აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ბაციკაძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილი 20 თებერვლის რიგგარეშე სესიაზე თანამდებობებიდან 11 ხმით გადააყენეს.
თუმცა ორივე დადგენილების პროექტის მიღებამდე რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები და სხდომის მსვლელობა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა.
სხდომის დასაწყისში, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე უძღვებოდა, საკონსტიტუციო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თემურ კახიძემ განცხადებით მიმართა კოლეგებს და აღნიშნა, რომ ის, როგორც პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდა.
დეპუტატმა თავისი სხდომათა დარბაზში ყოფნა თანამდებობრივი მდგომარეობით ახსნა, ვინაიდან პრცედურების მართვა სწორედ მისი კომისიის უშუალო ფუნქციაა.
სხდომას არ ესწრებოდა „თავისუფალი დემოკრატების“ კიდევ ერთი წარმომადგენელი უმაღლესი საბჭოში სულხან ღლონტი. ამდენად, სხდომას მხოლოდ 20 დეპუტატი ესწრებოდა.
საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრე ჩიტიშვილის გადაყენების თაობაზე მოხსენებით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ზამბახიძე წარსდგა.
აჭარის მთავრობის უნდობლობა, რეგიონში ინვესტიციებთან დაკავშირებული გარიგებები, უსაფუძვლო, არარგუმენტირებული ბრალდებები და შემდგომ რადიკალურად შეცვლილი პოზიციები, არაეფექტური საქმიანობა, მოსახლეობის ინტერესების გაუთვალისწინებლობა , – ეს მომხსენებლის მიერ დასახელებული მიზეზების მხოლოდ ნაწილია. მისი გამოსვლის შემდგომ საკუთარი, სრულიად განსხვავებული და საპირისპირო მოსაზრებებით წარსდგნენ როგორც კომისიების, ისე ფრაქციების თავმჯდომარეები, დეპუტატები.
თავისი ნეგატიური განწყობისა და მოსალოდნელი მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიზეზებზე ისაუბრა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ჯემალ ფუტკარაძემ, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ეს არ ნიშნავდა აპოკალიფსს.
თავად ალექსანდრე ჩიტიშვილმა მიმდინარე პროცესები ნაციონალური მოძრაობის მიერ დადგმულ პოლიტიკური შოუდ და რევანშად შეაფასა.
იგივე განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით ბაციკაძემ, მისი თანამდებობიდან გადაყენება სხდომის დღის წესრიგში მეორე საკითხად იყო გაწერილი და იგი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკატერინე თარგამაძემ წარმოადგინა.
–მეც და ალექსანდრე ჩიტიშვილიც ამაყები ვართ, რომ რევანშისტების მსხვერპლნი აღმოვჩნდით, – განაცხადა დავით ბაციკაძემ.
მომხსენებლის დასკვნითი სიტყვის შემდგომ სხდომაზე 5-წუთიანი შესვენება გამოცხადდა, ხოლო მისი განახლების შემდგომ დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ერთი წლის წინ უკრაინის დედაქალაქში, მაიდანზე განვითარებული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას.
დადგენილების პროექტის მიღებამდე კიდევ ერთი საკითხი დადგა კენჭისყრაზე, ე.წ. უმცირესობის წარმომადგენლებმა საკითხის ღია კენჭისყრით მიღება მოითხოვეს, რასაც მხარი 11-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა დადგენილების პროექტის კენჭისყრაზეც – მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ფრაქციების „ქართული ოცნების“ და „ქართული ოცნება – აჭარის“ წარმომადგენლებმა.
ე.წ. უმცირესობის 8 ხმას კოალიციის სამი დეპუტატის – მედეა ვასაძის, სვეტლანა კუდბას და ჯემალ ფუტკარაძის ხმებიც მიემატა.
ანალოგიური იყო შედეგები დავით ბაციკაძის გადაყენებასთან დაკავშირებულ ღია კენჭისყრაზეც. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მიმართ განსაკუთრებით კრიტიკული იყო დეპუტატი მედეა ვასაძე, რომელმაც თავისი პოზიცია რამდენიმე არგუმენტით ახსნა.
საკმაოდ დაძაბული გამოსვლების შემდგომ კოალიციის წევრებმა მომხდარი „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშად და გამარჯვებად შეაფასეს. სხდომის დასრულების შემდგომ კოალიციის წევრები დახურულ სხდომაზე შეიკრიბნენ.