FactCheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. 5-დან 12 იანვრამდე, ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა.
ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობის მიხედვით, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებას ეხებოდა. ხადურის თქმით, 2015 წელს მასწავლებლების ხელფასი 17 პროცენტით გაიზრდება.
ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, მომდევნო წლის სექტემბრიდან პედაგოგების საბაზო ხელფასი პირველ ეტაპზე 17%-ით (50 ლარით) გაიზრდება. 31-34%-ით (100–200 ლარით) გაიზრდება სერტიფიცირებული პედაგოგების სახელფასო სარგოც. 2017 წლისთვის კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 800-1000 ლარი იქნება.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ნოდარ ხადურის განცხადება სიმართლედ შეფასდა.
გასულ კვირას, ფაქტ-მეტრმა პრეზიდენტის მიერ საყდრისის მაღაროს შესახებ გაკეთებული განცხადებაც გადაამოწმა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, „საყდრისის მაღაროს საქმეზე დავა მიმდინარეობს სასამართლოში… მანამდე კი, დაუშვებელია ობიექტზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება“.
საყდრისი-ყაჩაღიანისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსსა და ამ ტერიტორიაზე კომპანია „RMG Gold“-ის მიერ სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოების შესახებ ორი სასამართლო პროცესი გაიმართა. პირველ შემთხვევაში, 2014 წლის 13 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლითაც საყდრისის საბადოს ისტორიული ძეგლის სტატუსი მოეხსნა, ბათილად ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება კულტურის სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და მასზე დავა დღემდე მიმდინარეობს.
გარდა ამისა, 2014 წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ კახა კოჟორიძისა და დალი მამულაშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და კულტურის სამინისტროს 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კომპანია „RMG Gold“-მა საყდრისი-ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება მიიღო, შეაჩერა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, „RMG Gold“-ს აღნიშნულ ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება არ ჰქონდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გიორგი მარგველაშვილის განცხადება სიმართლედ შეფასდა.
ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებას ეხებოდა.
2014 წლის 5 დეკემბერს „ერთიანი ნაციონალური“ მოძარაობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე, განათლების სამინისტროს მიერ, ხელფასის სახით, დიდი ოდენობით თანხის გაცემაზე გაამახვილა ყურადღება. მან მანმარტა, რომ განათლების სამინისტროში, კერძოდ, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის კონსულტანტმა ალექსანრე შელიამ თვენახევრის განმავლობაში ხელფასის სახით 143 000 ლარი მიიღო.
საპასუხოდ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ ალექსანდრე შელია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის პროექტის საერთაშორისო კონსულტანტია და მისი ანაზღაურება ხორციელდება არა საბიუჯეტო სახსრებიდან, არამედ გაეროს განვითარების პროგრამის მიზნობრივი გრანტიდან, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. განცხადებაში აგრეთვე განმარტებულია, რომ განათლების ხარისხის სისტემის ავტომატიზაციის მიზნით, ზემოთ აღნიშნულ პროექტში ალექსანდრე შელია, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, მოწვეულია საერთაშორისო კონსულტანტის რანგში.
ფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ალექსანდრე შელიამ თვენახევრის განმავლობაში შრომის ანაზღაურების სახით 143 000 ლარი მიიღო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ანგარიშწორება გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი მიზნობრივი გრანტიდან განახორციელა.
მართალია, მიზნობრივი გრანტი სახელმწიფო ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ მისი გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილ თანხასთან გაიგივება არასწორია, რადგან მას კონკრეტული დანიშნულება აქვს და მისი სხვა პროგრამაზე გახარჯვა არ ხდება. გარდა ამისა, ის არ წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებს.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრი დაასკვნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არგუმენტი ალექსანდრე შელიას სახელფასო ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მეტწილად სიმართლეა.
გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებაც გადაამოწმა. დეპუტატის თქმით, მაღალი ჩინის პირებმა, დანიშვნისთანავე, „ქართუ ბანკიდან“ პრაქტიკულად უპროცენტო კრედიტები გამოიტანეს“.
აღნიშნული საკითხი ფაქტ-მეტრმა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე დაყრდნობით გამოიკვლია. კვლევის მიხედვით, სამმა მინისტრმა (გიორგი კვირიკაშვილი, სოზარ სუბარი, ალექსანდრე ჭიკაიძე) უშუალოდ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ბანკებიდან სოლიდური საკრედიტო სესხი მიიღო. რაც შეეხება ოთარ დანელიას, მან სესხი ჯერ კიდევ შინანაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობის დროს აიღო, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სესხის აღებიდან ერთ თვეში, ის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, ხოლო ორიოდე თვის შემდეგ კი – მინისტრად.
მინისტრად დანიშვნის შემდეგ, საცხოვრებელი ფართები შეიძინეს ოთარ დანელიამ, ალექსანდრე ჭიკაიძემ და სოზარ სუბარმა. სოზარ სუბარისა და ალექსანდრე ჭიკაიძის დეკლარაციებში არ არის მითითებული, თუ რა გზით იქნა მოპოვებული მათ მიერ შეძენილი საცხოვრებელი ფართისთვის საჭირო ფინანსური აქტივები. მთლიანობაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გაანალიზებული დეკლარაციების მიხედვით, სოზარ სუბარის, ალექსანდრე ჭიკაიძის, ოთარ დანელიას და გიორგი კვირიკაშვილის კრედიტის ყოველთვიური გადასახდელი, მათი ხელფასის სოლიდურ ნაწილს შეადგენს.
აკაკი ბობოხიძის განცხადება ბოლომდე სწორად ვერ ჩაითვლება, რადგან „ქართუ ბანკიდან“ სესხი მხოლოდ გიორგი კვირიკაშვილმა და სოზარ სუბარმა მიიღეს. გარდა ამისა, მინისტრებს არც უპროცენტო კრედიტი მიუღიათ. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ კვლევაში ნახსენებმა თანამდებობის პირებმა საკმაოდ სოლიდური და გრძელვადიანი სესხები თანამდებობაზე დანიშვნიდან მოკლე ვადაში მართლაც მიიღეს.
შესაბამისად, აკაკი ბობოხიძის განცხადება ნახევრად სიმართლედ შეფასდა.