2010 წლის 10 ივნისის, კამპალას "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების ცვლილების" თაობაზე შეთანხმება, რატიფიცირებისთვის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ წარადგინა. მომხსენებლის განმარტებით, შეთანხმება ითვალისწინებს ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საწამლავის, მოწამლული იარაღის, მხუთავი ან მომწამვლელი გაზებისა და სხვა ანალოგიური ნივთიერებების, მასალებისა და საშუალებების გამოყენება აიკრძალა. ამასთან ერთად, აიკრძალა ისეთი ტყვიების გამოყენება, რომლებიც ადვილად იხლიჩება ან ფეთქდება ადამიანის სხეულში. კომიტეტის წევრებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოუთქვამთ და მის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
დღესვე, კომიტეტმა "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ", კანონპროექტი განიხილეს, რომლის მიზანია მოახდინოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემუშავების პროცესის სისტემატიზაცია, განსაზღვროს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებები და მათი უფლებამოსილება. ამასთან ერთად, კანონპროექტი მიზნად ისახავს, მოხდეს საქართველოს კანონმდებლობის შემდგომი ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან. გარდა ამისა, პროექტის მიზანია, საქართველოს პრემიერ‐მინისტრის სათათბირო ორგანოს‐ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფუნქციონირებისა და ძირითადი ამოცანების კანონში ასახვა.
აღნიშნული კანონპროექტიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებების შეტანა გათვალისწინებულია კიდევ 9 კანონში: "საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს კანონში "თავისუფლების ქარტია" ცვლილების შეტანის შესახებ", "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
დეპუტატების მიერ კითხვები დაისვა "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განმარტა, საქართველოს კანონის მე‐2 მუხლის "ლ" ქვეპუნქტი და 27‐ე მუხლის პირველი პუნქტი დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვად არ ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თანამშრომლებს, არამედ ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოხელეებს.