ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმართა მძიმე ყოფაზე, პრობლემებზე, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების სტატისტიკური ინფორმაციის ხელმიუწვდომელობაზე წერს.
წლების განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველი, ისევე როგორც უფლებადამცველები, მრავალი არასამთვრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, მიუთითებდა საქართველოს ხელისუფლებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმართა მძიმე ყოფაზე, პრობლემებზე, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.
საქართველოს პროკურატურა
Ø 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პოლიციის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და პროკურატურის თანამშრომელთა მხრიდან განხორცილებული ცემა–წამების, მუქარისა და იძულების ფაქტების შესახებ გამოძიების დაწყების შესახებ შევიდა 2787 საჩივარი/განცხადება.
Ø 2013 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ განხორცილებული არასათანადო მოპყრობისა და მასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 48 თანამშრომლის მიმართ, საიდანაც გამამტყუნებელი განაჩენი 28 თანამშრომლის, ხოლო გამამართლებელი კი ერთი თანამშრომლის მიმართ დადგა. დევნა შეწყდა ერთი პირის მიმართ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
Ø 2012 წლის 20 ოქტომბრიდან წერილის მიღების მომენტამდე სამინისტროს სისტემაში თანამდებობიდან სულ გათავისუფლდა 116 პირი. მათგან 32 გათავისუფლდა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავ მოპყრობის ფაქტზე, რომლებსაც ადგილი ქონდათ 2012 წლის 20 ოქტომბრამდე.
Ø უწყებაში შევიდა "დაახლოებით" 1000-მდე განცხადება, საიდანაც 200 შემთხვევაში გამოიკვეთა არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის სავარაუდო ფაქტები და შესაბამისად ეს მასალები გადაიგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში.
სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრი"
Ø იმ განმცხადებელთა რაოდენობა, რომლებმაც მიმართეს ცენტრს და თავს მიიჩნევდნენ წამებისა და სხვა სასტიკი არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და წამების მსხვერპლად შეადგენდა 65–ს.
IDFI-ს აზრით მნიშვნელოვანია საქართველოს პროკურატურამ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოცემულ განსაკუთრებით სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით აწარმოონ სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაცია. ამ გზით უზრუნველყოფილი იქნება ამ განსაკუთრებით მაღალ საჯარო ინტერესის საგანზე საზოგადოების ინფორმირება, არსებული პრობლემების შეფასება და მათი აღმოფხვრის გზებზე საჯარო დებატის გამართვა.