იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გია (გიორგი) სოსანაშვილის ადვოკატი, სოსო ჯოგლიძე ამბობს, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი სოსანაშვილის მიერ ფირცხალავასთან განხორციელებული სატელეფონო ზარი გახდა:
_ 19 იანვარი, ნათლისღების დღესასწაულის მილოცვა იყო საფუძველი გამოძიების დაწყებისა, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა გადაურეკა მის ნაცნობს, ირაკლი ფირცხალავას, მაგრამ ფირცხალავას არ უპასუხია. 20-ში დილით განხორციელდა ზარი ირაკლი ფირცხალავასგან და მოიკითხა, თუ ვინ კითხულობდა მას. მისგანაც იყო მილოცვის ტექსტი. სხვა საუბარი არ იყო, _ განაცხადა ჯონგლიძემ ტელეიმედის ეთერში, გადაცემა "იმედის კვირაში" საუბრისას.
მისივე თქმით, ვაზაგაშვილის აფეთქვების დროს სოსანაშვილი პოლიციის თანამშრომელთან ერთად კასპში, ერთ-ერთ სასადილოში იმყოფებოდა.
_ როდესაც მოხდა დანაშაული, გიორგი სოსანაშვილი კასპში, მეგობართან ერთად, ერთ-ერთ სასადილოში იმყოფებოდა, სადაც სატელეფონო ზარით მისთვის გახდა ცნობილი, რომ იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე აუფეთქებიათ.
მომხდარში ჩემი დაცვის მყოფს არანაირი წვლილი არ მიუძღვის.
იგი სავსებით უდანაშაულოა.
ჩემი ალიბი არის ის, რომ აღნიშნულ ადგილზე სოფელში, სადაც დანაშაული მოხდა, ის ორი-სამი თვე ჩასული არ ყოფილა.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მისი ახლობლის დედის გასვენებაში ჩავიდა, მას თან პატრულის ორი თანამშრომელი ახლდა, აქედან გამომდინარე ის ორი პატრულიც დაიკითხება, რომლებიც დაადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მაშინ სახლში იმყოფებოდა, _ განაცხადა ჯოგლიძემ.
სოსანაშვილის და ფირცხალავას ახლო კავშირის სჯერათ ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს, რომლებსაც ამის დასტურად სოციალური ქსელი მოჰყავთ, სადაც ფირცხალავა სოსანაშვილს დაბადების დღეს ულოცავს და ძმობილს უწოდებს.