გიორგი კეკელიძის "გურული დღიურები" წლის ბესტსელერად დასახელდა. წიგნის გამოსვლიდან ერთ თვეში გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ეს გიორგი კეკელიძის პირველი ცდაა პროზაში.
_ იდეა სულ ტრიალდება ჩემში – ცალკე ბავშვობა მიბიძგებდა და ცალკე პროზაში ნელ-ნელა გადამისართების სურვილი. ცოტა ბავშობაც ,,მივაწყნარე'' და ცოტაც პროზაც მოვსინჯე. ეს გარდამავალი ტექსტია. პირველ რიგში მომცა გამოცდილება. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ მკითხველს იმ სიყვარულისთვის, რომელსაც გამოხატავენ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გიორგი კეკელიძემ.
როგორც გითხარით წიგნი სულ რაღაც ერთი თვეა დაიბეჭდა, თუმცა, მანამდე "გურია ნიუსის" მკითხველს ექსკლუზიურად მიეცა შესაძლებლობა "გურული დღიურები" ჩვენ გაზეთში წაეკითხა.
_ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ "გურია ნიუსი" გურიის ყველაზე პოპულურული გაზეთია და მისი მეშვეობით ეს ტექსტი არაერთი გურულის კარს შეაღებდა, _ ამბობს გიორგი კეკელიძე.
ახლაც, ისევ ექსკლუზიურად გთავაზობთ "გურული დღიურების" ბეჭდური ვერსიის პირველ ნაწილს.
პარადოქსული პროლოგი და სხვა
ანუ როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყვის: მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა _ გურულები და დანარჩენი. "ხოლო გურია არა წილი ეგროსისა არს, არამედ ქართლოსისა". ამიტომაც გურია პარადოქსების მხარეა, თუ პარადოქსულ, ამაზე ქვემოთ.
გურია ნამდვილად არის ლამაზი. გურია არნახულად ღარიბია. შეიძლება იმიტომ, რომ წარუმატებული ექსპერიმენტების "საუკეთესო" პოლიგონია: იზაბელა (ცნობილი ადესად), დაფნა, ტუნგო და ფრანგულა მსხალი, სოფელ მერიის სამხედრო ქალაქი, შეკვეთილის ლაბორატორიები და ათასი წამოწყებული და ვერაღსრულეული საქმე. ამის გამო, გურულებს ხშირად აბრალებენ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილების და მოქმედების ხალხია, სიახლეებს გადამატებულად ამყოლი… და ისინი მართლები არიან. გურულები ხშირად წუწუნებენ, რომ ამხელა ნიჭის პატრონი ხალხია და განგებას შურს მათი – არასოდეს უმართლებთ. და ისინიც მართლები არიან.
გურულებს უყვართ შრომა _ ერთი ოთხმაცდაათს გადაცილებული გლეხი, ჩემს თვალწინ სასიკვდილო სარეცელზე, სრულიად უგონოდ იქნევდა ხელს _ თითქოს თოხნიდა. ამ გლეხზე ქვემოთ.
მაგრამ გურია არნახულად ღარიბია. გურიის მთა და ბარი განსხვავდება, მე მათ სუნით ვცნობ, რადგან ორივეგან მიცხოვრია. მთას ანწლის, შუაცეცხლით გაბოლილი კედლების და თხის კურკლის სუნი აქვს, ბარს — ოდნავ მომპალი მანდარინის, ერთნახადი არყის და სკოლის მერხის. ამხანაგებო, გურიაში არის ნისლიანი ბახმაროც და მაგნიტურ ქვიშიანი ურეკიც, ვაზიანი ბახვიც და ციტრუსიანი შრომა (ზუსტად ასეთ ფრაზებს წააწყდებით ოთხმოციანი წლების "საიმიჯო ალბომებში", ვთქვათ მსგავსი სახელით — "მწვანე ოქროს ქვეყანა")
ანუ გურია მდიდარიცაა.
რა ამის პასუხია და მიუხედავად კრიმანჭულისა, გურიაში ტირილი უფრო უყვართ, ანუ დატირება. ხოლო დაკრძალვის რიტუალში ნადმვილად არის კარნავალურობის მიმზიდველი სიჭარბე. ხშირად ვხლებივარ ჭირისუფალს ერთი სოფლიდან მეორეში და მინახავს ქალების საოცარი მეტამორფოზა — საწებლის რეცეპტიდან მომენტალურად მოთქმა-ვაებაზე გადასვლა. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ორივე მდგომარეობა (საწებელი და ვაი-ვიში) ჩემთვის არნახულად ბუნებრივია.
