ელექტრონულ ტენდერში (SPA110031815) გამარჯვების საფუძველზე შემოსავლების სამსახურსა და შპს „პრიზმას“ შორის 2012 წლის 28 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება N1/186 ქ. თბილისში, ჩიქოვანის ქ. N2-ში მდებარე შენობის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე. სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 2,000.0 ათასი ლარით. დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის საკუთარი შემოსავლები. ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით მასალების ტრანსპორტირების ხარჯი გათვალისწინებული იყო მასალების ღირებულების 1%-ის ოდენობით, რაც შეესაბამებოდა პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის პირობებს. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული 2012 წლის 18 მაისის N1 შეთანხმების ოქმის საფუძველზე შეიცვალა სახელშეკრულებო ხარჯთაღრიცხვა და მასალების ტრანსპორტირების ხარჯი გაიზარდა მასალების ღირებულების 3%-მდე.
აუდიტის სახელმწიფო სამსახურის დასკვნით, აღნიშნული ცვლილება ეწინააღმდეგება შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულება იდება შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებისა და ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადების პირობების შესაბამისად. აგრეთვე ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში შეტანილი ზემოაღნიშნული ცვლილებით არ გაზრდილა სახელშეკრულებო ღირებულება, ამან გავლენა იქონია შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივ ღირებულებაზე.
კერძოდ: ზემოაღნიშნული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები (ფორმა N2-ები) წარმოდგენილი იქნა ეტაპობრივად, რომელთა მიხედვითაც დარიცხულმა სატრანსპორტო ხარჯებმა (3%-იანი განაკვეთით) შეადგინა ჯამურად 32.3 ათასი ლარი. ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული განაკვეთით (1%) დარიცხვის შემთხვევაში ხარჯები იქნებოდა 10.8 ათასი ლარი. სხვაობა შეადგენს 21.5 ათას ლარს (გაანგარიშება მოცემულია დანართში). ზედნადები ხარჯების (8%), გეგმური მოგების (5%) და დღგ-ს (18%) დარიცხვის გათვალისწინებით ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს 28.8 ათას ლარს. გარდა ამისა 2012 წლის ივლისის თვის შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტში (ფ. N2) გეგმური მოგების დარიცხვა განხორციელებულია პირდაპირი დანახარჯებისა და ზედნადები ხარჯების ჯამზე კონდიცირების დანადგარების და ლიფტების მოწყობილობის ღირებულების არასრულყოფილად გამოკლების გარეშე (დასარიცხი ბაზა გაზრდილია 32.2 ათასი ლარით). ხოლო აგვისტოს თვის მიღება-ჩაბარების აქტში დასარიცხ ბაზას გამოკლებული არ არის კონდიცირების დანადგარების ღირებულება (10.4 ათასი ლარი), რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას. ზედმეტად დარიცხული თანხა შეადგენს 2.5 ათას ლარს. წარმოდგენილი დოკუმენტებით ასევე გაირკვა, რომ დაგებული რბილი იატაკის (სულ 2812.9მ2) მასალა შპს „პრიზმას“ შეძენილი აქვს შპს „ევროპიენ ბილდინგ მათერიალს ჯენერალისგან“ 1მ2 – 29.66 ლარად დღგ-ს გარეშე. აღნიშნული მასალის ღირებულება ფორმა N2-ებში ჩადებულია 1მ2 – 33.0 ლარად დღგ-ს გარეშე (3.34 ლარით მეტად). პირდაპირი ხარჯები (მათ შორის მასალების ღირებულება) თვითღირებულების შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად ფორმა N2-ებში ჩადებული უნდა იყოს თვითღირებულებით. აქედან გამომდინარე ზედმეტად დარიცხული თანხა დანარიცხების გათვალისწინებით შეადგენს 12.9 ათას ლარს.სულ ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს 44.2 ათას ლარს.
