იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი "საქართველოს სამოქალაქო კოდექში“ ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტის მიხედვით, რომლის ინიციატორია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც განისაზღვრება მარტოხელა მშობლის სამართლებრივი დეფინიცია, კერძოდ: მარტოხელა მშობლად მიიჩნევა მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი.
პროექტით განსაზღვრულია მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის დეფინიცია. მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და დედა ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ არის რეგისტრირებულ ქორწინებაში.
პროექტის მიხედვით კი, მარტოხელა მამას მიეკუთვნება პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და მამა ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ არის რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამასთანავე, მარტოხელა მამად მიიჩნევა ის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის დედის შესახებ.
კანონპროექტს მეორე მოსმენით განხილვის დროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შენიშვნის საფუძველზე დაემატა ახალი მუხლი, რომლის თანახმად კანონპროექტის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მოპოვების უფლება გავრცელდება აგრეთვე 1996 წლის 18 აპრილიდან 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოქმნილ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი დედისაგან შობილი ბავშვის მამის გვარად მიეთითებოდა დედის გვარი, ხოლო მამის სახელი იწერებოდა დედის მითითებით. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.