სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო საინფორმაციო კატალოგის გაკეთებაზე მუშაობს, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული ერთეულების, ამ ერთეულებში არსებული ნიადაგების ანალიზის და კლიმატური პირობების შესახებ სრული ინფორმაცია იქნება თავმოყრილი.
_ ასევე, სხვა სიღრმისეულ კვლევებზე დაყრდნობით ვაკეთებთ ერთგვარ სახელმძღვანელოს იმის შესახებ, თუ რომელ რეგიონში რა კულტურები მოდის და ამ კულტურებიდან რომელს ვუწევთ რეკომენდაციას. ამ კულტურების შერჩევის კრიტერიუმი იქნება რამდენიმე. დეტალებს მოგვიანებით გავაცნობთ საზოგადოებას, რადგან ჯერჯერობით ის, რაც გვაქვს, კატალოგის საბოლოო ვერსია არ არის, _ განაცხადა დანელიამ eugeorgia.info-სთან საუბრისას.
მისივე თქმით სოფლის მეურნეობა ინვესტორებისთვის მიმზიდველი უნდა გახდეს.
_ ამისთვის არსებული რესურსების ეფექტური გამოყენებაა საჭირო ასეთი რესურსია მაგალითად, თერმული წყალი, რომელიც ენერგეტიკის ძალიან კარგი ჩამნაცვლებელია და რომელიც შეიძლება უქმად იღვრებოდეს.
ახალი ტექნოლოგიები, წვეთოვანი სისტემები და ზოგადად, აგროტექნიკა უნდა მოვიხმაროთ სწორად იმისთვის, რომ შევძლოთ ნიადაგების სწორად გამოყენება. მაგალითად, შესაძლოა ნიადაგში შევიტანოთ სასუქი, რომელიც ნიადაგს სულაც არ სჭირდება. ამ ყველაფერს მივყავართ განათლებამდე. სწორი ინსტრუქციები უნდა გავცეთ, რომ ადამიანებმა სწორად გამოიყენონ თანამედროვე ტექნიკა პრაქტიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია ბიოწარმოებაც. ეს არის ის ერთ-ერთი მიმართულება, რომლის განვითარებასაც ხელი უნდა შევუწყოთ.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ჩვენ მასობრივი მწარმოებელი ვერ ვიქნებით და თურქეთს და ჩინეთს ვერ შევეჯიბრებით. არ ვამბობთ, რომ ჩვენი პროდუქცია უნდა იყოს იაფი, თუმცა, ვამბობთ, რომ ის უნდა იყოს ხარისხიანი და აქ არის მთელი ხიბლი: საქართველო ცნობილია უგემრიელესი ხილით და ბოსტნეულით. ეს ტრადიციაა, რომელსაც გაძლიერება სჭირდება, საქართველო უნდა ვაქციოთ ამ იმიჯის მატარებლად, აგროტურიზმი კი საქართველოში ჩამომსვლელთა ერთ-ერთ მთავარ მიზნად. ეს ახალი მიმართულებაა. ახლა იწყება ამ დარგის აღმშენებლობა და დღეს ნულიდან ვიწყებთ ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობას. ამიტომ, შეგვიძლია მეტი აკადემიურობით დავნერგოთ დარგში თანამედროვე სტანდარტები და სიახლეები.
ჩვენ ახლა ვისაუბრეთ იმ მიმართულებებზე, რომლებიც პრიორიტეტული იქნება წელს. პროექტები, რომლებსაც რეგიონებში ვახორციელებთ, მოგვცემს საშუალებას, რომ შევქმნათ სახელმძღვანელო, რომელიც ამა თუ იმ რეგიონის შესახებ ინვესტორს სრულ ინფორმაციას მისცემს, ჩვენ კი უფრო მეტი ინტერაქტიულობის საშუალებას.
_ რა ინფორმაცია იქნება ამ სახელმძღვანელოში?