ელექტრონულ ტენდერში (SPA120008210) გამარჯვების საფუძველზე შემოსავლების სამსახურსა და სს „მონოლითმშენს“ შორის პორტალ ნინოწმინდის ტერიტორიაზე განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით 2012 წლის 1 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება N1/483 ღირებულებით 9,865.9 ათასი ლარი. დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის საკუთარი შემოსავლები. ტენდერით გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 13,439.0 ათას ლარს, რომელიც განსაზღვრული იყო შპს „ბარნაბიშვილი გურგენიძე არქიტექტორების“ მიერ შედგენილი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით. ტენდერის შედეგების მიხედვით მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის შპს „აზერტუნელის“ სატენდერო წინადადების ღირებულება შეადგენდა 10,773.0 ათას ლარს.
2013 წლის 21 ივნისის შეთანხმების ოქმი N3-ის საფუძველზე ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებით სახელშეკრულებო ღირებულება გაიზარდა 797.5 ათასი ლარით (8%-ით) და შეადგინა 10,663.4 ათასი ლარი. ღირებულების ზრდის საფუძვლად მოტანილი იყო ხელშეკრულების მე-8 პუნქტის მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ფასის ცვლილების შესაძლებლობას. კერძოდ, არგუმენტად მოტანილი იყო შემდეგი გარემოებები: 1. „პროექტირების დროს ტექნიკურმა დავალებამ რამდენიმეჯერ განიცადა ცვლილება, რის გამოც დარჩენილი მცირე დროის მონაკვეთში დათვლილმა მოცულობებმა გამოიწვია ცდომილებები“. 2. „პროექტირების პერიოდი დაემთხვა ზამთრის პერიოდს, რა დროსაც შეუძლებელი იყო გეოლოგიური კვლევის ჩატარება, რის გამოც კონსტრუქციული ნაწილი (საძირკვლები) გაკეთდა კვლევის გარეშე პირობითად, რამაც გამოიწვია ცდომილება როგორც კონსტრუქციულ ნაწილში, ასევე მიწის სამუშაოების მოცულობაში“.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ სახელშეკრულებო ღირებულების ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო მიწის სამუშაოებთან დაკავშირებით დატკეპნილ გრუნტზე მოსამზადებელი შრის მოსაწყობად ბალასტის რაოდენობის თავდაპირველი 8158 მ3-დან 40920 მ3-მდე ზრდით. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ეტაპობრივად გადახდილი იყო 6,841.7 ათასი ლარი. მიღება-ჩაბარების აქტებით (ფ. N2-ებით) აღიარებული იყო 6,494.7 ათასი ლარის სამუშაოების შესრულება (თუმცა წარმოდგენილი ფორმა N2-ების და ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დაფიქსირებულია 96.6 ათასი ლარით მეტი, რომლის აღიარება და გადახდა ურთიერთშეთანხმებით ფორმა N2-ებში არსებული გარკვეული ცთომილებების გამო არ განხორციელებულა. ამასთან დაკავშირებით არც ანგარიშ-ფაქტურების კორექტირება არ არის გაკეთებული). შემსრულებელს ავანსის სახით ერიცხებოდა დებიტორული დავალიანება 347.0 ათასი ლარის ოდენობით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, შპს „ბარნაბიშვილი გურგენიძე არქიტექტორების“ 2013 წლის 12 ივლისის წერილის (რომელშიც პროექტირების დროს დროის ნაკლებობის მიზეზით აღიარებულია მათ მიერ გარკვეული სამუშაოების მოცულობების არასწორი დათვლა) და შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2013 წლის 12 ივლისის N29349/07/13 დასკვნის საფუძველზე გადაწყდა, რომ ობიექტის დასამთავრებლად საჭირო იყო დამატებით კიდევ დაახლოებით 1,188.1 ათასი ლარი (მათ შორის მიწის სამუშაოებისთვის კიდევ დამატებით 14345 მ3 ბალასტის და 2420 მ3 ღორღის შრეების მოწყობა). ამასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა 2013 წლის 26 სექტემბრის N21-02/73186 წერილით მიმართა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელ სამთავრობო კომისიას. კომისიის რეკომენდაციით გადაწყდა, რომ ნინოწმინდის საბაჟო-გამშვები პუნქტის დამატებითი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა ანხორციელებულიყო ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
