ინტერნეტსივრცეში ახალი საიტი გამოჩნდა, რომლის დევიზი ასე ჟღერს – "ქურდებს სიცოცხლე ბ…ს სიკვდილი".
საიტზე ქურდული სამყაროსთვის დამახასიათებელი მასალებია განთავსებული. მათ შორის ქურდული სიმბოლოები, ვიდეორგოლები „ცნობილი ქართველი ქურდების“ ფოტოები.
აქვეა რუბრიკა „რჩევები“ და „შეკითხვები“.
რუბრიკაში „ორი სიტყვა საიტის შესახებ“ ნათქვამია: "მოგეხსენებათ დღესდღეობით ქურდული სამყარო ცუდ დღეშია, მაგრამ ისევ მოვა ჩვენი დრო ძმებო, ჩვენ ვერ გაგვანადგურებენ, სწორედ ამისათვის შეიქმნა ეს საიტი, გავერთიანდეთ, ვიაქტიუროთ და განვავითაროთ ერთადერთი ქურდული საიტი, ნუ ვიქნებით ჩმორებივით და ჩუმად ნუ დაველოდებით ჩვენი დროის დაბრუნებას. მასალების დადება და კომენტარები სტუმრებისთვის დახურულია და მხოლოდ შემოწმებული წევრები მიიღებენ სტატუსებს. საიტს ვერ დახურავენ და ვერც შეგვამოწმებენ, უკოზის სისტემაში დაცულები ვართ.“
აღსანიშნავია, რომ სავარაუდოდ საიტი დამუშავების სტადიაშია, ვინაიდან, ბევრი რუბრიკა ცარიელია.
გვერდი ე.წ. uCoz-ის სისტემაშია შექმნილი.
ცნობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არსებობს 223-ე პრიმა მუხლი, რომელიც წინა ხელისუფლებამ 2006 წელს მიიღო და რომლის ფარგლებშიც ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი ქურდობა დასჯადია. უფრო კონკრეტულად კი, 223-ე პრიმა მუხლით ისჯება უკანონო ფორმირების შექმნა, ან ხელმძღვანელობა, ან მასში მონაწილეობა, ანდა მისი დაფინანსება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე. ასევე, ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.