ქარტიის საბჭო გაზეთ "სამხრეთის კარიბჭესთან" გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება, რომელიც გუშინ საღამოს, გამომცემლობის რედაქციასთან გაიმართა.
აქციის მონაწილეები "სამხრეთის კარიბჭეს" მიკერძოებულ გაშუქებაში ადანაშაულებდნენ.
კერძოდ, საუბარია ახალქალაქის მუნიციპლიტეტის სოფელ გოგაშენში მომხდარ მკვლელობასა და მასთან დაკავშირებული ამბების გაშუქებაში.
"გოგაშენის მცხოვრებლების გაღიზიანება, "სამხრეთის კარიბჭეში" გამოქვეყნებულ სტატიას მოჰყვა, სათაურით: " ბრალდებულის და: "სამხარეოს უფროსმა წიხლები მირტყა, ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა"
სტატიაში საუბარია იმის შესახებ, რომ გოგაშენში მომხდარი მკვლელობის ღამეს, მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლები, დები და ერთ-ერთი დის შვილი, რაიონულ სამმართველოში წაიყვანეს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ. სამართალდამცავები მათგან მკვლელობაში ბრალდებულის ადგილსამყოფელის გამხელას მოითხოვდნენ. რესპონდენტები ადანაშაულებენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსს თეიმურაზ კალანდაძესა და მის რამდენიმე თანამშრომელს.
"სამხრეთის კარიბჭესთან" შეკრებულები, დაზარალებულების ახლობლები, დღეს აცხადებდნენ, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტები არაზუსტია, სამართალდამცველები მსგავს საქციელს არ ჩაიდენდნენ, რადგან მათი დამსახურებაა, რომ სოფელმა ბრალდებულის ახლობლები ლინჩის წესით არ გაასამართლა.
გარდა ამისა, დაზარალებულების ახლობლები "სამხრეთის კარიბჭეს" ადანაშაულებდნენ ამბის მიკერძოებულად გაშუქებაში. ისინი ამბობდნენ, რომ გაზეთი არ დაინტერესებულა დაზარალებულების პოზიციით. ასევე, არ გაუშუქებია ის ფაქტი, რომ ბრალდებულის ახლობლებს იცავს პოლიცია.
გოგაშენში შემზარავი მკვლელობა 2014 წლის 11 ივლისს მოხდა. მომხდარიდან დღემდე "სამხრეთის კარიბჭე" სისტემატურად აშუქებდა ამ ამბებს. წერდა როგორც მკვლეობაში ბრალდებულების, ასევე, დაზარალებულების მოთხოვნებს. შეგახსენებთ, რომ სოფელი მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლების გასახლებას ითხოვდა, სოფელში იყო დაპირისპირებები და დების ოჯახებმა მცირე ხნით სოფელი დატოვეს კიდეც. წერდა იმასაც, რომ ბრალდებულის ახლობლები სოფელში პოლიციის დახმარებით დაბრუნდნენ და მათ ოჯახებს სამართალდამცველები ამ დრომდე იცავენ.
მიუხედავად იმისა, რომ "სამხრეთის კარიბჭეს" ამ 5 თვის განმავლობაში არაერთი სტატია აქვს ამ თემაზე გამოქვეყნებული და ეს არ არის , ბრალდებულების ახლობლების პრობლემებზე პირველი სტატია, ამ დრომდე დაზარალებულების ახლობლებს მსგავსი ფორმით პრეტენზია რედაქციის მისამართით არ გამოუთქვამთ.
გამომდინარე აქედან, რედაქციას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ უკან სხვები დგანან. ეს აქცია დაემთხვა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის შესახებ გამოქვეყნებულ სტატია. აქვე გეტყვით, რომ ამ თემაზე მასალები მოამზადა ტელეკომპანია "მაესტრომაც" და დღის წესრიგში დადგა სამმართველოს უფროსის თეიმურაზ კალანდაძის მოხსნის საკითხი.
დღეს საღამოს "სამხრეთის კარიბჭესთან" სიტყვიერი დაპირისპირება ჟურნალისტებსა და დაზარალებულებს შორის, ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. რედაქციასთან მობილიზებული იყო პოლიცია და იცავდა წესრიგსა და უსაფრთხოებას.
"სამხრეთის კარიბჭე" აცხადებს, რომ ეს იყო რედაქციის მუშაობაში ჩარევისა და ზეწოლის მცდელობა. ვიმედოვნებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს რეადქციისა და მისი ყველა თანამშრომლის უსაფრთხოებას და მსგავს ფაქტი აღარ განმეორდება.
"სამხრეთის კარიბჭე" აქვე ხაზგასმით ამბობს, რომ გოგაშენში მომხდარი ამბავი იყო შემზარავი, ესმის დაზარალებულების გულისტკივილი და თანაუგრძნობს მათ. თუმცა, პროფესია გვავავლდებულებს აღვწეროთ ყველა ამბავი და ყველა პრობლემა, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ამდენად, რედაქცია გვერდს ვერ აუვლიდა ამ ამბებს და მოვლენათა განვითარებას მომავალშიც მიადევნებს თვალს", _ ნათქვამია რედაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფაქტს გამოემხაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, პოლიციას ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდა.
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცველებს, უზრუნველყონ "სამხრეთის კარიბჭის" რედაქციის, ტელეკომპანია "მაესტროს" კორესპონდენტისა და რაიონში ამ თემაზე მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება.
სოფელ გოგაშენის მკვიდრთა ნაწილის საპროტესტო აქცია რედაქციასთან 10 დეკემბერს გამოქვეყნებულ იმ სტატიას მოჰყვა, რომელშიც ბრალდებულის ნათესავები პოლიციის მხრიდან შესაძლო ზეწოლაზე საუბრობდნენ. საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ ამავე სოფელში მომხდარ ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობას და მის გამოძიებას.
ქარტია იმედოვნებს, რომ სამართალდამცველთა მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირება იქნება ადეკვატური
და ოპერატიული, ამავე დროს სრულად იქნება უზრუნველყოფილი მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება და ჟურნალისტებს ხელი არ შეეშლებათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
ამასთან, ქარტია შეახსენებს საზოგადოებას, რომ "სამხრეთის კარიბჭის" ჟურნალისტები და რედაქტორი
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერები არიან და იღებენ პასუხისმგებლობას, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, შეასწორონ მასალა. თვითრეგულირების
ამ მექანიზმით შეუძლიათ ისარგებლონ სოფელ გოგაშენის მცხოვრებთა ნაწილმაც და პოლიციელებმაც, თუკი ისინი მიიჩნევენ, რომ რედაქციამ მოვლენები ტენდენციურად გააშუქა", _ ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.