ელექტრონულ ტენდერში (SPA130024374) გამარჯვების საფუძველზე შემოსავლების სამსახურსა და შპს „პიკ კონსტრაქშენს“ შორის 2013 წლის 11 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება N1/598 ზემოაღნიშნულ ობიექტზე დამატებითი მიწის სამუშაოების შესრულების მიზნით. სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 453.0 ათასი ლარით. დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის საკუთარი შემოსავლები. 2014 წლის 1 მარტის მდგომარეობით გადახდილი იყო 362.9 ათასი ლარი. მიღება-ჩაბარების აქტები (ფ. N2-ები) გაფორმებული იყო გადახდილი თანხის შესაბამისად (362.9 ათას ლარზე).რაც შეეხება უშუალოდ მიღება-ჩაბარების აქტებში (ფორმა N2-ებში) დაფიქსირებული მონაცემების რეალობასთან შესაბამისობას, შემოწმებით გამოვლინდა შემდეგი ფაქტები: 2012 წლის 19 ივნისის პირველი ეტაპის მიღება-ჩაბარების აქტის და მასზე თანდართული ფორმა N2-ის მიხედვით შესრულებულია მიწის სამუშაოები 766.2 ათასი ლარის ოდენობით (ყველა დანარიცხის გათვალისწინებით). ფორმა N2-ში დაფიქსირებული მონაცემების შემოწმებით გამოვლინდა, რომ სამუშაოების ერთეულების ღირებულებები არ შეესაბამება რეალობას და მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. კერძოდ, პოზიციაში „გრუნტის დამუშავება ექსკავატორით“ შრომის დანახარჯი 7000 მ3 გრუნტზე დაფიქსირებულია 7000 კაც/საათის ოდენობით, ხოლო კაც/საათის ღირებულება 14 ლარის ოდენობით. მანქანა-მექანიზმის (ექსკავატორის) ღირებულებად 1მ3 გრუნტზე ასევე დაფიქსირებულია 14 ლარი.
აღნიშნული ფასების გამოყენებით ორივე პოზიციის მიხედვით დანარიცხების გარეშე ჯამური ღირებულება დაფიქსირებულია 196.0 ათასი ლარის ოდენობით. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით 1მ3 ტევადობის ჩამჩის მქონე ექსკავატორით გრუნტის დამუშავებისას შრომის დანახარჯის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 16 კაც/საათს 1000მ3 გრუნტზე (სულ 7000 მ3-ზე 112 კაც/საათი), ხოლო მანქანა-მექანიზმების მაქსიმალური დანახარჯი შეადგენს 35.9 მანქანა/საათს 1000მ3 გრუნტზე (სულ 7000 მ3-ზე 251.3 მანქანა/საათი). კაც/საათისა და მანქანა-საათის მაქსიმალური საბაზრო ფასების გამოყენებით (შესაბამისად 7.81 ლარი/კაც-საათი და 54.5 ლარი/მანქანა-საათი) აღნიშნული სამუშაოების მაქსიმალური ღირებულება შეადგენს 14.6 ათას ლარს . სხვაობა დანარიცხების გარეშე შეადგენს 181.4 ათას ლარს.
პოზიციაში „გრუნტის დატკეპნა პნევმოსატკეპნით“ შრომის დანახარჯი 8752 მ2 გრუნტზე დაფიქსირებულია 8752 კაც/საათის ოდენობით, ხოლო კაც/საათის ღირებულება 15 ლარის ოდენობით. დანარიცხების გარეშე ჯამური ღირებულება დაფიქსირებულია 131.3 ათასი ლარის ოდენობით. მოქმედი ნორმების მიხედვით 100 მ3 გრუნტის პნევმოსატკეპნით დატკეპნის მაქსიმალური შრომის დანახარჯი შეადგენს 13.4 კაც/საათს. 8752 მ2-ის დატკეპნისთვის საჭირო მაქსიმალური რაოდენობა იქნება 1172 კაც/საათი. კაც/საათის მაქსიმალური საბაზრო ფასის გამოყენებით (7.81 ლარი/კაც-საათი) აღნიშნული სამუშაოების მაქსიმალური ღირებულება შეადგენს 9.2 ათას ლარს. სხვაობა შეადგენს 122.1 ათას ლარს (131.3-9.2) დანარიცხების გარეშე.