სწორედ ეს არის გურულობის პარადოქსი.
გურულები გულწრფელები არიან მაშინ, როცა თავგანწირვით გაძალებენ ღვინოს და პურ-მარილს, ლამის დანას გაბჯენენ ყელზე, რომ რაც უნდა გეჩქარებოდეს, ქეიფი განაგრძო და მაშინაც, როცა უკვე წასულ სტუმარს ზედმეტი ჭამა-სმისა და ნამეტანი გვიანამდე დარჩენის გამო ლანძღავენ (ადგილის, დროის და მოქმედების ერთიანობა დაცულია).
გულწრფელები არიან როცა "ქვეყნის დამაქცევარ შევარდნაძეს" წყევლიან და როცა მისი "გურული წარმოშობით" ამაყობენ. და ასე შემდეგ.
"რაფერ ხარ? როის ჩამოი? როის მიხვალ?" _ ეს კითხვები ერთ მთლიანობად, სხაპასხუპით დაისმის და მათი ირიბი დატვირთვა დღემდე არ მინდა ამოვიცნო.
გურიაში კეთილი ხალხი ცხოვრობს.
გურულებს (ალბათ როგორც ყველა ქართველს) ზღვა არ უყვართ, ანუ არასდროს უყურებენ მას, როგორც სხვა საზღვაო ქვეყნის შვილები. რაღაც გაუცნობიერებელი შიში აშორებთ მასთან. ცხენოსანი გურული (გავიხსენოთ ამერიკული ოდისეა) რატომღაც უფრო ბუნებრივი სიტყვათშეთანხმებაა, ვიდრე ნაოსანი გურული. ზაფხულობით, ნაპირს სულ რაღაც სამიოდ კილომეტრით დაშორებული სოფლიდან ისეთივე მოწიწებით მიდიან საბანოდ, როგორც ვთქვათ კახეთიდან ჩამოსული სტუმრები, ფრაზა "ზღვაზე მივიდივარ" ამ ორი კუთხის მცხოვრებისთვის ზუსტად ერთნაირი მნიშვნელობის მატარებელია.
კარგად მახსოვს საბჭოთა დროს ეგზომ პოპულარული დიზელის ავზები (გნებავთ "სალიარკის ბაკი"), რომელიც თითქმის ყველა ეზოში იდგა, როგორ დანანებით დაჭრეს და გადააკეთეს ე.წ. თურქულ ღუმელად _ მეგონა ვინმე ახლობლის სიცოცხლეს ემშვიდობებოდნენ. ასევე დიდი სიმძიმილი დაჭირდა ნაყანარზე (რომელიც ოდესღაც ნაჩაიარი იყო), თხილის გაშენებას (კიდეებზე კივის არც თუ წარმატებული დარგვის შემდეგ).
გურიაში ღმერთი თავისებურად სწამთ, პირჯვარს ისე სწრაფად იწერენ, მამაზეციერი ვერაფრით შეამჩნევს.
გურულების საუბრიდან ორ სიტყვას თუ მოკრავ (წაკრავ, გამოკრავ) ყურს, კმაყოფილი უნდა დარჩე.
სოფელ ლიხაურში, ძველ კლუბში საქართველოში ერთ-ერთი პირველი დისკოთეკა გამართეს.
ბევრ გურულს საწერ მაგიდაზე ამერიკის დროშა აქვს გადაფენილი.
სოფელ ნატანებში, რკინიგზის სადგურის მოედანზე სტალინის შთამბეჭდავი ძეგლი იდგა – რუსეთ-საქართველოს ომამდე.
გურულებს ჭყინტი ყველის ჭამა უყვართ. თვალის ჩაპაჭუნებაც.
გურია "სიცოცხლის სამოსახლოა", რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს : "გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდა".
