კავკასიის ეკონომიკურმა და სოციალურმა კვლევითმა ინსტიტუტმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ამა წლის აგვისტოსა და ოქტომბრის თვეებში სამტრედიის, დმანისისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში განახორციელა ადგილობრივი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ფაქტორების კვლევა. კვლევა განხორციელდა ე.წ. PACA მეთოდოლოგიის (კონკურენტული უპირატესობის ამაღლება თანამონაწილოების გზით) გამოყენებით. კვლევის დაწყებას წინ უძღოდა აღნიშნულ რეგიონებში ტრენინგებისა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრები, სადაც ადგილობრივი აქტორები მსჯელობდნენ ეკონომიკური განვითარების არსებულ დონესა და იმ შესაძლო რეზერვებზე, რომელთა ამოქმედება ხელს შეუწყობს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას. PACA მეთოდოლოგია ითვალისწინებს ცნობილი ეკონომისტის იოსეფ შუმპეტერის მიდგომას, რომელიც ინოვაციას განსაზღვრავდა როგორც არსებულის „გადაწყობას“. ინოვაცია არ არის გამოგონება ე.ი არ არის რაღაც შინაგანად ახალის ჩამოყალიბება. ინოვაციის სიახლე მდგომარეობს არსებული ელემენტების ახლებურად კომბინირებაში.
თითოეული მუნიციპალიტეტისათვის გამოიყო ის კონკურენტუნარიანი წარმოება, რომელსაც ზრდის მაღალი პოტენციალი აქვს. აღნიშნული მიდგომა კონკრეტული, ადგილობრივი ბიზნეს სუბიექტის საქმიანობის შესწავლას ეფუძნება.
მარტივილის მცირე საწარმო, ღვინის მარანი – „ღვინო მარტვილი“ ჩამოყალიბდა 2012 წელს, რომლის ჩამოყალიბების მიზანი იყო, გადაშენების პირას მდგარი ოჯალეშის ღვინის წარმოება და სხვა გადაშენებული მეგრული ჯიშების გაშენება. მეურნეობა მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ თარგამეულში. პირველივე წელს „ღვინო მარტვილეს“ მიერ წარმოებულმა ოჯალეშის ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა. ღვინო წარდგენილი იქნა „ღვინის ფესტივალი – 2013“-ზე, სადაც ყველა დიდი ინტერესით და მოწონებით შეხვდა მეგურლი ოჯალეშის დაბრუნებას ქართულ ბაზარზე. „Vino Martville“-ს ბიზნეს საქმიანობის გამოცდილებისა და დარგის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ის ძირითადი პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა ხელს შეუწყობს აღნიშნული დარგის განვითარებას. პრობლემათა შორის, ადგილობრივი ბიზნესისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ტექნიკური დახმარების საკითხები იქნა მიჩნეული: ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტირების საკითებში დახმარება და ღვინის ტურიზმის განვითარების საკონსულტაციო მომსახურება.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში საანალიზო დარგად თხილის წარმოება იქნა შერჩეული. აღნიშნული დარგის შერჩევა მასში არსებული საშუალო და წვრილი საწარმოების შედარებითმა სიმრავლემ განაპირობა. დარგის განვითარებისათვის აუცილებელ ფაქტორად ადგილობრივი მეწარმეების მიერ დასახელდა თხილის წარმოების საბოლოო პროდუქტის საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის ტექნიკური ნორმების დანერგვა, წარმოების სრული ციკლით. აქ მოიაზრება, ისევე როგორც, თხილის უშუალოდ გადამუშავების პირობები, ასევე გადამუშავებული (დამტვრეული, დაკალიბრებული) თხილის შეფუთვის, დასაწყობების და ტრანსპორტირების შესაბამისობა ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან.
დმანისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში საანალიზო დარგად ყველის წარმოება იქნა მიჩნეული. აღნიშნული დარგის განვითარება განპირობებულია ადგილობრივი კლიმატური პირობებით და გეოგრაფიული მდებარეობით. მუნიციპალიტეტი განლაგებულია ზღვის დონიდან 1250 მეტრის სიმაღლეზე, რაც ხელს უწყობს საძოვრების ნაყოფიერებას და შედეგადაც პირუტყვის მაღალპროდუქტიულობას. ყველის წარმოების მრავალწლიანი ტრადიციის მიუხედვად, მუნიციპალიტეტში არ არის სტანდარტიზებული საწარმო, რომელიც შესაძლოა პასუხობდეს წარმოების სრული პროცესის სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. არსებული საწარმოები ძირითადად საკუთარი ნედლეულით აწარმოებენ ყველს, ხოლო დამატებით რძის მიღების შემთხვევაში, მხოლოდ ცხიამიანობაზე ამოწმებენ და არ ხდება რძის სხვა კომპონენტების დადგენა, რაც პროდუქციის შემდგომ დამუშავებაზე, ხარისხზე და ბაზრის განვითარების დინამიკაზეც ზემოქმედებს.
ექსპერტების ანალიზისა და ადგილობრივ აქტორებთან განხილვების შედეგად გამოკვეთილ იქნა დარგის განვითარებისათვის აუცილებელი შემდეგი საკითხების გადაჭრის აუცილებლობა: მეცხოველეობაში და მემცენარეობაში ჯიშების გაუმჯობესობა, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და პროდუქციის ხარისხის კონტროლი; ადგილობრივი ფერმერების ხელმშემწყობი ეფექტური პროგრამების განხორციელება და სოფლის მეურნეობის დარგში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; ინვესტიციების მოზიდვა სასოფლო სამეურნეო პროდუქტების (რძის და ხორცის) გადამამუშავებელი საწარმოების შესაქმნელად. მოკლევადიანი პერიოდის ადგილობრივ ინიციატივებად კი დასახელდა: „გადასარეკი ტრასების“ მოწყობა; ვეტერინარული მომსახურებისა და ჯიშთა გაუმჯობესების ცენტრების ხელმისაწვდომობა; საძოვრების გაკულტურების და აგრო–ტექნიკის სერვის ცენტრების ხელმისაწვდომლობა; ირიგაციისა და დასარწყულებლების მოწესრიგება; „ტაშირის“ (სომხეთის რესპუბლიკა) მეწარმეთა გამოცდილების გაზიარება ევროსტანდარტების დანერგვის თვალსაზრისით (რეგიონში არსებობს 10-მდე ევროსტანდარტის ქარხანა).
პროექტის შემდგომი აქტივობა ითვალისწინებს სამი რეგიონის მიხედვით ანალიტიკური სახელმძღვანელოს – „კონკურენტული უპირატესობის ამაღლება თანამონაწილეობის გზით“ ინგლისური ვერსიის გამოცემას. პროექტის საერთაშორისო მასშტაბებიდან გამომდინარე აღნიშნული სახის ანალიტიკური კრებულები მომზადდება პროექტის ყველა პარტნიორ ქვეყნებში: სომხეთში, მოლდოვეთში, საბერძენეთსა და ბულგარეთში. შემდგომ ეტაპზე გამოიცემა ანალიტიკური კვლევის გაერთიანებული ვერსია, სადაც განსაკუთრებული აქცენტი იმ ტრანსასაზღვრო ინიციატივებზე გაკეთდება, რომელთა განხორციელება შავი ზღვის აუზის ქვეყნებში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
პროექტის შესახებ მოკლე ინფორმაცია:
2013 წლის მაისიდან კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი (CIESR) ახორციელებს პროექტს “ადგილობრივი/რეგიონული ეკონომიკური განვითარების ქსელები, როგორც კონკურენტუნარიანობის ზრდის გადამწყვეტი ფაქტორი შავი ზღვის აუზის რეგიონში Local/Regional Economic Development Network as decisive leverage point for enhanced competitiveness in the Black Sea Basin regions (Black Sea LRED-Net)” (http://georgia.lred-net.org/ge).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის შავი ზღვის პროგრამის მიერ და მისი ხანგრძლივობა 2 წელია. პროექტის ბენეფიციარის „სომხეთის საშუალო და მცირე მეწარმოების განვითარების ეროვნული ცენტრის“ (SME DNC) პარტნიორს საქართველოში წარმოადგენს კავკასიის სოციალური და ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტი – CIESR.