ფორმა N2-ებში ასევე ჩადებულია დატკეპნილ გრუნტზე ბალასტით მოსამზადებელი შრის მოწყობის სამუშაოები, რომლებშიც გახარჯულად არის ნაჩვენები ჯამურად 40920 მ3ბალასტი (1მ3-ის ფასი 28 ლარი ტრანსპორტირების ხარჯის გარეშე), რომლის ღირებულებამ შეადგინა 1,145.8 ათასი ლარი დანარიცხების გარეშე.
მშენებლობის შემფასებელთა კავშირის ცნობარების, ინტერნეტ საიტებისა და სხვადასხვა მომწოდებლებისგან მიღებული ინფორმაციების მიხედვით 1მ3 ბალასტის ღირებულება არ აღემატება 11.0 ლარს. შესაბამისად გახარჯული ბალასტის რეალური ღირებულება არ აღემატება 450.1 ათას ლარს. სხვაობა შეადგენს 695.7 ათას ლარს დანარიცხების გარეშე. გახარჯულად არის ნაჩვენები ასევე ჯამურად 3.4 ათასი მ3 ღორღი (1მ3-ის ფასი 35 ლარი), რომლის ღირებულებამ შეადგინა 120.1 ათასი ლარი დანარიცხების გარეშე. იმავე წყაროების მონაცემებით 1მ3 ღორღის ღირებულება არ აღემატება 23 ლარს. შესაბამისად გახარჯული ბალასტის რეალური ღირებულება არ აღემატება 78.2 ათას ლარს. სხვაობა შეადგენს 41.9 ათას ლარს (120.1-78.2) დანარიცხების გარეშე.
გარდა ამისა მიღება-ჩაბარების აქტებში (ფორმა N2-ები) გეგმური მოგება დარიცხულია კანონმდებლობის დარღვევით. ნაცვლად მაქსიმალური დასაშვები ნორმისა (8%) დარიცხვა განხორციელებულია 10%-ის ოდენობით. პირველი ეტაპის მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებული სამუშაოების გაუთვალისწინებლად (რომელიც აღიარებულია 2012 წლის 1 ივლისამდე) სხვაობამ შეადგინა 90.2 ათასი ლარი დღგ-ს გარეშე (იხ. დანართი). ზემოაღნიშნული სხვაობები დანარიცხების გათვალისწინებით შეადგენს დაახლოებით 1,596.9 ათას ლარს, რომლითაც დაუსაბუთებლად გაზრდილია სამუშაოების ღირებულება. ზუსტი რიცხვის განსაზღვრის მიზნით აუდიტის ჯგუფის მოთხოვნით შემოსავლების სამსახურის მიერ სამუშაოების შემსრულებლისგან გამოთხოვილი იქნა მასალების შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგრამ სს „მონოლითმშენის“ მიერ აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი არ იქნა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე სატენდერო განცხადებაში მითითებული პორტალ ნინოწმინდის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება (რომელიც განსაზღვრული იყო შპს „ბარნაბიშვილი გურგენიძე არქიტექტორების“ მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით) მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი და არ შეესაბამებოდა რეალობას მიუხედავად იმისა, რომ ხარჯთაღრიცხვაში ჩადებული ცალკეული სამუშაოების მოცულობები შემცირებული იყო. რის შედეგადაც სს „მონოლითმშენმა“ ტენდერში გაიმარჯვა სატენდერო წინადადების ფასით, რომელიც არ ეფუძნებოდა არც შესასრულებელი სამუშაოების რეალურ მოცულობას და არც სამუშაოების ერთეულების რეალურ ღირებულებას, რამაც გამოიწვია ზემოაღნიშნული შეუსაბამობები.
