შუახევის რაიონის სოფელი ჩანჩხალოს მოსახლეობის საკითხი, რომლის გამოც არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა დღემდე გაურკვეველია. საქმე ეხება სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელთა საცხოვრებლებიც "შუახევ ჰესის" მშენებლობის პარალელურად საშიში ხდება და ათეულობით ოჯახი საშიშ ზონაში ექცევა. მოსახლეობის აზრით ამის მიზეზი ჰესისათვის გვირაბის მშენებლობაა, რომელიც მიწის ეროზიას იწვევს.
მდგომარეობის გასარკვევად აჭარის მთავრობამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელსაც გეოფიზიკური კვლევები უნდა ეწარმოებინა, მაგრამ ამ კომისიას დასკვნა დღემდე არ მოუმზადებია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო რეგიონის მთავრობას ამ კვლევის დასრულებას და გასაჯაროებას სთხოვს, რომ საბოლოოდ გაირკვეს ჩანჩხალოში სახლებს ბზარები გამომწვევი მეწყერია თუ გვირაბის მშენებლობა.
" კვლევის დასრულების შემდეგ ცხადი გახდება რა ღონისძიებები უნდა გატარდეს. დღეისათვის 130 სახლიდან 40 უკვე საშიშ ზონაშია და მათში ცხოვრება სახიფათოა. მოსახლეობა უკვე თვეებია ითხოვს ამ საშიში ზონიდან განსახლებას. თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ. – განაცხადა გამჭვირვალობის წარმომადგენელმა ნათია ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
დამეწყრილი სოფლის კვლევა სამთავრობო კომისიის შექმნამდე გასულ წელს ჰესი მფლობელმა კომპანიამ " აჭარისწყალი ჯორჯია"-მ ჩაატარა. ამ კვლევის დასკვნით დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შენობებისა და საკარმიდამო ნაკვეთების დამეწყრა სახლების მშენებლობის დროს დაშვებული საინჟინრო შეცდომებია და არა გვირაბის მშენებლობა. თუმცა, აღნიშნული დასკვნა მოსახლეობაში ეჭვს იწვევს, რადგანაც კომპანიის ინტერესებს ეხმიანება.
იგივე მოთხოვნებით სოფელ ჩანჩხალოში დღეს საპროტესტო აქციაც არის დაგეგმილი, რომელზეც სოფლის მცხოვრებლები მთავრობისგან მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადმას მოითხოვენ.