რადიო ჰერეთი საქართველოს სახალხო დამცველს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართავს
"ქ. თბილისში FM 93.5 –ზე რადიომაუწყებლობის ლიცენზია N B150 ის გამო ცალ-ცალკე ორი დავა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში.
საქალაქო სასამართლოში მოსარჩელეა სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის კახა ბაინდურაშვილის კომპანია შპს "ენერჯი გრუპი", მოპასუხეა საქართველოს კომუნიკაციების კომისია.
სააპელაციო სასამართლოში აპელანტია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, მოწინააღმდეგე მხარე – რადიო ჰერეთი, მესამე პირი – შპს „ენერჯი გრუპი“.
როგორც მოგეხსენებათ,სააპელაციო სასამართლოში კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაასაჩივრა სასამართლოს მიერ რადიო ჰერეთის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ რადიო ლიცენზიის კონკურსში შპს "ენერჯი გრუპის" გამარჯვებულად გამოცხადება უკანონოდ მიიჩნია და დაავალა კომისიას ამავე კონკურსის ფარგლებში რადიო ჰერეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ხელახლა განხილვა და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
2014 წლის 13 მაისს სააპელაციო სასამართლოში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააყენა შუამდგომლობა საქმის განხილვის შეჩერების თაობაზე იმის გამო, რომ პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს შპს "ენერჯი გრუპის" სარჩელის განხილვა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ და ამ საქმეზე მომავალში მიღებულმა გადაწყვეტიოლებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს რადიო ჰერეთის მიმართ უკვე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სააპელაციო სასამართლოს მოსთხოვა საქმის შეჩერება იქამდე, ვიდრე არ იქნება გადაწყვეტილი დავა შპს "ენერჯი გრუპსა" და კომუნიკაციების კომისიას შორის.
სააპელაციო სასამართლომ მიიღო საქმის წარმოების შეჩერების განჩინება.
აღნიშნულიდან გამომდინარე რადიო ჰერეთმა შუამდგომლობით მიმართა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შპს "ენერჯი გრუპსა" და კომუნიკაციების კომისიას შორის მიმდინარე დავაში მესამე პირად ჩართვა.აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა და მაქსიმალური წინააღმდეგობა გაუწია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა ნინო ნიჟარაძემ იმ მოტივით, რომ როგორც თავად განაცხადა, შპს "ენერჯი გრუპსა" და კომუნიკაციების კომისიას შორის მიმდინარე დავა ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა რადიო ჰერეთზე და რომ ამის გამო არ არსებობდა რადიო ჰერეთის საქმეში მესამე პირად ჩართვის საფუძველი.
გაუგებარია რატომ არის კომისია რადიო ჰერეთის საქმეში მონაწილეობის ასეთი წინააღმდეგი.
ვფიქრობთ, კომუნიკაციების კომისიის მხიდან ეს საქმე დღემდე შეგნებულად ჭიანურდება, მაშინ როცა არსებობს სახალხო დამცველის და დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მისამართით.
მიუხედავად ჩვენი რამდენიმეთვიანი მცდელობისა, რადიო ჰერეთის წარმომადგენლებს არ ხვდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ეს წინააღმდეგობრივი პოზიციები ბევრ კითხვას ბადებს:
• რადიო ჰერეთი საქმეში მესამე პირად ერთვება არა კომუნიკაციების კომისიის, არამედ შპს "ენერჯი გრუპის" წინააღმდეგ. ასეთ ვითარებაში გაუგებარია რით არის კომისიის ეს წინააღმდეგობა განპირობებული.
• რატომ აქვს კომისიას ერთსა და იმავე საკითხზე ორ სხვადასხვა საქმეში განსხვავებული პოზიცია?
• ინფორმირებულია თუ არა კომუნიკაციების ეროვნული კომისია იმის თაობაზე, რომ მისი წარმომადგენელი სასამართლოში საქმეების განხილვისას იჩენს პროფესიულ არაეთიკურობას და სუბიექტივიზმს როცა ერთსა და იმავე საკითხზე ორ სხვადასხვა სასამართლოში სრულიად განსხვავებულ პოზიციებს აჟღერებს?
• თუ ინფორმირებულია, მაშინ რით არის კომუნიკაციების კომისიის ამგვარი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები განპირობებული?
გთხოვთ, მიადევნოთ თვალი სასამართლო პროცესებს და უზრუნველყოთ სასამართლო სხდომებზე თქვენი წარმომადგენლების დასწრება", _ნათქვამია განცხადებაში.