"გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა თუ ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს გურიაში.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, გოჩა დათაშვილის ინფორმაციით, 31 დეკემბერს ტრადიციულად გაიმართება საახალწლო კონცერტი.
"დაუვიწყარი კონცერტი იქნება ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. იქნება ცოცხალი შესრულება და საახალწლო სიმღერები", – გვითხრა გოჩა დათაშვილმა.
მისივე თქმით, კონცერტში თბილისიდან მოწვეული მომღერლები მონაწილეობას არ მიიღებენ.
ქალაქ ოზურგეთის მერიის განათლების და კულტურის სამსახურის უფროსმა, მარინა ჯაფარიძე ჩვენთან საუბრის დროს განაცხადა, რომ 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტი ორი ბლოკისგან შედგება.
"პირველ ბლოკში იმღერებენ ოზურგეთელი მომღერლები და ჯგუფები, 11 საათზე კი დაიწყება "ნიკოლ შოუს" და დათო ნეფარიძის კონცერტი. იქნება სიურპრიზები, რომელიც ახალი წლის კონცერტზე ნახავთ", – თქვა მარინა ჯაფარიძემ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მაკა სულაბერიძის ინფორმაციით, ლანჩხუთში საახალწლო კონცერტი 30 დეკემბერს გაიმართება.
"31-ში არ იგეგმება საახალწლო კონცერტი. ხვალ 17 საათზე კულტურის ცენტრში გაიმართება კონცერტი. კონცერტს კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი და კულტურის ცენტრის აღსაზრდელები წარმოადგენენ საკმაოდ ლამაზ და საინტერესო ღონისძიებას", _ გვითხრა მაკა სულაბერიძემ.