_ აქ იქნება ინფორმაცია რეგიონის მეტეოროლოგიური სტატისტიკის შესახებ, ნიადაგის მახასიათებლები, რა კულტურებია გავრცელებული ამ რეგიონში, მეცხოველეობის განვითარების და სახნავ-სათესი მიწების კუთხით არსებული მდგომარეობა. იქნება ინფორმაცია არსებული ინფრასტრუქტურის შესახებ: სად არის ბაღი, სკოლა, ნაგავსაყრელი და ა.შ. ასევე მოცემულია რეკომენდაციები, თუ რა ინვესტიციების განხორციელება არის მიზანშეწონილი.
eugeorgia.info-სთვის მიცემულ ინტერვიუში მინისტრის ამბობს, რომ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სტატისტიკა ზოგ შემთხვევაში არ იყო ობიექტური:
_ მაგალითად, მიწების თაობაზე, სახნავი რამდენია, საძოვარი რამდენია. აქ ბევრი სირთულეა… ზუსტი ციფრები არ არსებობს. გარდა ამისა, ფაქტობრივ სარგებლობაში არის გარკვეული მიწის ნაკვეთები, რომლებიც შეიძლება გახდეს ვინმეს ინტერესის საგანი. ასეთ დროს ადგილობრივ ხელისუფლებას ექმნება პრობლემები. მაგალითად, ვიპოვეთ სახელმწიფო ბალანსზე არსებული მიწა – ფართობი, სადაც კარგი ბიზნესი შეიძლება რომ განვითარდეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვიღაცას აქვს სარგებლობაში.
_ გარდა ამისა, ალბათ, პრობლემა ისიც არის, რომ ძალიან ბევრს აქვს მიწაზე პრეზიდენტ შევარდნაძის დროს გაცემული საბუთები, ანუ მიწებზე საკუთრების უფლება რეესტრში არ აქვთ დარეგისტრირებული. ამ პრობლემიდან რა გამოსავალს ხედავთ?
_ სამომავლოდ ყველა პროგრამა მიბმული იქნება იმაზე, რომ დავასტიმულიროთ მიწის ის მფლობელები, რომლებსაც რეგისტრაცია აქვთ გავლილი. ეს წაახალისებს მიწების დარეგისტრირების პროცესს.
_ როგორ მოახდენთ ამ პროცესის სტიმულირებას?
_ თუ არ მოიტანთ ამონაწერს რეესტრიდან, რომ მიწა არის თქვენი საკუთრება, ვერ დაგეხმარებით… ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ იყოს მტკივნეული პროცესი, მაგრამ სხვა გამოსავალი დღეს არ არსებობს.
_ მიწების გამსხვილებასთან დაკავშირებით რას გეგმავთ? ძალიან დიდ პრობლემად იქცა დარგის განვითარებისთვის ის, რომ მიწები არის პატარ-პატარა ნაწილებად დაყოფილი. ამ პრობლემას როგორ მოაგვარებთ?
_ კოოპერატივებით. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც კერძო საკუთრებაზეა საუბარი. სხვა შემთხვევაში ჩვენ ზემოქმედების ბერკეტი არ გაგვაჩნია. ამ გადაწყვეტილებამდე თავად წვრილი მესაკუთრეებიც მივლენ. არავის მოუნდება 1 ჰა მიწის მოვლა იმიტომ, რომ არ იქნება მის მიერ მოყვანილი პროდუქციის რეალიზაციის სტაბილური ბაზარი. კოოპერატივის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული კომპონენტი არის ის, რომ მას აქვს შანსი იაფად მიიღოს ტექნოლოგიები, გაცილებით უფრო მეტად რენტაბელური იყოს და ჰქონდეს რეალიზაციის სტაბილური ბაზარი, რადგან ის თავად ხდება სტაბილური მიმწოდებელი. ეს არის ის ერთობლიობა, რომლითაც ჩვენ ხელს ვუწყობთ კოოპერატივების განვითარებას და ეს პროცესი კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება. ისევ მიწებს რომ დავუბრუნდეთ: იდეის დამუშავების დონეზე გვაქვს პროექტი, რომლის თაობაზეც აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკურ საბჭოს ფარგლებში და სერიოზულად განვიხილავთ საგადასახადო ნაწილში აგრარული მიწის სოფლის მეურნეობის