"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ ენმ-სთან ერთად მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე იფიქროს. ამის შესახებ ალასანიამ გადაცემა "თეორემაში" ისაუბრა.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, იმაზე ფიქრი შეიძლება, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად, მისმა ფრაქციამ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად 18 დეპუტატის დარწმუნებაზე იმუშაოს.
"ჩვენ, რა თქმა უნდა გვიფიქრია, რა ფორმებით შეიძლება ეს პრაქტიკულად უუნარო და ნდობადაკარგული მთავრობა შეიცვალოს. პირველ რიგში, ბუნებრივია, როცა ეს კრიზისი მწვავდება და არ უჩანს არანაირი პირი იმისა, რომ ამათ აქვთ ანტიკრიზისული გეგმა, გამოსავალი, ამაზეც შეიძლება ფიქრი და შემდეგ ნაბიჯზეც, შემდეგ რა უნდა მოყვეს ამას.
ამიტომ, გამორიცხული არაფერი არ არის. მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ რაც გვაინტერესებს, ჩვენი ფრაქციაც და დარწმუნებული ვარ, ოპზოციის სხვა წარმომადგენლებიც ახლა უკვე სერიოზულად მოთხოვენ ეკონომიკურ გუნდს კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის დადებას და ეს უნდა მოხდეს უახლოეს პერიოდში, რადგან რამდენი დღეც გადის, უფრო და უფრო უარესდება თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრების პირობები", _ განაცხადა ალასანიამ.