2012 წლის 7 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (SPA120021294) ლაგოდეხის საბაჟო გამშვები პუნქტის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 6,750.0 ათასი ლარით. დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის საკუთარი შემოსავლები. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა (შპს „ორნამენტი“, შპს „ინდუსტრია-2“ და შპს „ალიანსი“). ვაჭრობის შედეგად ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა შპს „ინდუსტრია-2“-მა – 5,900.0 ათასი ლარი. მომდევნო პრეტენდენტის (შპს „ალიანსის“) სატენდერო წინადადების ღირებულებამ შეადგინა 6,375.0 ათასი ლარი. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით (2012 წლის 5 სექტემბრის სხდომის ოქმი N3) შპს „ინდუსტრია-2“ დისკვალიფიცირებული იქნა შემდეგი მიზეზებით: შემოთავაზებული კონსიგნაციის (გადახდის) ვადა – 15 დღე არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ კონსიგნაციის ვადას – 20 დღეს. პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია არ შეიცავდა მონაცემებს ბოლო 10 წლის მანძილზე სამუშაოთა წარმოების შესახებ. ხოლო ბოლო 3 წლის (2009-2011 წლები) განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შესახებ წარმოდგენილი ჩამონათვალიდან (სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი იყო არანაკლებ 7,000.0 ათასი ლარის შესრულება) არ ჩაუთვალეს შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან 2008 წლის 28 ოქტომბერს გაფორმებული N35 ხელშეკრულების ფარგლებში 533.0 ათასი ლარის შესრულება, რომელიც არასწორად მიაკუთვნეს 2008 წელს (რადგან როგორც ხელშეკრულებიდან, ასევე მისი დანართებიდან ჩანს, რომ სამუშაოები შესრულდა 2009 წელს). სულ წარმოდგენილად ჩაუთვალეს 6,896.6 ათასი ლარი, ნაცვლად 7,429.6 ათასი ლარისა. შედეგად გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ალიანსი“, რომელთანაც 2012 წლის 13 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება N1/719 ღირებულებით 6,375.0 ათასი ლარი.
სატენდერო დოკუმენტაციით ზემოაღნიშნული სახის მოთხოვნების განსაზღვრა, პრეტენდენტებისთვის ხელოვნურად შემზღუდავ პირობას წარმოადგენს და ხელს უშლის საბიუჯეტო თუ საკუთარი შემოსავლებიდან მიღებული სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფას (მაგალითად, გაუგებარია რა არსებითი მნიშვნელობა აქვს გადახდის ვადა 15 დღე იქნება თუ 20 დღე, ან სამუშაო გამოცდილება 10 წელი იქნება თუ 9 წელი, თუკი პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაოების თანხობრივი რაოდენობა აკმაყოფილებს გამოცდილების მოთხოვნებს). სატენდერო დოკუმენტაციით ადექვატური მოთხოვნების განსაზღვრის შემთხვევაში გაიმარჯვებდა შპს „ინდუსტრია-2“, რაც შემოსავლების სამსახურს პოტენციურად 475.0 ათასი ლარის საკუთარი შემოსავლების ეკონომიას მისცემდა.
ობიექტის სამშენებლო სამუშაოების პროექტი და ხარჯთაღრიცხვა შეადგინა შპს „გილსმა“ (ხელშეკრულება N1/641, 31.07.2012წ.), რისთვისაც გადახდილია 36.0 ათასი ლარი. შპს „ალიანსის“ მიერ შესრულებული იქნა 974.1 ათასი ლარის სამუშაოები. ამის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა შპს „ალიანსთან“ შეწყვიტა ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს 2013 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი N4, რომელშიც აღნიშნულია, რომ: „აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით თავიდან იქნა შესწავლილი დამტკიცებული პროექტი და ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვა. საკითხის შესწავლისას დადგინდა მნიშვნელოვანი შეუსაბამობა პროექტსა და ხარჯთაღრიცხვას შორის. კერძოდ ის, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის გაანგარიშება არ შეესაბამება დამტკიცებული სამშენებლო სამუშაოების პროექტსა და მის ხარჯთაღრიცხვას. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის არსებობდა მშენებლობის დამტკიცებული პროექტი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშება არ იქნა დამტკიცებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანილი“.
ზემოაღნიშნულის გამო მიზანშეწონილად ჩაითვალა სამუშაოთა დარჩენილ ნაწილზე გამოცხადებულიყო ახალი ტენდერი, რითაც სათათბირო საბჭოს აზრით დამატებით დაიზოგებოდა თანხები. ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით შპს „ალიანსს“ ეცნობა 2013 წლის 4 მარტის N21-02/16718 წერილით.