დანიშნულებით არგამოყენების, ან უმოქმედობის შემთხვევაში გადასახადების გაზრდას: ადამიანი, რომელიც არ უვლის მიწას და არ მოჰყავს მოსავალი, არ შეიძლება იგივე პირობებში გვყავდეს, როგორშიც ის ადამიანი, რომელიც უვლის მიწას. გარდა ამისა, გასხვისების ნაწილში შესამუშავებელი იქნება ისეთი ელემენტი, რომელიც მიწის ნასყიდობის მინიმალურ ზღვარს დაადგენს. თუ კითხვა ისმის ასე, უნდა გაიყიდოს თუ არა მიწა, რა თქმა უნდა, უნდა გაიყიდოს და ის უნდა მოხვდეს ბრუნვაში, მაგრამ პირობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიწის პროპორციულ და სწორ გამოყენებას. რაც შეეხება კერძო პირისგან უცხოელზე მიწის გასხვისებას, ამ ნაწილში ჩვენ შევჯერდით კანონპროექტის დონეზე, რომ მინიმუმ 5 ჰა უნდა შეიძინოს და მაქსიმუმ 20 ჰა, მაგრამ უნდა ჰქონდეს ბინადრობის მოწმობა. თუ მეტის შეძენა სურს, მაშინ უნდა დარეგისტრირდეს იურიდიულ პირად, რათა მოექცეს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ და მინიმუმ 20 ჰა შეეძლება შეიძინოს, მაქსიმალური ზღვარი კი 200 ჰა არის. თუ 200 ჰა-ს სცდება და აქვს განსაკუთრებული პროექტი, არც ესაა პრობლემა, მაშინ პროექტი მთავრობის სხდომაზე უნდა გავიდეს განსახილველად. მე ერთხელ უკვე ვუშუამდგომლე ასეთ პროექტს. ეს არის ჰოლანდიელი ბიზნესმენი, რომელმაც სათბური გახსნა სამტრედიაში და თავისი ოჯახიც აქ ჩამოიყვანა. ასეთი პროექტები პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი.
_ შეაფერხა თუ არა ასეთი პროექტები ვიზების გაცემის წესის გამკაცრებამ?
_ რასაკვირველია, ვიზების საკითხმა გამოიწვია გაურკვევლობა, მაგრამ ეს პრობლემაც გვარდება ელექტრონული ვიზების გაცემის მეშვეობით.
_ შეღავათიანი აგროკრედიტის თემასთან დაკავშირებით ვიცით ბენეფიციარებისგან, რომ სახელმწიფომ შეცვალა პირობები, რომლითაც ბენეფიციარებს პროექტები დაუმტკიცდათ: ახალი წესის თანახმად, რომელიც ძალაში 2014 წლის ნოემბერში შევიდა, სახელმწიფო 3-კომპონენტიანი დაფინანსების სისტემაში თავის წილს ერთ კონკრეტულ რაიონულ ერთეულში ატევს, ანუ ბენეფიციარებმა 1 მილიონი ლარი უნდა „გაინაწილონ“ და მოხდა ისე, რომ ვისაც მაგალითად პროექტი ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში დაუმტკიცდათ, ნოემბერში შესული ცვლილების შემდეგ, სხვა ბენეფიციარს, ვინც დაფინანსება ნოემბრის შემდეგ მოიპოვა, სახელმწიფოს წილი დაფინანსება უნდა გაუყოს. შესაბამისად, ასეთი ბენეფიციარები, „დაიჩაგრნენ“ და ბიზნესგეგმები დაეშალათ. რას გეგმავთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
_ საქართველო არ არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ქალაქები ერთმანეთისგან 300 კილომეტრით იყოს დაშორებული. თუ ადამიანს რეგიონი აინტერესებს, საწარმოს, ან მეურნეობის ერთი რაიონის ნაცვლად მეორე რაიონში განთავსება, ხელისშემშლელი ფაქტორი ვერ იქნება. გვქონდა ასეთი მაგალითი: ხობში იყო 2 პროექტი. ერთ-ერთი გასცდა სტანდარტს და ბიუჯეტით გადაუსწრო მეორეს. პირადად ჩავედი ადგილზე, ვნახე როგორ მდგომარეობაში იყო ეს ქარხანა. ვნახე, რომ ისინი კეთილსინდისიერად მუშაობდნენ და გრანტის მიღების ყველა პარამეტრს აკმაყოფილებდნენ. მათ ჩაერიცხათ ეს თანხაც და ქარხანაც უკვე გაშვებულია ექსპლუატაციაში.
