27 იანვარს, ქუთაისში, ა.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროპის სამეზობლო პროგრამის, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის („ENPARD_ი საქართველო“) ფარგლებში გრანტის გადაცემის ცერემონიალი შედგა. დააჯილდოეს ამავე პროგრამის ფარგლებში შექმნილი 35 მცირე ფერმერული კოოპერატივი, რომლებმაც მიაღწიეს წარმატებას საგრანტო კონკურსში. მათ შორის, ხუთი გამარჯვებული კოოპერატივი გურიის რეგიონიდანაა.
განსაკუთრებული ემოცია და ტაში მოჰყვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში დაფუძნებული კოოპერატივის ხელმძღვანელის, ოთარ გიორგაძის დაჯილდოებას. „სამეგობრო 2014“, ასე ჰქვია მის კოოპერატივს, რომლის წევრების შრომითი საქმიანობის შესახებ ვიდეომასალა აჩვენეს. ისინი ურთულეს კლიმატურ პირობებში უვლიან თევზსაშენს და მაღალი შედეგის მიღწევა შეძლეს, მარხილით შრომის პირობებში.
ჩოხატაურიდან ასევე გამარჯვებული გახდა, ხიდისთავში დაფუძნებული, ჩაის მწარმოებელი კოოპერატივი „გურიაკომპანი“, რომელსაც მერაბ დოლიძე ხელმძღვანელობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან კოოპერატივი „ნაგომრის ჩაი“ გახდა გამარჯვებული.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან ორი კოოპერატივი გახდა გამარჯვებული: გელა ზოიძის „ჩიბათი 2012“ და სოფელ ლესადან, რომეო უგრეხელიძის „ნერგები“. ამ კოოპერატივში გამოჰყავთ მრავალწლოვანი ხეხილის და დეკორატიული მცენარეების ჯიშები.
„ENPARD_ის“ პროექტის საქართველოს რეგიონული განვითარების მობილიზატორი გურიის რეგიონში, მარინა სუნგულია „გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ განაცხადი 40 ფერმერს ჰქონდა შემოტანილი და ხუთი საუკეთესო გამოვლინდა. ჯილდოდ ძირითადად მატერიალური აქტივები განისაზღვრა.
ევროკავშირის ატაშემ სურსათის უნებლობის და სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში, ხუან ეჩანოვემ განაცხადა, რომ უკვე 500 – მდე კოოპერატივია დარეგისტრირებული. აღნიშნული პროგრამის მესვეურები კი პირველ ეტაპზე მხოლოდ 50 კოოპერატივის შექმნას ვარაუდობდნენ.
_მცირე ფერმერები ერთიანდებიან კოოპერატივებში. თავიდან ცნობიერების დანერგვა იყო საჭირო და ათჯერ უკეთესი შედეგი მივიღეთ, ვიდრე მოველოდით. ახლა ახალ საფეხურზე უნდა გადავიდეთ, უნდა შევქმნათ უკეთესი პოლიტიკა, უკეთესი სტრატეგია, რომ ერთიანი ძალისხმევით ამოვიყვანოთ სოფელი გაჭირვებიდან, სიღარიბიდან და კოოპერატივები იქცეს სოფლის განვითარების ლოკომოტივად. მეცნიერები შეისწავლიან პრობლემებს, მთავრობა განახორციელებს სტრატეგიას, მედია აუწყებს საზოგადოებას და მოუპოვებს მას სახალხო მხარდაჭერას, _ განაცხადა ეჩანოვემ.