მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მაღალსაპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფი პოლიტიკოსებიც კი აძლევენ თავს უფლებას ალკოჰოლურ სასმელებს მიეძალონ, რაც უმეტეს შემთხვევაში პოლიტიკური სკანდალითა და თანამდებობის დატოვებით სრულდება. მათი ნაბახუსევი სახეები კი, ჟურნალ-გაზეთებისა და ტელევიზიის მთავარი სამიზნე ხდება.
ალკოჰოლისადმი სიყვარულით გამოირჩეოდნენ ბრიტანელი პოლიტიკოსები. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 60-იან წლებში, ჯორჯ ბრაუნი, ცნობილი იყო თავისი ლოთური საქციელით. ამბობენ, პერუში ოფიციალური ვიზიტის დროს მინისტრი, საზეიმო ვახშამზე დათვრა, ლიმას არქიეპისკოპოსის გრძელი მანტია კაბად მოეჩვენა და პერუს ჰიმნზე ქალად აღქმული არქიეპისკოპოსი საცეკვაოდ გაიწვია. პერუდან დაბრუნებული ბრაუნი პრემიერ-მინისტრ ჰაროლდ ვილსონს კაბინეტში ნასვამი შეუვარდა და შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც თანამდებობიდან გადადგა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გასულ საუკუნეში ჰერბერტ ჰენრი ასკვიტი მთელი ცხოვრება სვამდა. მისი ეს მავნე ჩვევა ცნობილი იყო სამეფო ოჯახისთვის, თუმცა ასკვიტი იმდენად კარგად უძღვებოდა საქმეს, რომ ბრენდის სიყვარულის გამო მისი გადაყენება აზრად არავის მოსვლია. ამბობენ, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში ასკვიტი ალკოჰოლიზმისგან განკურნებას ცდილობდა. თუმცა, საკმარისი იყო, ერთი კვირა არ დაელია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა. საინტერესოა, რომ ოფიციალურ შეხვედრებზე ასკვიტს მუდამ თან ჰქონდა პატარა ბოთლი, წყალში გაზავებული ბრენდით.
ბრიტანეთის კიდევ ერთი პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, მართალია, უფრო თავშეკავებული იყო ასკვიტთან შედარებით, მაგრამ ალკოჰოლის მიმართ მის სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა. ანგლო-ბურების ომში წასვლამდე მან თავის ბარგში 16 ბოთლი სკოტჩი, 36 ბოთლი ღვინო და 6 ბოთლი ბრენდი ჩაალაგა. მთელი ცხოვრება, მხოლოდ ერთ წესს იცავდა, იგი ძლიერმოქმედ ალკოჰოლს საუზმემდე არ იღებდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ჩერჩილი ხშირად იმეორებდა, რომ ალკოჰოლისგან მან გაცილებით მეტი მიიღო, ვიდრე ალკოჰოლმა მისგან.