მნიშვნელოვანია დივერსიფიცირება და ბალანსი: არ შეიძლება ერთ ქალაქში იყოს ყველაფერი. საწარმოები უნდა იყოს გადანაწილებული. ჩვენ კი არ შევამცირეთ დაფინანსება, არამედ პირიქით, დავამატეთ ის რაიონები, რომელებიც არ მონაწილეობდნენ ამ პროექტებში, მაგალითად, ყაზბეგი.
_ ანუ მაღალმთიანი რეგიონები?
_ მაღალმთიანი და საზღვრისპირა რეგიონები ერთ-ერთი ყველაზე მაღალპრიორიტეტული მიმართულებაა. ვფიქრობთ სპეცპროექტებზეც, განსაკუთრებული ლოჯისტიკის ცენტრები გვინდა გავაკეთოთ, რომლებიც ამ რეგიონებს გამოაცოცხლებს და განავითარებს.
მინისტრმა აგროდაზღვევის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სისტემამ იმუშავა:
_ დაზღვეული გვაქვს 131 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო კულტურა. რაც მთავარია, სისტემამ იმუშავა და გაჩნდა დაზღვევის კულტურა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. პროექტში 16 ათასამდე ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენ უფრო მასშტაბური უნდა გავხადოთ ეს პროექტი მომავალ წელს და ამისთვის სხვა კომპონენტებსაც გავითვალისწინებთ. ყველა მიმართულება იქნება განსაზღვრული და გამოიყოფა 10 მილიონი ლარი იმისთვის, რომ რაღაც ნაწილი დავასუბსიდიროთ აგროდაზღვევით და კიდევ უფრო მეტი სტიმული გაჩნდეს. გაზაფხულზე ვგეგმავთ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინსტალაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გადაიხედოს ტარიფებიც. მაგალითად, თუ დაზღვევა ხდებოდა 15% ში, დანადგარების დამონტაჟების შემდეგ 15% უნდა გადაიხედოს.
_ თაფლის ლაბორატორია როდის შეამოწმებს თაფლს ანტიბიოტიკებზე? ინფორმაცია იყო, რომ ანტიბიოტიკების ნარჩენებზე თაფლის შემოწმების საშუალება გასული წლის ბოლოს უნდა გვქონოდა..
_ თაფლის ლაბორატორია ამუშავდება მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, მარტის ბოლოს, ლაბორატორიის ტენდერი იყო გამოცხადებული. სამუშაოებმა დრო წაიღო. ცალკე თემაა სამშენებლო ტენედერები, ან უხარისხოდ აკეთებენ, ან დროში აგვიანებენ, მერე ჯარიმებზე მიდიან.
_ თუ მუშაობს სამინისტრო ჩვენი პროდუქტების ევროპის ბაზრებზე "ე.წ. პრომოუშენზე", საერთოდ ვინ ქმნის ე.წ. ლეგენდებს იმისთვის, რომ ქართული პროდუქტი ევროპის ბაზრებზე დამკვიდრდეს, ვინ მუშაობს იმ "ისტორიის" შეფუთვაზე, რომელიც პროდუქტს ყიდის. მაგალითად, იციან თუ არა ევროპელებმა ქართული ფუტკრის განსაკუთრებული თვისებების შესახებ?
_ ჩვენი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ახლა მუხურის ფუტკრის აღორძინების პროცესზე მუშაობს. ამიტომ, ჯერ უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია. მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო ზრუნავს ასეთ პროექტებზე, ლეგენდაც შექმნა, კანონმდებლობაც შეცვალა და ხელშეწყობის პროექტებიც განახორციელა. ამის შედეგია, რომ წელს ჩვენ გვაქვს ღვინის გაცილებით მეტი ექსპორტი, ვიდრე წინა წლებში. ეს არის მოდელი, რომელიც სხვა სფეროებზეც უნდა გავრცელდეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში არის სტრატეგიული კვლევების ცენტრი, რომელიც მუშაობს ყველა იმ მიმართულებით, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. სწორედ ის მუშაობს სტრატეგიების გაწერაზე: რომელი მიმართულება არის პრიორიტეტული, რომელი დარგის განვითარება არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. აი, მაგალითად, იგივე მეცხვარეობის დარგი ძალიან საინტერესო მიმართულებაა, ძალიან კარგი ექსპორტის პოტენციალი აქვს, რომელსაც დამუშავება სჭირდება, საძოვრების მოწყობა სჭირდება, გადასარეკი ტრასები უნდა მოეწყოს. ეს პროექტიც დაწყებული გვაქვს უკვე.
