უნდა შეესანსლა. მოწყობილობა “მყნოსავი ადამიანი”, ზომით პატარა აუდიოფლეერისხელა იყო და ასამდე საკონდიტრო ნაწარმის არომატის გამოცემა შეეძლო.მაყურებელს ეს ნოვაცია ძალიან კი მოეწონა, მაგრამ პროექტი პრაქტიკაში ჯეროვნად ჯერ არ დამკვიდრებულა.