კომუნალურ ვაუჩერს მომდევნო წელს მხოლოდ სუბსიდიის საჭიროების მქონე ოჯახები მიიღებენ.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცალსახად არასწორი მენეჯმენტის შედეგია ის, რომ დახმარებას იღებენ როგორც შეჭირვებული, ისე სოლიდური შემოსავლის მქონე ოჯახები.
ამის პარალელურად, დედაქალაქის მერია “სიცრუეს” უწოდებს კომუნალური სუბსიდირების პროგრამის შეცვლის შესახებ საკრებულოს უმცირესობის წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველების გარდა ყველა სხვა დანარჩენ ოჯახსაც 2015 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში, ჩვეულებრივ ჩაერიცხება 20 ლარი თვეში, როგორც ეს წინა წლებში ხორციელდებოდა.
“დღეს საკრებულოს უმცირესობის წევრებმა გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს 2015 წლიდან თბილისში რეგისტრირებული ოჯახების კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი მცირდება.
რეალურად, 2015 წლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის არსებული შეღავათები გაორმაგდება და, 250 ლარის ნაცვლად, მათზე 500-ლარიანი სუბსიდია გაიცემა, ხოლო ყველა დანარჩენ ოჯახს 2015 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში, ჩვეულებრივ ჩაერიცხება 20 ლარი თვეში, როგორც ეს წინა წლებში ხორციელდებოდა.
სამწუხაროდ, დღეს არსებული პროგრამის ადმინისტრირების მექანიზმები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ოჯახებზე, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მიზნობრივად გაიცეს კომუნალური სუბსიდიის თანხა მათი საჭიროების შესაბამისად. პროგრამის ხარვეზის გამო, დახმარებას იღებენ როგორც შეჭირვებული, ისე სოლიდური შემოსავლის მქონე ოჯახები, რაც ცალსახად არასწორი მენეჯმენტის შედეგია.
პროგრამის სრულყოფის მიზნით, დახმარების მიზნობრიობის გაუმჯობესებისათვის, 2015 წელს შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მომდევნო წლის განმავლობაში შეიმუშავებს არა სოციალურად დაუცველი, მაგრამ კომუნალური სუბსიდიის საჭიროების მქონე ოჯახებისათვის დახმარების მიზნობრივად გაცემის მექანიზმებს და, მიღებული შედეგების შესაბამისად, 2015 წლის ნოემბერსა და დეკემბერში განხორციელდება ასეთი საჭიროების მქონე ოჯახების დამატებითი სუბსიდირება”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
რაც შეეხება საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის უფასო მგზავრობის საკითხს, მერიის ინფორმაციით, ის საჭიროებს თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებას, რაც 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე იქნება მიღებული.
“მივმართავთ საკრებულოს უმცირესობის წევრებს, ნუ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას და შეგნებულად ნუ შეიყვანენ შეცდომაში თბილისის მოსახლეობას”, – აღნიშნავენ მერიაში.
თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტში კომუნალური ვაუჩერის ოდენობის განახევრებაზე განცხადება თბილისის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თამაზ შოშიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
თამაზ შოშიაშვილმა საკრებულოში შესული თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი შეაფასა. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მან, პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტის პროექტში კომუნალურ გადასახადზე დახმარების განახევრებასთან დაკავშირებით. შოშიაშვილის თქმით, თბილისის კომუნალური ვაუჩერი განახევრებულია.
“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაწესებული ვაუჩერი, რომელსაც მოსახლეობა წლების განმავლობაში იღებდა და ზამთრის განმავლობაში 100 ლარს შეადგენდა, განახევრებულია და 50 ლარს შეადგენს; შესაბამისად ოჯახს თვეში 20 ლარის ნაცვლად 10 ლარის შეღავათი ექნება”, – აცხადებს შოშიაშვილი.
მისივე თქმით, 70 000 სარეიტინგო ქულამდე მქონე ოჯახებისათვის კომუნალური ვაუჩერის 450 ლარამდე გაზრდის საფარქვეშ, დავით ნარმანია უარს ამბობს იზრუნოს სხვა სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე მეტია. ასეთი თბილისში, თამაზ შოშიაშვილის თქმით, 56 000 ოჯახზე მეტია.
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აღნიშნა, რომ მათი ფრაქცია საკრებულოში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიუჯეტის მომავალი წლის პროექტში კომუნალური ვაუჩერი შემცირებული ოდენობით არ დაფიქსირდეს და დედაქალაქის მერმა ის დანაპირები შეასრულოს, რასაც თბილისის მოსახლეობას არჩევნებამდე დაპირდა.
“საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობა” ბიუჯეტის მომავალი წლის პროექტს მხარს არ დაუჭერს. პროექტი არაადეკვატურია და თბილისის განვითარებას ვერ პასუხობს. როგორც ჩანს, დედაქალაქის მერი თბილისელების მოთხოვნებს ვერ აღიქვამს”, – განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.