საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ქარელის რაიონის სოფელ დოღლაურის ე.წ. ბერი კლდეების მიმდებარე ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესაძლო გამოვლენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
განცხადებას "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით აუქციონის გამოცხადებისა და შესაბამისი რესურსით სარგებლობის საკითხები რეგულირდება "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" და "წიაღის შესახებ" საქართველოს კანონებით.
აღნიშნული კანონების თანახმად, დადგენილია აუქციონის გამოცხადების პროცედურები, შესაბამისი სალიცენზიო პირობები და ყველა ის შემაკავებელი და აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც ეკისრება საქმიანობის განხორციელებით დაინტერესებულ პირს, მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესში.
"ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, დაინტერესებული პირი გამოვლინდება მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების აუქციონის გამოცხადების შემდგომ, რომელსაც აუქციონში გამარჯვებისას უფლება ეძლევა განახორციელოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა და ამავდროულად უდგინდება ვალდებულებები, მათ შორის – დაიცვას "წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლი და დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამუშაოები კულტურული ან არქეოლოგიური ღირებულების ობიექტის გამოვლენის შემთხვევაში. თავის მხრივ, აგარა-ზემო ოსიაურის და რუისი-აგარას გზის საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა პირდაპირ ავალდებულებს საქმიანობის განმახორციელებელს დაიცვას კანონი ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" და სამშენებლო სამუშაოების დროს კულტურული მემკვიდრეობის/არქეოლოგიური ძეგლების აღმოჩენის შემთხვევაში შეწყვიტოს საქმიანობა და აცნობოს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არ ეხება მხოლოდ ლიცენზიის მფლობელს, კანონი "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის ვალდებულებას "დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენის ან კულტურული მემკვიდრეობისათვის საფრთხის შემცველი გარემოების არსებობის შესახებ" სახელმწიფო ორგანოებს.
მნიშვნელოვანია, რომ 2014 წლის 20 დეკემბერს, სამინისტროში ინფორმაციის შემოსვლისთანავე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სალიცენზიო ფართობის შემოწმება და დადგინდა, რომ სარგებლობა ხორციელდებოდა ლიცენზიის პირობების დარღვევით, კერძოდ ლიცენზიის მფლობელის მიერ წიაღით სარგებლობის პროცესში არ იყო დაცული "წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ კომპანიას წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობა, რომლის საფუძველზეც წიაღით მოსარგებლეს აეკრძალა საექსპლუატაციო სამუშაოების განხორციელება კომპეტენტური ორგანოს დადებითი დასკვნის გარეშე. ასევე, შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. ამ ეტაპზე წიაღის მოპოვების სამუშაოები შეჩერებულია.
მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით, სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტო" კიდევ ერთხელ მოახდენს ლიცენზიანტების ინფორმირებას მოქმედი კანონის მოთხოვნებზე. პარალელურად, ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რათა წიაღით სარგებლობისა და მასთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები უახლოეს პერიოდში ევროპული სტანდარტებით დარეგულირდეს",_ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში..