ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექდურში, 2014 წელს, სოფლის მხარდამჭერის პროგრამის ფარგლებში, ბიუჯეტიდან 31 710 ლარი გამოეყო. ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, აღნიშნული თანხა მელექედურის ადმინისტრაციული და ამბულატორიის ერთიანი შენობის რემონტს დასჭირდა.
სოფლის კრებას, რომელიც 2014 წლის 1 მარტს ჩატარდა, ესწრებოდნენ: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი კონსტანტინე შარაშენიძე, ყოფილი რწმუნებული ზურაბ დონდოლაძე, მთავარი სპეციალისტი ოთარ გეგიაძე, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძის თანაშემწე ერეკლე ფასიეშვილი.
კრების ოქმის თანახმად, აზრი გამოთქვა რწმუნებულმა ზურაბ დონდოლაძემ, რომელმაც მიზანშეწონილად მიიჩნია პრიორიტეტი მიენიჭებინა ადმინისტრაციული შენობის აშენებისთვის; სკოლის დირექტორმა ნათელა თოხაძემ დააყენა სკოლის დამხმარე ნაგებობის შეკეთების და ასევე, ამბულატორიის რემონტის საკითხი; გია ღლონტმა მოითხოვა ცენტრში არსებული ბაღის შეღობვა. კრების ოქმის თანახმად, მოსახლეობა ცენტრის კეთილმოწყობასა და გარეგანათების მონტაჟს ითხოვდა, თუმცა, გადაწყდა, რომ 31 710 ლარით მელექედურის ადმინისტრაციული და ამბულატორიის ერთიანი შენობის რემონტი ჩატარებულიყო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში ცენტრთან მისასვლელი გზა ასფალტირებულია, თუმცა, მხოლოდ ცენტრამდე. რამდენიმე თვეა, ეს სამუშაოები შეწყვეტილია და როდის განახლდება, ამის შესახებ ინფორმაციას არავინ ფლობს.
როგორც მოსახლეობა "გურია ნიუსთან" აღნიშნავს, სოფელში აუცილებელია შიდა გზების შეკეთება, მოხრეშვა, არხის მოწყობა საყანე ფართობებში, ახალი მილხიდის გაკეთება ცენტრში.
ადგილობრივი მცხოვრებლები გაზის შემოყვანას ითხოვენ, მაგრამ იმასაც დასძენენ, რომ მელექედურს, ისევე, როგორც ყველა სოფელს, ბიუჯეტი არ აქვს და რომელიღაც ფირმის შეპირებით საქმე არ კეთდება, ან უსაშველოდ აგვიანდება: "წყალიც კი სანატრელია ჩვენთვის", _ ამბობენ მელექედურელები "გურია ნიუსთან".
თამარ მესხია: "მე, პირადად, კმაყოფილი ვარ _ სოფლის მხარადაჭერის პროგრამით რემონტი ჩაუტარდა საექიმო უბანს და ადმინისტრაციულ შენობას, ცენტრამდე მისასვლელი გზა გაკეთდა, მაგრამ პრობლემების მეტი რა გვაქვს _ ვითხოვთ წყალისა და გაზის შემოყვანას!"
სვეტლანა ცეცხლაძე: "რაღაცა თანხები რომ იყო გადმორიცხული, ეგ ვიცი. გზა დააგეს ცენტრამდე, ცენტრს იქეთ აღარ გაგრძელებულა. გაზიც მოვიდა ცენტრამდე და მერე გაჩერდა. რას ნიშნავს ეს, მე არ ვიცი, არც წყალი გვაქვს. დაუსაქმებელი არიან ახალგაზრდები".
ლამარა ცხომელიძე: "პირველ ბრიგადაში ვცხოვრობ, პრობლემა, უპირველეს ყოვლისა, უგზოობაა. გზა რომ გაკეთდეს, უნდა გაიწმინდოს არხები. რომ გაწვიმდება, ნიაღვარი გადმოდის გზაზე. ეს ზამთარი ძალიან მაშინებს. კი, ბატონო, კარგია, რომ ამბულატორია და ადმინისტრაციული შენობა გაკეთდა, მაგრამ ჩვენც გაუსაძლისად ვართ. თუ შეგიძლიათ, ამაში დაგვეხმარეთ, რომ ეს პრობლემა მოგვიგვარონ!"
