ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლას, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაღუპული გმირის, გია გოგუაძის სახელი მიენიჭა.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ლელა იმედაშვილმა, ამის შესახებ, ბოხვაურის სკოლაში შეკრებილ საზოგადოებას ამცნო.
ლელა იმედაშვილი, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: არასდროს უფიქრია იმ 11 წლის განმავლობაში, რომელსაც ამ შენობაში ატარებდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის გახდებოდა ღირსი, ბოხვაურის საჯარო სკოლას მინიჭებოდა მისი სახელი. ამიტომ, პედაგოგებს მეტი სიფრთხილე და სიყვარული გვმართებს, არავინ იცის, რამდენი გმირი ზის მერხთან.
მალხაზ მერლანი, პოლკოვნიკი, მესამე ბრიგადის მეთაური: მინდა შეგახსენოთ, რომ 2010 წლის 13 სექტემბერს, გია გოგუაძემ ფიცი დადო მისი ქვეყნის წინაშე და ციტირებას მოვახდენ ერთი წინადადებისას: „ ვფიცავ, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისთვის.“ აი, ამ ადამიანმა ფიცი პირნათლად შეასრულა.
მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი: ამ სკოლას აქვს ერთი დიდი რამ, რომ აქ სწავლობდა გია გოგუაძე. მინდა, ასევე ბავშვებს მივმართოთ, რომლებიც აუცილებლად გაურთხილდებიან სკოლაში გია გოგუაძის კუთხეს და იმ სახელს, რომელსაც დღეიდან ატარებს ბოხვაურის საჯარო სკოლა.
ნონა გოგუაძე, გია გოგუაძის დედა: ყველას მადლობა, ვისაც გია გოგუაძე ახსოვს! მადლობა დღევანდელი დღისთვის! რა თქმა უნდა, მხოლოდ გარდაცვლილები არ არიან გმირები, თითოეული ადამიანი გმირია, ვინც სამშობლოს სადარაჯოზე დგას. მახსოვს, გიას დაკრძალვის დღეს, მის მეგობრებს მივმართე: არ შეგეშინდეთ, ყველას სიკვდილი არ უწერია. აქ მინდა, ვთქვა პირველად, გიას გარდაცვალების შემდეგ, ერთ-ერთ სამხედრო პირს ვთხოვე, წავეყვანე ავღანეთში და დამესრულებინა ჩემი შვილის დაწყებული მისია, მაგრამ ეს გაიგეს ოჯახის წევრებმა და ვერ მოვახერხე.