გასულ ხუთშაბათს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩატარდა, რომლის დღის წესრიგი ათ საკითხს მოიცავდა.
პირველივე საკითხმა საკმაოდ მწვავე დებატები გამოიწვია, რაც ბუნებრივიცაა _ საკითხი 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანას ეხებოდა, კონკრეტულად კი, ხარჯების გარკვეულ მატებას _ საფეხბურთო კლუბ "გურიას" სასტუმროსა და კვების დავალიანების დასაფარად 68 ათასი ლარის გასტუმრება იქცა დეპუტატებს შორის კამათის მიზეზი.
საქმე იმაშია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ისედაც შავ დღეშია და გარღვევა, დღეის მონაცემით, 400 ათას ლარს აჭარბებს. წლის ბოლომდე დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება და ხელფასების ვერგაცემის საშიშროება უკვე ცხადზე ცხადია. ამ ფონზე, დეპუტატთა ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა ხარჯების ზრდა. ამის წინააღმდეგი განსაკუთრებით საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძე იყო, რომელიც შესაბამის ფინანსურ უზრუნველყოფას ვერ ხედავდა აღნიშნულ საბიუჯეტო ცვლილებებში.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ბიუროს წევრები დააიმედა, აღნიშნული თანხის გარანტად ფინანსთა სამინისტრო იქნება, რომელიც წლის ბოლომდე ამ ფულის დამატებას დაგვპირდაო. თუმცა, ბიწაძემ ეს სრულყოფილ არგუმენტად არ მიიჩნია: _ ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის საფუძველად ხადურის დაპირება ჩავწეროთ? _ იკითხა მან.
აზრთა სხვადასხვაობა დღის წესრიგის იმ საკითხმაც გამოიწვია, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას გულისხმობს. აღნიშნული სამსახური რეორგანიზაციის შედეგად სოციალურ სამსახურს შეერწყა და ბევრისთვის გაუგებარია, ახლა რატომ დადგა დღის წესრიგში მისი ისევ ცალკე გამოყოფის საკითხი.
ამავდროულად, თვითმმართველობის კანონის თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს შესაბამისი კვოტა მიესადაგა, რომლის საფუძველზე სულ 13 თანამდებობის პირი უნდა იყოს გამგეობის სტრუქტურაში. აქედან, 10 სამსახური გამოდის და მეთერთმეტეს დამატება ბიუროს რამდენიმე წევრმა, ცოტა არ იყოს, მიზანშეუწონლად მიიჩნია.
"სხვა საქმეა, თუ მოხდება სახანძრო-სამაშველო სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლა. ამაზე საუბარი რამდენიმე თვის წინ კი დაიწყო, მაგრამ რეალურად აღნიშნული სამსახური ჯერ კიდევ მუნიციპალიტეტის საშტატო სტრუქტურებშია და მისი შემდგომი ბედი ბურუსითაა მოცული. საქმეს ისეთი პირი უჩანს, სახანძრო-სამაშველო სამსახური არ გადავა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში და ამ ფონზე ახალი სამსახურის შექმნაზე საუბარი ნაადრევია. მართალია, თვითმმართველობის კანონში მიღებული ცვლილების თანახმად, ამ სამსახურის თანამშრომლები მუნიციპალიტეტის საშტატო ნუსხაში არ ირიცხებიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, საკუთრივ სამსახური არ მივიჩნიოთ გამგეობის სამსახურად. რადგან სპეციფიკური სფეროა, საკონკურსო-საატესტატო გამოცდებში აღნიშნული სამსახურის თანამშრომლები ვერ მიიღებენ მონაწილეობას. სწორედ, ამიტომ მოხდა მათი საშტატო ნუსხიდან ამოღება, როგორც დამლაგებლისა და მძღოლების შემთხვევაში", _ თქვა ბიწაძემ.
ბიუროს სხდომის დღის წესრიგში იყო კიდევ ერთი საკითხი _ ახალი ა(ა)იპ-ის დაფუძნება, რომელსაც "გოგონათა ექსპერიმენტული სარაგბო-საფეხბურთო სკოლა" ერქმევა. ამ საკითხზე ბიუროს წევრებმა მუნიციპალიტეტის გამგებელს თანხმობა მისცეს, მაგრამ კითხვები გააჩინა დაფინანსების წყარომ. 2015 წლის ბიუჯეტში, ბუნებრივია, ეს ასახული არაა და დეპუტატები დაინტერესდნენ არსებული ბავშვთა საფეხბურთო კლუბის ბიუჯეტიდან მოხდება თანხების გამოყოფა, თუ სხვა თანხაა მოსაძიებელი.
წესითა და რიგით, შესაბამის კომისიებში განხილვის შემდეგ ამ თემასაც ნათელი უნდა მოეფინოს.