ფეხბურთის სამშობლოს სახელის მიუხედავად, ბრიტანელთა დიდი ნაწილი საფეხბურთო გაუნათლებლობით გამოირჩევა. ამ ადამიანების რიცხვში ინგლისის დედოფალი ელისაბედიც შედის.
ბრიტანული გაზეთები დღემდე, ერთგვარი იუმორის გრძნობით იხსენებენ 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას. როდესაც დამატებითი დროის პირველ ნახევარში მასპინძლებმა გერმანელებს მესამე ბურთი გაუტანეს, ელისაბედი გვერდით მჯდომ ფიფა-ს მაშინდელ პრეზიდენტს, სტენლი როუზს მიუბრუნდა და გაკვირვებულმა ჰკითხა: „ხომ გავიდა გოლი და გუნდები თამაშს რისთვის არ ასრულებენო?“.
სამაგიეროდ ჯგუფი „ბითლზის“ მშობლიურ ქალაქში ფეხბურთი კარგად ესმით და დიდ პატივსაც სცემენ.
რამდენიმე წლის წინ, ლივერპულის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭა ორ საფეხბურთო გუნდს: „ლივერპულსა” და „ევერტონს”. ლივერპულის მერის სიტყვებით, ქალაქის მცხოვრებნი გვერდს ვერ აუვლიდნენ პოპულარობას, რომელიც ზემოთ ხსენებულმა კლუბებმა მსოფლიოს მასშტაბით შეუქმნეს მშობლიურ ქალაქს და ლივერპული დღევანდელ ავტორიტეტს ანსამბლ „ბითლზს” და საფეხბურთო კლუბებს უნდა უმადლოდეს.