„საკლასო ოთახებში ძლიერი კვამლის სუნია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იქმნება ქარიან ამინდში, როცა ცეცხლის დანთება საერთოდ ვერ ხერხდება და იძულებული ვხდებით, გაკვეთილები გაყინულ ოთახებში ჩავატაროთ. ეს ნამდვილი ტანჯვაა’’_ ასე აფასებენ შეშის ღუმელების გამოყენების პრაქტიკას სამეგრელოს სკოლებში.
აღნიშნული საკითხები 27 და 29 იანვარს ღია გარემოსდაცვითმა სამოქალაქო ინიციატივამ (CENN) ზედა ნაგვაზაოს, ლეციცხვაიეს, ინჩხურის, გაჭედილის, დიდი ჭყონის (მარტვილი), ახალი სოფელის, ახალი აბასთუმანის, ჯუმისა დ ოდიშის (ზუგდიდი) სკოლებში განიხილა. ყველა ეს სკოლა გაზიფიცირებულ სოფლებში მდებარეობს, თუმცა გათბობის საშუალებად შეშას იყენებს. სკოლები შეშის დიდ მოცულობას მოიხმარენ, თუმცა გათბობის ხარისხი არადამაკმაყოფილებელია.
სკოლებთან, რომლებსაც გაზსადენის მილებიდან სულ რამდენიმე მეტრი აცილებთ, დაბალ წნევაზე გადამყვანი გაზგამანაწილებელიც კი არ არის დამონტაჟებული. გაზის კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, გაზიფიკაციის ნახაზში არ იყო დატანილი სკოლის შენობა. მიუხედავად სკოლის დირექციის დაჟინებული მოთხოვნისა, კომპანიამ უარი განაცხადა ნახაზში ცვლილების შეტანაზე.
სკოლებში აღნიშნავენ, რომ შეშის მოხმარება არაკომფორტულია და გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. შეშით სარგებლობას თან ახლავს მთელი რიგი პრობლემური ასპექტები: შეშის დაპობა, შენახვა, ცეცხლის დანთება და მეთვალყურეობა. ამ პროცესებში ხშირად მოსწავლეები და მშობლებიც არიან ჩართული. სკოლის წარმომადგენელთა ინფორმაციით, სკოლების უზრუნველყოფა ახალ მოჭრილი, ნედლი შეშით ხდება, რომლის სითბური ეფექტი დაბალია. სკოლებში ძირითადად დგას მარტივი შეშის ღუმელები.
ამ ტიპის ღუმელში წვის პროცესი ცუდად მიმდინარეობს, ნედლი შეშა ცუდად იწვის, თან ახლავს დიდი რაოდენობით მავნე აირების გამოყოფა, რაც უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და სასწავლო პროცესის ეფექტურობაზე. ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის ცნობით, უფრო რთული სიტუაციაა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში, სადაც სკოლის ოთახები ბუხარში დანთებული ცეცხლით თბება.