_ იმპორტის ჩანაცვლებას რაც შეეხება, შეღავათიანი დაკრედიტების პროექტები, რომელიც ამ პროცესის მასტიმულრებელი უნდა იყოს, რამდენად ზრდის შესაძლებლობებს, რამდენად ეხმარება მთავარ მიზანს? სტატისტიკა თუ არსებობს? ალბათ იტყვით, რომ 2 წელია, რაც ეს პროცესი მიდის და ნაადრევია მიზნის მიღწევის დინამიკაზე საუბარი, თუმცა იქნებ არსებობს უკვე რაღაც ინდიკატორები?
_ ამ საკითხს აბსოლუტური გაგებით ნუ მოვეკიდებით, იმპორტმაც უნდა მოიმატოს და ექსპორტმაც. აქ საუბარია ბალანსზე.
_ თუმცა, ვიცით, რომ ამ პროექტის მიზანი იყო თითქმის 90%-იანი იმპორტის საქართველოში ნაწარმოები პროდუქციით ჩანაცვლება…
_ კი, უნდა ჩანაცვლდეს, მაგრამ ამისთვის მას კონკურენტუნარიანი ფასი უნდა ჰქონდეს.
_ როგორც ბიზნესპროექსტს, ისე უყურებს ამ შეღავათიანი სესხების პროგრამას სახელმწიფო? ეს ხომ გადამხდელთა ფულით ფინანსდება და ამიტომ ყველას აინტერესებს დეტალურად, სად და რამდენად ეფექტიანად მიემართება თანხები. ანუ, მაგალითად, პამიდვრის სათბურების დაფინანსება რომ ავიღოთ: ზამთარში ძირითადად იმპორტულ პამიდორს მოვიხმართ, რადგან ადგილზე ის არავის მოჰყავს. ამ დეფიციტის დაბალანსებაზეც არის გათვლილი პროექტები?
_ ერთი არჩევანია, თურქული პამიდვრის ნაცვლად ვიყიდოთ ქართული პამიდორი და არის მეორე არჩევანი: ვიყიდო ისიც და ისიც, ანუ მქონდეს არჩევანი. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ დღეს არჩევანი არ გვაქვს და გვინდა თუ არა, ზამთარში "პლასტმასის" პამიდორს მივირთმევთ. პროექტების ეფექტურობის ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო იმპორტის და ექსპორტის ბალანსი, სალდო. მოლოდინი, რომ ჩვენ გავანულებთ იმპორტს, მცდარია. მაგალითად, თხილს აქვს ძალიან კარგი ექსპორტის პოტენციალი. ე.ი. უნდა გადავწყვიტოთ – მე იმაზე დავკარგო რესურსი, რომ ვთქვათ 1000 ტონა "იქს" პროდუქცია ჩავანაცვლო, თუ იმაზე, რომ თხილი გავიტანო ექსპორტზე და "იქსი" კი ვიყიდო. აი, ამ ბალანსზეა საუბარი. ამიტომაც გამოვყოფთ ჩვენ პრიორიტეტულ პროდუქტებს, რომ მათ კომერციული დატვირთვაც ჰქონდეთ ყველა სხვა დატვირთვასთან ერთად. ერთადერთი, რასაც ჩვენ განსაკუთრებულ რანგში განვიხილავთ, არის სასურსათო უსაფრთხოება, დანარჩენი ყველა უნდა იყოს კომერციულად გამართლებული.
_ აგროპროექტების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბალანსი თუ არის დაცული, მაგალითად, დავაფინანსოთ ჭოპორტის პამიდვრის 3 მეურნეობა, თუ ორი, რამდენი და რა ჯიშის ვაშლების მეურნეობა? ამას ვინ საზღვრავს?
_ ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლითაც ჩვენ პროექტებს ვარჩევთ. ამ თემაზე ჩვენ გვაქვს ცალკე სქემები, რომელიც უშუალოდ პროდუქტების იმპორტ-ექსპორტის ბალანსზე დეტალურ ლოჯისტიკას მოიცავს. ამ თემაზე მომდევნო შეხვედრის დროს ვისაუბროთ.