რომან ლომიძე: "პრობლემების მეტი რა არის მელექედურში _ უმუშევრობა, უსახსრობა, უამრავი გაჭირვებულია. ჩვენთვის, უბრალო ადამიანებისთვის, არაფერი შეცვლილა! გზა ცენტრამდე დააგეს და მერე მიატოვეს, ისეთი მტვერი დგება, ბავშვებს გარეთ ვერ გამოიყვან".
ზურაბ ხინთიბიძე: _ საექიმო ამბულატორია და გამგეობის შენობა გაკეთდა. ესეც საჭიროა, მაგრამ ისეთი პრობლემის წინაშე ვდგავართ, რომ თუ არ მოგვიგვარეს, ძალიან ცუდად წაგვივა საქმე ამ ზამთარში. ყოველი წვიმის დროს ვიტბორებით. მდინარე გადმოდის კალაპოტიდან ყოველ გაწვიმებაზე და ჩემს ეზოს ტბორავს.
_ რატომ არ მოითხოვეთ ამ პრობლემის მოგვარება სოფლის კრებაზე?
_ ბევრჯერ მოვითხოვეთ, მაგრამ ჩვენ ვინ გვიჯერებს? ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს! ის კი არა, გზის დაგებაც შეწყვიტეს, ცენტრის იქეთ არც გაზია და არც სასმელი წყალი. რომელი პრობლემა დავასახელო?! გვინდა ყანის დათესვა _ 40 ჰექტარი ფართობის გვაქვს და ისიც დატბორილია, საწრეტი არხებია გასაწმენდი, ხელისუფლება კი ამბობს, ბიუჯეტში საკმარისი თანხა არააო.
სოფელ მელექედურში ყოფნისას," გურია ნიუსმა" იქ მცხოვრები მარტოხელა მოხუცი ცაცა მამალაძე მოინახულა. ქალბატონმა ცაცამ ჟურნალისტების დანახვაზე სიხარულისგან ტირილი დაიწყო და გვითხრა, რომ უკვე იმედი აქვს, ვიღაცა ყურადღებას მიაქცევს.
ცაცა მამალაძე: " 83 წლის ვხვდები, მარტოხელა პენსიონერი ვარ. ნახეთ, როგორ ვცხოვრობ. სოციალური დახმარება არ მაქვს. ახლა მეზობლისგან ნასესხები პურით ვსვამდი ჩაის! პენსია წინასწარ გამოვიტანე. საჭმლის ფული არ მაქვს. გულით ავადმყოფი ვარ, ინფარქტი და ინსულტი მაქვს გადატანილი. ასჯერ ვითხოვე, წამიყვანეთ მოხუცთა თავშესაფარში-მეთქი, იქ ხომ მაინც მეპატრონებიან?! სამი შვილი მყავს, მაგრამ არც ერთი არაა ჩემთან. სასწრაფო სამედიცინო დახმარება ბევრჯერ ჰყავთ მეზობლებს გამოძახებული. ცოტა შეშა მეზობელმა მომცა, ცოტა ეზოშიც მოვაჭრევინე. შეხედეთ, რა მდგომარეობაში ვარ, დამეხმარეთ, გთხოვთ!"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის წარმომადგენელი მელექედურში გაგა ცხომელიძე "გურია ნიუსთან" მოსახლეობის განწყობებს ეთანხმება და აღნიშნავს, რომ სოფელში უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი"
_ გზა ცენტრამდე დაგებულია, თუმცა, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ჩასმულია ბიუჯეტში და შეწყვეტილი სამუშაოები კვლავ განახლდება. ვეთანხმები ზურაბ ხინთიბიძისა და ლამარა ცხომელიძის ნათქვამს _ მდინარე ყოველ გაწვიმებაზე გადმოდის კალაპოტიდან, გასაწმენდია არხები, როგორც სოფელში, ასევე, საყანე ფართობებშიც. წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, 32 ათასი ლარი სოფლის ადმინისტრაციული შენობისა და ამბულატორიის შეკეთებას დასჭირდა. მე არ ვიყავი მაშინ რწმუნებული, როდესაც ეს საკითხი კრებაზე გადაწყდა და გამოკვეთა თუ არა მოსახლეობამ ეს პრიორიტეტი მაშინ, არ ვიცი. ყველანაირად ვეცდებით, რომ 2015 წელს მოსახლეობის პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდეს. რაც შეეხება მარტოხელა მოხუცს, ცაცა მამალაძეს, მას ნამდვილად უჭირს. დავაყენე შუამდგომლობა სოციალურ სამსახურში და იმედი მაქვს, დახმარება დაენიშნება", _ აღნიშნავს რწმუნებული.