ასე დავიწყოთ:
პისტი
"მთაზე მიდის ორი ხბო, იქით-აქეთ მექცევა’’…
ფეხსაცმელში წყალი ჩამივიდა. ჭყაპუნობს. ქრონიკული სურდო მაქვს. მე და გელა და ნათია და თათუნა მივდივართ. პისტი ცხოვრობს ლომინეიშვილების გორაზე, ძველ ოდა სახლში. უფრო ზუსტად ნაოდასახლარში. რაღაც ნაწილი ეტყობა ფიცრებად გაყიდა. ეს ჩვეულებრივი საქმე იყო სხვებისთვის. ხოლო ჩამოთვლილი სახელები ჩემ მამიდაშვილებს ეკუთვნით. პისტის სახლი კი ბინძურია. პისტიც. გეგონება რომ პისტის არსდროს უტირია – მისი თვალები უცნაურად მშრალია და ცივი. ოღონდ მშივიდი არა. არავინ იცის მისი ეროვნება. სოფელში ამბობენ რომ კუდი აქვს და ცხადია, მეშინია. მაგრამ პისტის მომავლის განჭვრეტა შეუძლია, მე კი მაინტერესებს -_ კიბერნეტიკოსი გამოვალ თუ არა. ეს სიტყვა შემთხვევით გავიგე და დავიჩემე, კიბერნეტიკოსი უნდა გავხდე მეთქი. პისტიმ უკეთ იცის. სახლში აქვს ვიღაცის ნაჩუქარი ხატები, ის დროა _ ოთხმოცდაათიანებს დანა პირს რომ უხსნის და ხალხი რელიგიური ხდება. პისტის აჩუქეს და მანაც დაიტოვა ყოველიშემთხვევისთვის. აქვს რამდენიმე შეკვრა კარტი. ტაროსი არა. რაღაც ქილები აწყვია ყვითელი სითხით სავსე და ტაფაზე შემწვარი კვერცხის ნარჩენებია
_ რა გინდებლარიენ?
_ მომავლის დანახვა.
_ რეიზა?
_ რა ვიცი აბა… მომავალი გვინდა დევინახოთ.
_ რომელი ხართ შუათანე?
_ მე.
_ ჭამე რამე ალიონზე?
_ კი.
_ უნცროსი?
_ მე.
_ ჭამე ალიონზე?
_ არა.
_ რა გქვია?
_ გიორგი.
_ ვისი ხარ?
_ ზურიკოს.
_ ვინ ზურიკოის?
_ შაქროს ზურიკოს.
_ მოკტა ბაბუაშენი?
_ არა.
_ რაის გეშინია?
_ მორიელის.
_ მტერს და ავს, მტერს და ავს!
ოღონდ გურიაში ეს ისე წარმოითქმის, თითქოს ფრანგულია _ მტერს, დ’ავს, მტერს, დ’ავს.
_ დახუჭე თვალები და არ გეინძრე. რას ხედავ?
_ ვეფერს.
_ კარგად დახუჭე, დუუჭირე.
_ დუვუჭირე.
_ რას ხედავ.
_ წითელ ბურთულებს.
_ რამდენია.
_ ვერ ვითლი, ირევიენ ერთმანეთში.
_ რა გინდა შენ დადგე?
_ კიბერნეტიკოსი.
_ რაი?
პისტი მოკვდა სამი წლის მერე. მარტო. გვიან ნახეს. პისტი იყო ცნობილი და შემაშინებელი მკითხავი. უცნობი გზით მოსული და დამკვიდრებული იმ პატარა სოფელში. სურებში. ნორამ მითხრა, რომ პისტის უყვარდა კაცი ზემო იმერეთში, იმ კაცმა სხვა შეირთო და პისტიმ რაღაც ხერხებით მოწამლა, მოკლა და პისტი გამოიქცა გურიაში. იქ დაიმალა. რომ კუდი გამოება ამ ამბის მერე: როგორც ამ ამბავს _ მასაც. რომ ბალიშს ქვეშ იმ კაცის სურათი ედო. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მე ვცდებოდი მისი თვალების ცქერისას. რომ პისტი ტიროდა.
სხვა სიყვარული გურიაში
დილა ეთქმის. თოვს.
არ ვიცი, რატომ _ ალბათ ჩემი ღრმა და არმოსატანი ბავშვობის ამბების ბრალია _ სულ მიკვირდა ადამიანების, ვინც დილით ჩაის და კარაქიან პურს მიირთმევდა. სად შემიძლია მე ეგეთი სიმშვიდე, რაც ამ პროცესს ახლავს – მიუწვდომელი საქმეა. ალბათ ახლაც უსაუზმოდ უნდა გადავატარო. არასამუშაო დღეა, ვითარცა უხმობენ – უიქენდი. უიქენდი და ვაი ქენდი შენ – ბებიაჩემი ჩასახლდა ჩემში და მალევე ამოსახლდა _ წერა უნდა დავიწყო.
