საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შავ სიაში რეგისტრირებულ მეწარმასთან ხელშეკრულება გააფორმა, რამაც სამინისტროს მიერ შესყიდული პროდუქტი 74%-ით გააძვირა.
ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. უწყებამ იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის 2011-2013 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში ჩაატარა, სადაც აღნიშნულია, რომ სამინისტრომ ბიუჯეტის თანხები არაეკონომიურად დახარჯა.
კერძოდ, აუდიტით გამოვლინდა, "2011 წლის 5 სექტემბრიდან შავ სიაში რეგისტრირებულ მეწარმესთან გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულების გაფორმების ერთი ფაქტი. კერძოდ, ი/მ "ალიოშა ცერცვაძესთან“, 2012 წლის 16 იანვარს ქ. თბილისის პროკურატურის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-დასუფთავების მომსახურების შესყიდვის მიზნით გაფორმდა ხელშეკრულება 14,000 ლარზე, რომელიც მოიცავდა 2012 წლიდან 16 იანვრიდან 29 თებერვლამდე პერიოდს. რაც ეწინააღმდეგება "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. ასევე, ზემოხსენებული შესყიდვა იყო არაეკონომიური, რადგან იმავე მომსახურებაზე 2012 წლის პირველი მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ტენდერის შედეგად შპს "სი თი ეს ჯგუფ“-თან გაფორმდა ხელშეკრულება 53,700 ლარზე (საშუალოთვიური ღირებულებით-5,370 ლარი). მაშინ როდესაც, შავ სიაში არსებულ მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საშუალოთვიური ღირებულება შეადგენდა 9,333 ლარს (14000/1,5). შესყიდვის გამარტივებულმა ფორმამ მომსახურება 74%-ით გააძვირა“, _ აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
ცნობისთვის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პრეტენდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან არაკეთილსინდისიერ პრეტენდენტთა რეესტრში (ე.წ. შავ სიაში), შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები.