ეს ამბავი ერთ ამერიკელ ქალს შეემთხვა, რომელმაც სახელმწიფო უწყებას მართვის მოწმობის ვადის გახანგრძლივებისთვის მიმართა. საჯარო მოხელემ პროფესიის შესახებ დაუსვა კითხვა. ემილი დაიბნა, არ იცოდა რა ეპასუხა.
"მუშაობთ სადმე?" – არ მოეშვა ჩინოვნიკი.
"რა თქმა უნდა, მე ხომ დედა ვარ, – უპასუხა ემილიმ – ბავშვებს ვუვლი და სახლს ვალაგებ, სადილებს ვამზადებ".
"ასეთი პროფესია არ არსებობს, დავწერ რომ დიასახლისი ხართ!" – უპასუხა მოხელემ.
ამ ინციდენტმა ემილის სულში უსიამოვნო ლაქა დატოვა, თუმცა მომხდარი მალე დაივიწყა. არც აღარასოდეს გაახსენედებოდა, გარკვეული დროის შემდეგ ისევ იმ უწყებაში რომ არ მოხვედრილიყო.
ოპერატორი, რომელიც მინის ბარიერის მიღმა იჯდა, სავარაუდოდ, კარიერისტი გახლდათ – ეფექტური და თავდაჯერებული. ეტყობოდა, რომ თანამდებობა მისთვის ბევრს ნიშნავდა.
"თქვენი პროფესია?" – ჰკითხა ემილის უსიამოვნო ტონით.
ამჯერად ემილი არ დაბნეულა და თავდაჯერებული ტონით გამოუცხადა:
"ბავშვის განვითარებისა და ზოგადსაკაცობრიო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარი ვარ".
ქალი შეცბა, დაფიქრდა, როგორ მოეთავსებინა ეს გრძელი დასახელება ბლანკის ციცქნა უჯრაში. შემდეგ ემილის ჰკითხა: "კონკრეტულად რა მოვალეობას ასრულებთ ამ ინსტიტუტში?"
"გრძელვადიან კვლევებს ვაწარმოებ როგორც ლაბორატორიაში, ასევე პრაქტიკულად. ამჟამად პროფესორის წოდებისთვის ვმუშაობ და უკვე
4 წარმატებული ნაშრომის ავტორიც ვარ (ოთხივე გოგოა). საკმაოდ რთული სამუშაოა, დღეში 14 საათს ვუთმობ (თუმცა 24 საათი მობილიზებული უნდა იყო), ყველა სხვა სამსახურისგან გამორჩეულია, თუმცა ანაზღაურებაც შესაბამისია. ხელფასს ფულით კი არა, გაცილებით მეტით მიხდიან".
მოხელეს სახეზე ღრმა მოწიწება გამოეხატა, ემილი კარამდეც კი მიაცილა. უცნაური ის იყო, რომ ემილის თავადაც მოემატა თავდაჯერება. თითქოს ახლა გააცნობიერა რა "პრესტიჟული" და სოლიდური სამსახური ჰქონია. რაც მთავარია, შინ 3 ასისტენტი – 13, 7 და 3 წლის გოგონები ელოდნენ. მათი კვლევის ობიექტი კი უნიკალური არსება, 6 თვის ბაია გახლდათ, რომელიც დედის დანახვაზე საოცარ ღუღუნს იწყებდა.
რომ იცოდეთ, რა ამაყი იყო ემილი. მან ხომ ბიუროკრატია "თავის ადგილზე მოსვა" და მისი სახელის გასწვრივაც უფრო სოლიდური მაჩვენებელი ჩაიწერა, ვიდრე უბრალოდ "დიასახლისი" იყო.
დედობა – საოცარი სამსახურია.
ბებიებს "ბავშვის განვითარებისა და ზოგადსაკაცობრიო ურთიერთობების ინსტიტუტის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის სტატუსი უნდა მიენიჭოთ, დეიდებსა და მამიდებს კი – მეცნიერასისტენტების.