ბიუჯეტიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჩატარებული აუდიტის შედეგად რამდენიმე დარღვევა აღმოაჩინა:
"ა(ა)იპ – საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის წერილის N35, 7/03/2013 საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულება (N316 ს/ფ, 01/04/2013წ.) ს/ფ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ა(ა)იპ – საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციას შორის.
ხელშეკრულების საგანი იყო 2013 წლის 5-7 აპრილს ქ.ფოთში, კანოე-კაიაკში საქართველოს თასის (პირველი ეტაპი) გათამაშებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვის უზრუნველყოფა. ხარჯთაღრიცხვით და ხელშეკრულებით დასაფინანსებელი და გადარიცხული თანხა შეადგენდა 9154.0 ლარს.
ფედერაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ხარჯი შეადგენდა 8386.4 ლარს, რომლიდანაც სამინისტრომ დასაბუთებულად ცნო და ფაქტიურ ხარჯად აღიარებული აქვს -7595.00 ლარი, ხოლო სხვაობა – 1559.0 ლარი ბიუჯეტში დაბრუნებულია 14/01/2014-ში.
ამასთან ხარჯებში ასახულია 1160.0 ლარის ხარჯები „2 დღის განმავლობაში 85 სპორტსმენის კვებისათვის“, რომელიც კანოეს ფედერაციის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული „საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის მიერ 2012 წელს ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების დებულების მე-8 მუხლის„ შეჯიბრების დაფინანსების პირობების“ თანახმად, ფედერაციის გადასახდელი არ იყო და შესაბამისად სამინისტროსაც ფაქტიურ ხარჯად არ უნდა ეღიარებინა.
აღნიშნული თანხიდან ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა შეადგენს 368.6 ლარს, ხოლო 791.4 ლარის ხარჯი გაწეულია ფედერაციის მიერ. ე.ი ბიუჯეტიდან ზედმეტად გადახდილია 368.6 ლარი.
ა(ა)იპ – საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის წერილის N34, 6/03/2013 საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულება (N317 ს/ფ, 01/04/2013წ.) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ა(ა)იპ – საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციას შორის.
ხელშეკრულების საგანია: 2013 წლის 14-26 მარტს ქ.ფოთში, 1997-1998 წლებში დაბადებული სპორტსმენების კანოეს ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად სასელექციო შეკრებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვის უზრუნველყოფა.
ხარჯთაღრიცხვით და ხელშეკრულებით დასაფინანსებელი თანხა შეადგენს 12022.0 ლარს. სამინისტროსა და ფედერაციას შორის 2014 წლის 21 იანვარს გაფორმებულ მიღება-ჩაბარების N42 აქტის თანახმად ღონისძიებისთვის გადარიცხული იქნა 12022.0 ლარი, ფაქტიურმა ხარჯმა სულ შეადგინა 10370.0 ლარი, ბიუჯეტში დაბრუნებას დაექვემდებარა 1652.0 ლარი, რომელიც დაბრუნებულია 9/01/2014-ში.
ამასთან, წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით შეკრება ქ. ფოთში არ ჩატარებულა, ფაქტობრივად, 2013 წლის 14-28 მარტს სანაკრებო შეკრება ჩატარდა ქ. დუშეთში, ბაზალეთის ტბაზე.
ღონისძიება ჩატარდა ისე, რომ ხელშეკრულებაში და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები არ შესულა.
დოკუმენტურად არ ჩანს სამინისტროსთან აღნიშნული ცვლილება შეთანხმებული იყო თუ არა, რითაც დაირღვა სამინისტროს 2011 წლის 19 დეკემბრის #180 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად „სამინისტროსთან შეთანხმებით, გამოყოფილი საერთო თანხების ფარგლებში, ფედერაციების მხრიდან დასაშვები არის ხარჯთაღრიცხვაში გარკვეული სახის კორექტივების შეტანა, რაც არ საჭიროებს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას“.
ა(ა)იპ – საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის N113, 12/09/2013წ, წერილის საფუძველზე (რომელსაც თან დართული აქვს ხარჯთაღრიცხვა 18004.06 ლარზე; ესთაფეტური, სპორტის 4 სახეობაში, ექსტრემალური შეჯიბრის „რედ ბულ გერგეთი 2013“ ჩატარების დებულება და კანოეს ფედერაციის თავჯდომარის ბრძანება #113, 12/09/2013წ., 13-14 სექტემბერს ყაზბეგში, საერთაშორისო ოთხჭიდის ჩატარების შესახებ) გაფორმდა ხელშეკრულება 1146ს/ფ 12/09/2013წ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ა(ა)იპ – საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციას შორის.
ხელშეკრულების საგანია: 2013 წლის 13-14 სექტემბერს, დაბა ყაზბეგში, ექსტრემალურ ოთხჭიდში (კაიაკი, მთის ველოსიპედი, სირბილი, მეკლდეურობა) საერთაშორისო ტურნირის ჩასატარებლად საჭირო ხარჯების დაფარვის უზრუნველყოფა.
ხელშეკრულებით ბიუჯეტიდან დაფინანსების ოდენობა განისაზღვრა 18000.0 ლარის ოდენობით, რომელიც გადარიცხული იქნა 12/09/2013-ში.
სულ ხარჯმა შეადგინა – 17998.19 ლარი, ხოლო სამინისტროს ფაქტიურ ხარჯად აღიარებული აქვს 18000.0 ლარი.
ე.ი ბიუჯეტიდან ზედმეტად გადახდილია 1.81 ლარით მეტი ვიდრე დოკუმენტურად არის დადასტურებული.
„პირობითი აუდიტორული მოსაზრება ფინანსური ანგარიშგებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ სამინისტროს ფინანსური ანგარიშგება და ფინანსური საქმიანობა ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით გარდა, პირობითი აუდიტორული მოსაზრების საფუძვლებში აღწერილი საკითხებისა, რეალურად არის წარმოდგენილი და შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და სხვა მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნებს“ _ წერია დასკვნაში.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფინანსური ანგარიშგების და კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი, რომელიც მოიცავს ბალანსს 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.