გაუგებარია ის ფაქტი, რომ „შეუსაბამობა“, რომლის გამოც შეწყდა ხელშეკრულება, რატომ ვერ იქნა აღმოჩენილი სატენდერო პროცედურების მიმდინარეობისას და აღმოჩენილი იქნა მშენებლობის დაწყებიდან 5 თვის შემდეგ. ვინაიდან შპს „ალიანსის“ მიერ ტენდერში წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, ის კანონმდებლობის დარღვევით იქნა გამარჯვებულად გამოცხადებული. შედეგად ლაგოდეხის საბაჟო გამშვები პუნქტის დარჩენილი სამუშაოების შესრულების მიზნით 2013 წლის 23 აგვისტოს გამოცხადდა ახალი ელექტრონული ტენდერი, რომელში გამარჯვების საფუძველზე 2013 წლის 7 ოქტომბერს შპს „ნოვასთან“ გაფორმდა ხელშეკრულება N1/501, ღირებულებით 5,500.0 ათასი ლარი (რითაც ობიექტის მშენებლობის ღირებულება კი არ შემცირდა, არამედ საწყის ღირებულებასთან შედარებით 99.1 ათასი ლარით იქნა გაძვირებული). აუდიტის პერიოდში (2014 წლის 1 იანვრამდე) შპს „ნოვასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გადახდებს და სამუშაოების შესრულების მიღება-ჩაბარების აქტების წარმოდგენას ადგილი არ ჰქონდა.
რაც შეეხება შპს „ალიანსის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებს, მიღება ჩაბარების აქტების (ფ.N2-ების) შემოწმებით გაირკვა, რომ მონოლითური რკინა-ბეტონის სამუშაოებზე (საძირკველი, რიგელები და სხვა, სულ 902 მ3) შრომის ანაზღაურება განფასებულია არარეალური საბაზრო ფასით (1კაც/საათი – 15 ლარი, სულ 7,298.9 კაც/საათი), რაზეც გაანგარიშებით აღნიშნულ სამუშაოებზე შრომის ანაზღაურების ღირებულებამ შეადგინა 109.5 ათასი ლარი. მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მონაცემებით 1კაც/საათის საშუალო საბაზრო ღირებულება შეადგენს 4.6 ლარს. ხოლო თუ ვიანგარიშებთ 1კაც/საათის მაქსიმალური საბაზრო ფასის მიხედვით (1კაც/საათი – 7.81 ლარი), აღნიშნულ სამუშაოებზე შრომის ანაზღაურების მაქსიმალური ღირებულება იქნება 57.0 ათასი ლარი. სხვაობა დანარიცხების გარეშე შეადგენს 52.5 ათას ლარს (109.5-57.0). დანარიცხების გათვალისწინებით სხვაობა შეადგენს 73.6 ათას ლარს.
მოთხოვნილი მასალების შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები შპს „ალიანსის“ მიერ წარმოდგენილი იქნა არასრულყოფილად. კერძოდ, ფორმა N2-ების მიხედვით გამოყენებულად არის ნაჩვენები 70 მ3 ბეტონი (1 მ3-ის ფასი 150 ლარი დღგ-ს გარეშე). წარმოდგენილი იქნა მხოლოდ 25 მ3 ბეტონის შესყიდვის დოკუმენტები (1 მ3-ის ფასი 165 ლარი დღგ-ს ჩათვლით). ფორმა N2-ების მიხედვით გამოყენებულად არის ნაჩვენები 70.2 ტონა არმატურა (1 ტონის ფასი 1450 ლარი დღგ-ს გარეშე). წარმოდგენილი იქნა მხოლოდ 22 ტონა არმატურის შესყიდვის დოკუმენტები (1 ტონის ფასი 1325 ლარი დღგ-ს ჩათვლით).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შესაძლებელია, რომ მასალების ღირებულებები ფორმა N2-ებში ჩადებული იყოს გაზრდილი ოდენობებით, რისი გარკვევაც შემდგომი შესწავლის საგანს წარმოადგენს.