სექსი გურიაში იწოდება როგორც აჯიბაკური. ნამეტანი დახლართული სიტყვა მოჩანს. საეჭვოდ. ხოლო სიყვარული _ სიყვარულია. შეიძლება ერქვას _ გამოპენტერებაც, მაგრამ ეს სიტყვა თავისთავად სხვა რამეს ნიშნავს. აქ არ გეტყვით. გურულ ლექსიკონში ჩაიხედეთ.
სექსს კიდევ ჰქვია _ მაი. ეს სიტყვა შეიძლება, გავიაზროთ როგორც მაია, ანუ ილუზია ვედურ ენაზე. თუმცა თქვენ შემედავებით და მეტყვით, რომ მაი სხვა არაფერია, თუ არა _ მაგი, ეგ და სხვანი. მედავეთ.
***
აბა, მოგვიყევით თქვენი ქორწინების ისტორია.
_ დევიწყოთ იქიდან, რომ გამაცნეს ერთი გოგონა. ცოტა ხნის ურთიერთობის შემდეგ, შევთანხმდით, რომ დავქორწინდებოდით. იმ დონოზე მივედით რომ, დეინიშნა ქორწილის დღე. ეს იყო თბილისში. მაგრამ სანამ წემევიდოდით გურიაში, წინ დღით, ყოფილი საცოლე მეუბნება ვარს. არაო. ვკითხე მიზეზი. შენ რომ გგონია, გენო, ისე არა ვარ მეო.
_ მანამდე ურთიერთობა გქონდათ, ცხადია.
_ კი, დავდიოდით, მარა ისე, კიარა, ახლა რომაა გაგიჟებული შეყვარებულები, ისე რა, მეც ასაკში ვიყაი _ 35 წლის. დაახლოებით ჩემი ტოლა იყო. ბოლო-ბოლო, რო ვუთხარი რაო მეთქი, კიდევ გავიმეორებ, შენ რო გგონია, ისეთი არა ვარ გენოო. ახლა მე დიდი თავპატიჟი არ დამიდია, მივხთი, რაშიც იყო საქმე და ქორწილი დანიშნულია. ეს ხთდებოდა, პარასკევს, წინ დღით, სუფრაც გამზადებულია.
_ 300 კაციანი მაგიდა იყო გაწყობილი. ჩემმა ბიძაშვილმა რომ გეიგო ეგი, ვარს მეუბნება ყოფილი საცოლე, რა ქნას, რა ქნას, და წამიყვანა ამ ჩემ დღევანდელ მეუღლესთან. იგი კი არ უთქვია, ვარს ეუბნებიანო, ჯარში მიყავენო და თუ შენ წაყვებიო, ჯარს ეიცილებსო.
_ ანუ, უპატარძლო ქორწილის საფრთხე იდგა?
_ თითქმის მასე იყო, რომ არა ჩემი ბიძაშვილი. და დადო პატივი ჩემმა მეუღლემ, ენდობოდა ჩემს ბიძაშვილს და დიდი პატიჟის შემდეგ, დამთანხმდა.
_ ერთ დღეში?
_ აი, პარასკევ დღეს მივედით და ალბათ ქონდა ჩემდამი რაღაც სიმპატია, რომ არ თქუა ვარი.
_ ქორწილი შედგა, ანუ სხვა პატარძლით.
_ ქორწილი შედგა.იმ დღესვე, როცა დანიშნული იყო, მარა პატარძალი იყო სხვა.
_ და ძველი საცოლე ხომ არ გინახავთ?
_ არ შემხვედრია. ა, ერთხელ შემხთა ზუგდიდის ავტობუსში, აღარ მიმიქცევია ყურადღება, არც მან მომაქცია ყურადღება და წავიდა როგორც ძველი ისტორია. ამ მეუღლეს კიდევ, მადლობა ღმერთს, რომ მენდო, მეც ვენდე და 40 წელია ერთად ვართ.’’
ქმრის და ცოლის შერთვის ამბები ახლა კი ევროპიულადაა დიდწილად, მაგრამ ძველი წესებიც არ იშლიან თავისას: თუ გარიგება, თუ ვინმეს ქელეხში ბიჭისთვის გოგოს დანახვება და ან პირიქით – მით უფრო ოცდაათს გვარიანად გადამცდარი "გოგოსთვის და ბიჭისთვის’’. ადრე ხომ იყო და იყო. განსაკუთრებით მთიან ნაწილში, გომისმთაზე – მგლის ნაწოლზე და ბახმაროს პატარა ფაფარაში, სადაც გურული და აჭარული ისტორიები ერთამენთთან ქორწინდებიან.
გაგრძელება იქნება