პროკურატურის დამოუკიდებლობის გაზრდისა და ანგარიშვალდებულების მკაფიოდ განსაზღვრის მიზნით, უწყების ინსტიტუციური რეფორმა იწყება. შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შექმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაავალა.
პრემიერის განცხადებით, ეს, ისევე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა, ხელისუფლების ერთ-ერთი დაპირება იყო.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, პროკურატურის ორგანოები დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიან მექანიზმად ჩამოყალიბდეს, გაძლიერდეს, მაგრამ, ამავე დროს, ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცებას საქართველოში. პროკურატურა სისხლის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს არც ერთი უწყება, რომელსაც არ შეეხება ჩვენი რეფორმატორული კურსი და რომელიც, ჩვენი მმართველობის პირობებში, არ გახდება უკეთესი, ვიდრე ახლაა. საქართველოში ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობაც სწორედ ამას გულისხმობს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის დავალებით, პროკურატურის ორგანოების ინსტიტუციურ რეფორმაზე მსჯელობა წარიმართება ევროკავშირთან თანამშრომლობით დაფუძნებულ სისხლის სამართლის უწყებათაშორის საბჭოში, რომლის შემადგენლობაშიც ყველა ძალოვანი სამინისტრო, პროკურატურა, არაერთი სამინისტრო, ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები შედიან.
ირაკლი ღარიბაშვილი კონკრეტულ მოდელებზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს მუშაობის პროცესმა უნდა აჩვენოს.
„მთავარია, ჩამოყალიბდეს ინსტიტუციურად დაბალანსებული მოდელი, რომლის ფარგლებშიც პროკურორთა ნეიტრალიტეტი იქნება ინსტიტუციურად უზრუნველყოფილი და დაცული იქნება ანგარიშვალდებულების პრინციპი. საუბარია იმაზე, რომ პროკურორი კიდევ უფრო დამოუკიდებელი გახდეს, მაგრამ ანგარიშვალდებულების საკითხი იყოს მკაფიოდ განსაზღვრული“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა დაინტერესებულ არასამთავრობოებს მიმართა, ჩაერთონ სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში და გამოხატონ თავიანთი აზრი, რათა საუკეთესო და ყველაზე კარგად დაბალანსებული მოდელი შეიქმნას.