2012 წლის 6 ივნისს შემოსავლების სამსახურსა და შპს „ორნამენტს“ შორის გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით გამარტივებული შესყიდვის გზით გაფორმდა ხელშეკრულება N1/497 სახელმწიფო შესყიდვაზე. შესყიდვის საგანს წარმოადგენდა პორტალ სარფის ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო-სარემონტო და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობის სამუშაოები. საწყისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა 1,289.3 ათასი ლარი. 2012 წლის 1 აგვისტოს N1 შეთანხმების ოქმის საფუძველზე სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 1,288.2 ათასი ლარით. ვერ იქნა დასაბუთებული რომ არსებობდა ვითარება, რომელმაც გამოიწვია გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით გამარტივებული შესყიდვის გზის გამოყენება. შესყიდვა უნდა განხორციელებულიყო ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
მიღება-ჩაბარების აქტებისა და მოთხოვნილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებით გაირკვა, რომ შპს „ორნამენტის“ მიერ წარმოდგენილ ფორმა N-2-ებში ცალკეული მასალების ღირებულებები ჩადებულია თვითღირებულებასთან შედარებით გაზრდილი ოდენობებით, რითაც დარღვეულია კანონმდებლობის მოთხოვნა.
მაგალითად: რბილი იატაკის კომპლექტის 1მ2 მასალის ღირებულება ფორმა N2-ში ჩადებულია 65.0 ლარის ოდენობით დღგ-ს გარეშე, მაშინ როდესაც შესყიდვის ღირებულებამ შეადგინა 29.66 ლარი დღგ-ს გარეშე (სასაქონლო ზედნადები ელ-0022866086). სხვაობამ 495 მ2 მასალაზე გაანგარიშებით დანარიცხების გარეშე შეადგინა 17.5 ათასი ლარი. ლამინირებული იატაკის 1მ2 მასალის ღირებულება ფორმა N2-ში ჩადებულია 53.0 ლარის ოდენობით დღგ-ს გარეშე, მაშინ როდესაც შესყიდვის ღირებულებამ შეადგინა 28.39 ლარი დღგ-ს გარეშე (სასაქონლო ზედნადები ელ-0013002709). სხვაობამ 622 მ2 მასალაზე გაანგარიშებით დანარიცხების გარეშე შეადგინა 15.3 ათასი ლარი.
გრანიტის ფილების 1მ2 მასალის ღირებულება ფორმა N2-ში ჩადებულია 55.0 ლარის ოდენობით დღგ-ს გარეშე, მაშინ როდესაც შესყიდვის ღირებულებამ შეადგინა 15.25 ლარი დღგ-ს გარეშე (სასაქონლო ზედნადები ელ-0023175288). სხვაობამ 898 მ2 მასალაზე გაანგარიშებით დანარიცხების გარეშე შეადგინა 35.7 ათასი ლარი. სულ სხვაობამ დანარიცხების გარეშე შეადგინა 68.5 ათასი ლარი. დანარიცხების (ზედნადები ხარჯები, გეგმური მოგება და დღგ) გათვალისწინებით სხვაობამ შეადგინა 94.2 ათასი ლარი, რომელიც ზედმეტად არის გადახდილი.
შპს „ორნამენტის“ მიერ მოთხოვნილი მასალების შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი იქნა ნაწილობრივ იმ მოტივით, რომ დოკუმენტები ამოღებული ჰქონდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. რაც არგუმენტად ვერ გამოდგება, რადგან შესაძლებელი იყო შემოსავლების სამსახურის ინტერნეტ-პორტალიდან (რომელიც გარე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი არ არის) ყველა ანგარიშ-ფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების ამოღება და წარმოდგენა. აქედან გამომდინარე შესაძლებელია, რომ თვითღირებულებების გაზრდილი ოდენობებით წარმოდგენას სხვა მასალების შემთხვევაშიც ჰქონდეს ადგილი.
აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით შპს „ორნამენტს“ უნდა შეესრულებინა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის კოშკზე წარწერა „GEORGIA“-ს დამზადება და მონტაჟი (მოთხოვნის შესაბამისად) ღირებულებით 10.4 ათასი ლარი დღგ-ს გარეშე. გაურკვეველია, თუ რა იგულისხმება „მოთხოვნაში“, მაგრამ აღნიშნული წარწერის მონტაჟი ფორმა N2-ების მიხედვით განხორციელებული არ არის.
აუდიტის სახელმწიფო სამსახურში დასძენენ, რომ აუდიტორული მოსაზრების საფუძვლებში მოტანილი ფაქტების გამო შემოსავლების სამსახურის საქმიანობა შესაბამისობაში არ არის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან.